თავდაცვამ თბილავიამშენი "ჩაყლაპა"?! - კვირის პალიტრა

თავდაცვამ თბილავიამშენი "ჩაყლაპა"?!

თბილავიამშენში აღარ მალავენ, რომ ყველაფერი 26 ივნისის საღამოს გადაწყდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილავიამშენის ხელმძღვანელს, პანტიკო თორდიას კაბინეტში დოკუმენტები დაუდო ხელმოსაწერად.

უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო, რადგან მანამდე ერთი კვირით ადრე თბილავიამშენში საფინანსო პოლიცია იყო შესული, ფინანსური დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე ამოტივტივდებოდა...

ასე რომ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ასე გახდა რამდენიმე წლის წინ პრივატიზებული საწარმო ისევ სახელმწიფოს, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილება.

რამდენი კანონი დაირღვა, ეს იურისტების გასარკვევია (თუ, რა თქმა უნდა, ვინმე მოინდომებს დღეს ამის გარკვევას), თავდაცვის სამინისტრო კი თბილავიამშენის ბაზაზე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას აპირებს, რომელშიც, სავარაუდოდ, თავად თბილავიამშენის გარდა, სატანკო-სარემონტო ქარხანა და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" გაერთიანდებიან.

თბილავიამშენში დარჩენილი მუშახელი შედარებით მშვიდად შეხვდა ამ უსწრაფეს გადაწყვეტილებას და ჩანს, დიდად არც თავიანთ აქციებზე უდარდია (რომლებიც თითქმის ფარანტინა ქაღალდადაა ქცეული), რადგან უმეტესობას 14 თვის ხელფასი არ აქვს მიღებული, არადა, 450-500-ლარიანი ხელფასი მაღალი დონის მუშებისთვის ერთადერთი შემოსავალია (თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ა.წ. იანვრიდან მაისამდე ხელფასი ყოველთვიურად ირიცხებოდა).

თბილავიამშენში ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა სააქციო საზოგადოება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, რომლის მაღალჩინოსნებს ძალზე მაღალი ხელფასები ჰქონდათ. თავდაცვის სამინისტროს მიერ საავიაციო ქარხნის "ჩაყლაპვის" შემდეგ შპს გაუქმდა.

მეორე წელია თბილავიამშენი ერთი სერიოზული სამხედრო შეკვეთის შესრულებას ცდილობს (სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მის დეტალებზე დუმილს ვამჯობინებთ). მისი ჩავარდნის შემთხვევაში, თბილავიამშენი სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე დადგება.

თბილავიამშენში დარჩენილ მუშა-მოსამსახურეთა უმეტესობას იმედი გაუჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ მათ გაყინულ 14 თვის ხელფასს დაურიგებენ და სახელმწიფოსგან ახალი შეკვეთებიც წამოვა... ვნახოთ.