ზღვაში გაჭირვებულს სამაშველო რგოლს დრონი ჩაუგდებს
02-04-2018
ზღვაში გაჭირვებულს სამაშველო რგოლს დრონი ჩაუგდებს
"კვირის პალიტრა" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და "დელტას" ზღვაში საფრთხის წინაშე მყოფთა გადარჩენისთვის იდეასა და ძალების გაერთიანებას სთავაზობს...

2017 წელს საქართველოში 97 კაცი დაიხრჩო, 2018 წლის დასაწყისიდან 27 მარტამდე კი, სამწუხაროდ, უკვე - 13... ამ სტატისტიკას, ალბათ, ვერც მომავალში ავცდებით, მაგრამ შესაძლოა, მეტი ადამიანის გადარჩენა მოვახერხოთ.

საქართველოში ტურიზმი თანდათან ვითარდება, მაგრამ თუნდაც გუდაურის საბაგირო გზაზე მომხდარი ინციდენტი მიუთითებს, რომ ტურისტები და დამსვენებლები თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უკეთ უნდა იყვნენ დაცულნი.

"კვირის პალიტრა" ერთი მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის ახალშექმნილ სამსახურს, რომლის შემადგენლობაში შედიან მაშველები და მეორე მხრივ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმო "დელტას" (რომელიც ცნობილია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებით) სთავაზობს იდეას, გაერთიანებული ძალებით შექმნან ახალი სისტემა - დისტანციურად მართვადი კვადროკოპტერი სამაშველო რგოლის ზუსტად ჩამოგდების ტექნიკური მოწყობილობით წყალში
ადამიანების გადასარჩენად!
შარშან მაშველებმა ზღვაზე და მდინარეებში დახრჩობას 402 ადამიანი გადაარჩინეს, წელს კი - უკვე 22, რაც ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ შეიძლებოდა ტრაგიკულ შემთხვევებს გადავრჩენოდით, გაჭირვებულთათვის კვადროკოპტერს სამაშველო რგოლი ჰაერიდან დროულად რომ ჩაეგდო...

ეს იდეა "კვირის პალიტრამ" პირველად 2015 წლის 31 აგვისტოს გაახმაურა, როდესაც "დელტამ" ამ მიმართულებით მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ "დელტა" სახელმწიფო ორგანიზაციაა და მას კონკრეტული პროექტის დასაფინანსებლად დაკვეთა სჭირდება. მეორე მხრივ, ახალშექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციების მონიტორინგისთვის დრონების გამოყენებას გეგმავს. მაშ, რატომ არ შეიძლება, დრონმა არა მარტო პლაჟის საჰაერო მონიტორინგი განახორციელოს, არამედ მაშველი რგოლითაც იყოს აღჭურვილი, რომელსაც ოპერატორის ბრძანებით დაუყოვნებლივ ჩაუგდებს გაჭირვებულ მცურავს?!
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლის 55 კმ სიგრძის პლაჟზე მაშველებისთვის 150-მდე სათვალთვალო კოშკურის ამოქმედებას აპირებს. კოშკურების ნაწილი სტაციონარული იქნება, ნაწილი - გადასაადგილებელი. გამოდის, რომ პლაჟის ყოველ 350-400 მეტრში ერთი სათვალთვალო კოშკურა მაინც იქნება.
დღეს მაშველი ზღვაში მოცურავეებს ბინოკლით აკვირდება და თუ დაინახა, რომ ვინმეს უჭირს, მის გადასარჩენად პლაჟზე ჩარბენა, ჰიდროციკლის დაქოქვა და ზღვაში შეცურვა სჭირდება, თანაც ფრთხილად, რომ სხვა მოცურავეები არ დააზიანოს. ეს სამაშველო ოპერაცია შეიძლება ათ წუთამდეც კი გაჭიანურდეს. თუ კონკრეტულ სამაშველო პუნქტთან ჰიდროციკლი არ არის, მაშინ მოცურავესთან მაშველის მიცურვას მეტი დრო დასჭირდება, არადა ამ სიტუაციაში თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი იდეაა, თითოეულ სათვალთვალო კოშკურაზე მორიგე ორკაციან სამაშველო ჯგუფს ჰქონდეს ერთი დისტანციურად მართვადი საშუალო ზომის კვადროკოპტერი, რომელზეც დამაგრებული იქნება სამაშველო რგოლი. საჭიროებისას ოპერატორ-მაშველი მოცურავის მიმართულებით გაუშვებს დრონს, რომელიც მის ზემოთ ორ-სამ მეტრზე დაეკიდება (უფრო დაბლა არ ღირს, რადგან შეიძლება შეშინებულმა ადამიანმა ხელი ჩასჭიდოს და მისი გადამრჩენი უპილოტოც წყალში ჩაძიროს) და ოპერატორის ბრძანებით სამაშველო რგოლს ზუსტად ჩაუგდებს დახრჩობის პირას მყოფს...

დრონი-მაშველების სისტემის ასამოქმედებლად არ არის საჭირო მაინცდამაინც ახალი ქართული კვადროკოპტერის შექმნა - ჩინური წარმოების შედარებით იაფი დეტალებით "დელტას" მათი პარტიის აწყობა შეუძლია, ოღონდ კვადროკოპტერს ერთი სამაშველო რგოლის წაღება მაინც უნდა შეეძლოს და მისი ჩამომგდები მექანიზმით იყოს აღჭურვილი.

დრონი-მაშველების სისტემის ამუშავება შავი ზღვის გარდა, თბილისის ზღვაზე (სადაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია ტრაგიკული შემთხვევები) და იმ ტბებზეც შეიძლება, სადაც პლაჟებია მოწყობილი.

ტვირთის გადამტანი და მისი ჩამოგდების მექანიზმით აღჭურვილი დრონების გამოყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მთებშიც შეეძლება გასაჭირში ჩავარდნილი მთამსვლელებისთვის მედიკამენტების ჩასაყრელად.

დრონი-მაშველების სისტემის დანერგვა შავიზღვისპირა ქართულ პლაჟებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სანაპიროდ აქცევს, რაც მეტ ტურისტსაც მოიზიდავს და "დელტასაც" დრონი-მაშველების წარმატებული ექსპორტის შანსი გაუჩნდება.

ირაკლი ალადაშვილი
ვახტანგი
19 აპრილი 2018 15:29
ნამდვილად კარგი იდეაა!!!
ნანა
12 აპრილი 2018 12:06
ვერის ხეობების და სხვა ხეობების ადიდებისას კარგი იქნება სამაშველოდ!
კანონმორჩილი მოქალაქე
07 აპრილი 2018 15:43
კარგი იდეაა სამაშველო დრონი https://youtu.be/lr2pvAMZWb0
ისე სადაც მე ვსწავლობ გერმანიაში ამ უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერის სტუდენტები პროფესორის ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა მოწყობილობების დაპროექტებაზე. მაგ ერთმა გუნდმა ააწყო 3D რადარი ნაღმების აღმოსაჩენად. ჩემი აზრით საქართველოს უნივერსიტეტბშიც რომ იყოს მსგავსი პრინციპი ბევრი მზა პროტოტიპის მიიღებდა დელტა საწარმოებლად.

რედაქტორის რჩევით