ისრაელმა მეორე ატომური რეაქტორის დაბომბვაც აღიარა - კვირის პალიტრა

ისრაელმა მეორე ატომური რეაქტორის დაბომბვაც აღიარა

1981 წელს ისრაელმა ერაყს გაუნადგურა ატომური რეაქტორი, 2007 წელს სირიას დაუბომბა ანალოგიური სტრატეგიული ობიექტი... როდის დაგეგმავს თელ-ავივი ირანის ატომურ ობიექტებზე თავდასხმას?

ათი წელი და ექვსი თვე დასჭირდა ისრაელის ხელისუფლებას, რომ ეღიარებინა ის, რაც ისედაც ცხადი იყო, კერძოდ, 2007 წლის 6 სექტემბრის ღამეს მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მშენებარე ატომური რეაქტორის განადგურება.

ამ საჰაერო დარტყმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება დუმილს ამჯობინებდა, მაგრამ საოცარი იყო, რომ პროტესტი არც სირიის ხელისუფალთ გამოუხატავთ.

მიუხედავად ამისა, თითქმის უეჭველი იყო, რომ თელ-ავივმა "დუბლი შეასრულა" და სადამ ჰუსეინის ატომური ამბიციის დამანგრეველი "ოინი" ბაშარ ასადსაც გაუმეორა.

მსოფლიო სამხედრო ოპერაციების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1981 წლის 7 ივნისს ჩატარებულ საჰაერო ოპერაციას სახელწოდებით "ბაბილონი" (ზოგჯერ მას მოიხსენიებენ მეორე სახელითაც - "ოპერა"), რომლის დროს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყში, ბაღდადის სიახლოვეს მშენებარე ატომურ რეაქტორ "ოსირაკზე" წარმატებული საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

40 მეგავატი სიმძლავრის "ოსირაკის" ატომურ რეაქტორს სადამ ჰუსეინისთვის ფრანგი ინჟინრები აშენებდნენ და ზოგი საერთაშორისო ექსპერტის განცხადებით, მისი ამოქმედების მეოთხე წელს ერაყს ხუთი ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭირო საიარაღო პლუტონი დაუგროვდებოდა.

თელ-ავივი ვერ დაუშვებდა, რომ სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღი გასჩენოდა, ამიტომაც ატომური რეაქტორის განადგურება მის ამუშავებამდე გადაწყვიტა, რათა დაბომბვას რადიაქტიური დაბინძურება არ გამოეწვია.

ისრაელის აეროდრომიდან ექვსი გამანადგურებელი F-15 და რვა გამანადგურებელ-ბომბდამშენი FF-16 აფრინდა, რომლებმაც იორდანიისა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეები დაბალ სიმაღლეზე გადაკვეთეს და 1 600 კმ-ის გავლის შემდეგ ერაყულ ატომურ რეაქტორს 16 ცალი 900 კგ-იანი ბომბით ზუსტი საჰაერო დარტყმა მიაყენეს.

2007 წლის 6 სექტემბრის ღამეს სირიის ცაშიც ყველაფერი თითქმის ანალოგიურად მოხდა. დამასკოს ჩრდილოეთით, 450 კმ-ის მოშორებით, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, ალ-ქიბარში მშენებარე გასაიდუმლოებულ ატომურ რეაქტორზე ებრაელმა პილოტებმა საჰაერო იერიში საავიაციო ბომბების გარდა, "მევრიკის" ტიპის "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი 300 კგ-იანი რაკეტებითაც მიიტანეს და ატომური რეაქტორის შენობა გაანადგურეს, რაც კარგად გამოჩნდა ისრაელის მიერ ათი წლის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოკადრებში.

საჰაერო ოპერაციაში, სახელწოდებით "ხილის ბაღი", უკვე მოდერნიზებული F-15-ები და FF-16-ები, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. სავარაუდოდ, დამრტყმელი თვითმფრინავების გაშვებული მართვადი "მევრიკები" ლაზერული მიზანმომნიშვნელებით მიზანში იმ ებრაელმა სპეცრაზმელებმა მოახვედრეს, რომლებიც წინადღეს სირიის მშენებარე ატომური რეაქტორის სიახლოვეს მალულად გადასხდნენ.

სირიის ხელისუფლებამ თავი შეიკავა, რათა ისრაელის ავიაციის მიერ მისი სტრატეგიული ობიექტის განადგურების ფაქტს დიდი საერთაშორისო რეზონანსი არ მოჰყოლოდა, რამაც გააჩინა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ამ გასაიდუმლოებული ატომური რეაქტორის მალულად მშენებლობაში სირიელებს ირანელი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩრდილოკორეელი ფიზიკოსები ეხმარებოდნენ (ზოგი ინფორმაციის თანახმად, ატომური რეაქტორის შენობის დაბომბვისას იქ მყოფი ათამდე ჩრდილოკორეელი სპეციალისტი დაიღუპა), ჩრდილოკორეული "ბირთვული კვალის" გახმაურება კი ოფიციალურ დამასკოს ხელს არ აძლევდა, რადგან შეიძლებოდა, ამას სირიისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება გამოეწვია.

ისრაელის ხელისუფლება ათწლიანი დუმილის დარღვევას იმითაც ხსნის, რომ შეიძლება ამ საჰაერო ოპერაციით მათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი და მთელი მსოფლიოც კი დაიცვეს ბირთვული საფრთხისგან, რადგან 2012 წლისთვის ეს პროვინცია საერთაშორისო ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" დაიპყრო და მათ ხელში მოქმედი ატომური რეაქტორი რომ აღმოჩენილიყო, ყველანი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდებოდით.

ერაყისა და სირიის ატომური რეაქტორების წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით განადგურების აღიარებით თელ-ავივი აფრთხილებს თეირანს, რომ მისი საჰაერო ძალები ირანული ატომური ობიექტების გასანადგურებლადაც ეცდებიან "ჰეთ-თრიკის" შესრულებას. წინა ორმა საჰაერო ოპერაციამ ებრაელი პილოტებისთვის უდანაკარგოდ ჩაიარა, მაგრამ ირანის საჰაერო თავდაცვა ახალი რუსული რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის შემდეგ კერკეტი კაკალი იქნება, რომელზეც ისრაელის საბრძოლო ავიაციამ შეიძლება "კბილი მოიტეხოს"...

ირაკლი ალადაშვილი