ავტომატით არა? მაშინ ბრანდსპოიტით!
26-03-2018
ავტომატით არა? მაშინ ბრანდსპოიტით!
ვისაც იარაღით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ სურს, მას ალტერნატიულს - მეხანძრე-მაშველობას შესთავაზებენ...

ახლად შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობამ ერთი საინტერესო ინიციატივა გაახმაურა, რომელიც მალე შეიძლება ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქეების ნაწილს შეეხოს.

"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლში ჩაწერილია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ მღვდელმსახურებს.
სწორედ კანონის ამ მუხლს იყენებს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მღვდელმსახურის ფიქციურ საბუთს აძლევს წვევამდელი ასაკის (18-დან 27 წლამდე) მამაკაცებს ისე, რომ
ისინი არც სავალდებულო თუ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გადიან სადმე და არც მღვდელმსახურები არიან.

ასეთი "მღვდელმსახურების" რიცხვმა 700-ს გადააჭარბა და ალბათ, მათი რიცხვი კვლავ გაიზრდება, რადგან მოქმედი კანონის ხარვეზი ამ ოპოზიციურ პარტიას, საქართველოს უსაფრთხოების შესუსტების ხარჯზე, ფიქციური მღვდელმსახურების "გამოჩეკის" პროცესის გახანგრძლივების საშუალებას აძლევს.
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური კი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალი მოდელის ამუშავებას სთავაზობს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც რელიგიური, პაციფისტური თუ სხვა მიზეზების გამო იარაღის ხელში აღება და ჯარში სამსახური არ სურთ.

არ გინდა ავტომატი? კი ბატონო, აიღე ხელში ბრანდსპოიტი და გახდი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მეხანძრე-მაშველი!

ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას ეს ახალგაზრდები სპეციალურ საწყის მომზადებას გაივლიან და თავიანთი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოქმედ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ჩაირიცხებიან, თუმცა ცეცხლის ჩასაქრობად ხანძრის კერის შუაგულში შესვლას მათ არავინ აიძულებს, ისინი უფრო დამხმარე ამოცანებს შეასრულებენ. ვისაც მოეწონება მეხანძრე-მაშველის პროფესია, ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სისტემაში დარჩენისა და მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემა.

და რაც მთავარია, მეხანძრე-მაშველის რანგით ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ჩაირიცხება რეზერვში, როგორც ამ საქმეში მეტ-ნაკლებად მომზადებული სპეციალისტი.

იდეა ძალზე საინტერესოა და ამასთან - მომგებიანი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, ისე ალტერნატიულ სამხედრო სამსახურგამოვლილთათვისაც - სხვა თუ არაფერი, მათ ხანძრის ჩაქრობა და სხვადასხვა საგანგებო სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა მაინც შეეძლებათ, რაც მომავალში შეიძლება არაერთხელ გამოადგეთ.
546
04 აპრილი 2018 17:41
მასეთი ’’ მღვდელმსახურების’’ მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისთვის.უნდა აეკრძალოთ ყველანაირი საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება.ასეთი ადამიანები ყველანაირ უსინდისობაზე არიან წამსვლელები.რომლებსაც არ აქვთ თავმოყვარება,რომლებიც ყველაფერს იყენებენ და ყველა ხვრელში ძვრებიან.მაგიტომ გვაქვს ცუდად საქმე, რომ დღესაც მორალურად გათახსირებულები და ‘’ცხოვრებაზე მორგებულები’’ არიან მთავრობაში.

რედაქტორის რჩევით