ბრიტანეთი რუსული ქიმიური იარაღის სამიზნეში - კვირის პალიტრა

ბრიტანეთი რუსული ქიმიური იარაღის სამიზნეში

სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეების ხელახლა შესწავლა დაიწყეს

დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან ბოლო დღეებში უკიდურესად დაიძაბა, რაც 4 მარტს მისი მოქალაქის, სავარაუდოდ, რუსული საიდუმლო საბრძოლო ნივთიერებით მოწამვლამ გამოიწვია.

4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, პარკში, გამვლელებმა შენიშნეს 66 წლის მამაკაცი და 33 წლის ქალი შოკურ მდგომარეობაში. მალე დახმარება დასჭირდათ მაშველებსა და პოლიციელებსაც - ყველას მძიმე მოწამვლა დაუდგინდა.

მოწამლული ქალი და კაცი მამა-შვილი აღმოჩნდა. მამა რუსული სამხედრო დაზვერვის ექსპოლკოვნიკი და ბრიტანული დაზვერვის, Ми-6-ის საიდუმლო აგენტი სერგეი სკრიპალია, რომელიც საბჭოთა სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა, მაგრამ 1990-იან წლებში ესპანეთში ბრიტანული Ми-6-ის აგენტი გახდა. 2004 წელს რუსულმა კონტრდაზვერვამ იგი გამოააშკარავა და 13 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2010 წელს, სხვა აგენტებთან ერთად, აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ შპიონაჟისთვის დაპატიმრებულები რუს მზვერავებზე გაცვალეს.

მას შემდეგ სერგეი სკრიპალი ინგლისში ცხოვრობდა, მაგრამ ГРУ-ს ხელიდან მაინც ვერ დაუსხლტა.

ასეთი პრეცედენტი დიდ ბრიტანეთში 2006 წელსაც მოხდა - ლონდონში რადიაქტიური პოლონიუმის შემცველი ჩაით მოწამლეს ФСБ-ს ყოფილი პოლკოვნიკი ალექსანდრე Lლიტვინენკო, რომელიც ბორის ბერეზოვსკის უსაფრთხოებას იცავდა და რომელმაც პრეზიდენტ პუტინს ბრალი დასდო რუსეთის ქალაქებში სახლების აფეთქებებში, რათა კრემლს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების საბაბი ჰქონოდა.

ლიტვინენკოს რადიაქტიური ჩაით "გამასპინძლებაში" ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ბრიტანელი გამომძიებლები დღემდე მიიჩნევენ რუსეთის დუმის დეპუტატსა და სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელ ანდრეი ლუგავოის.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, 1966 წელს დაბადებული ანდრეი ლუგავოი რამდენიმე წელი თბილისში ცხოვრობდა და თემქის დასახლებაში, ყოფილ 33-ე რუსულ საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ლიტვინენკოს მოწამვლის ფონზე დამაჯერებელი ჩანს ვერსია, რომ სკრიპალიც ქალიშვილთან ერთად სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ოღონდ - "ნოვიჩოკით".

ამ ვერსიას ამყარებს რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ 2002 წელს ჩეჩნეთის ტყეში დამალული ცნობილი არაბი ტერორისტი ჰატაბი სწორედ მათ მოწამლეს.

მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგე 14 ცნობილი ადამიანის (მათ შორის - ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის) დიდ ბრიტანეთში გარდაცვალების საქმეების ხელახლა შესწავლა დაიწყეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ისინიც მოწამლეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი წევრისა და ამასთანავე, სტრატეგიული ბირთვული იარაღის მფლობელი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის ორი კომპონენტის - რადიაქტიური და ქიმიური საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება, რომელთა კვალს რუსეთის ხელისუფლებამდე მივყავართ, გაამძაფრებს ახალ "ცივ ომს", რომლის გამოძახილი მთელ მსოფლიოს, მათ შორის - საქართველოსაც მოსწვდება.

"ნოვიჩოკი" - საიდუმლო საბრძოლო ნივთიერება

რუსული საიდუმლო საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" რამდენიმე ვარიანტი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ფოსფორორგანული მომწამვლელი ბინარული ნივთიერებაა, ანუ ორი სხვადასხვა, შედარებით ნაკლებსაშიში ნივთიერების უშუალოდ გამოყენების წინ შერევით მიიღება.

1987 წელს მასზე ექსპერიმენტების ჩატარების დროს ლაბორატორიაში გამწოვი ვენტილატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო მოიწამლა ქიმიკოსი ალექსეი ჟელეზნიაკოვი და მიუხედავად იმისა, რომ დახმარება მაშინვე აღმოუჩინეს, ამის შემდეგ მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა.

1995 წელს ცნობილ რუს ბანკირ ივან კიველიდის კაბინეტში ტელეფონის ყურმილში გააფრქვიეს "ნოვიჩოკის" შხამი, რასაც მოჰყვა ბიზნესმენისა და მისი მდივნის სიკვდილი, რომელმაც უფროსის გადასარჩენად ამ ტელეფონიდან "სასწრაფოში" დარეკა. მოგვიანებით გარდაიცვალა ის პათოლოგანატომიც, ვინც კიველიდის გვამი გაკვეთა. გამოძიებამ მოწამვლაში ბრალი ბანკირის ბიზნესპარტნიორ ვლადიმირ ხუციშვილს დასდო - თითქოს მან იყიდა რამდენიმე მილიგრამი "ნოვიჩოკი" გასაიდუმლოებული ლაბორატორიის თანამშრომლისგან და ბანკირის ტელეფონის მემბრანას შეაფრქვია. ხუციშვილს ცხრა წელი მიუსაჯეს, თუმცა მას ბრალი არ უღიარებია.