რას გაექცნენ კლინტონი და სააკაშვილი... - კვირის პალიტრა

რას გაექცნენ კლინტონი და სააკაშვილი...

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემის თემა კვლავ ტაბუდადებული რჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ ყველამ - პოლიტოლოგებმა, კონფლიქტოლოგებმა თუ ეკონომისტებმა თავ-თავიანთი კომენტარები გააკეთეს.

მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, გარდა სიტყვებისა - აშშ კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბოლოს და ბოლოს, აპირებს თუ არა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დაგვეხმაროს, ქართული არმიის არსენალი შევავსოთ იმ კლასისა და ტიპის შეიარაღებით, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ ჰაერივით გვჭირდება... ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა ამ თემაზე კითხვა - არსებობს თუ არა ამერიკული იარაღის საქართველოსთვის მიწოდებაზე რაიმე შეზღუდვა, ორივე მხარეს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა.

პასუხის გაცემა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ითავა და თითქმის 10 წუთი ისაუბრა ქართველი სამხედროების ავღანეთში გაგზავნასა და იქ ქართულ-ამერიკული კონტინგენტის საუკეთესო თანამშრომლობაზე, მაგრამ პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას - უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ ამერიკული იარაღი სწორედ საქართველოს ცისა და მიწის დასაცავად და არა მაგალითად, ავღანეთში გაგზავნილი ქართველების აღსაჭურვად.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი გრძელი სიტყვით გადაარჩინა ქ-ნი კლინტონი კონკრეტულ პასუხს და ჩვენთვის ასე საჭირბოროტო კითხვა ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვა.

ამ ვიზიტის დროს, სხვათა შორის, თავად ქ-ნმა კლინტონმა აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შემოჭრა აშშ-ის ხელისუფლებისთვის შოკისმომგვრელი იყო. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ თეთრ სახლში პროფესიონალიზმის დონეს უნდა უჩიოდნენ, თუკი მათ ხელთ არსებული გრანდიოზული შესაძლებლობების - აგენტურული რადიოელექტრონული და კოსმოსური დაზვერვის საშუალებების მიუხედავად, ეს წინასწარ ვერ განსაზღვრეს.

სამხრეთ კავკასიასა და მის მოსაზღვრე რეგიონებში სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. არ არის გამორიცხული, რომ თუ წელს არა, გაისად ყარაბაღის გამო აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდეს.

დენთის კასრივითაა არცთუ შორეული მეზობელი ირანი, რომლის სწრაფად მიმდინარე ატომური პროგრამა მოსვენებას არ აძლევს ისრაელსა და აშშ-ს.

თუკი ახალმა ომმა იფეთქა და იმავე თეთრი  სახლის ყურადღება ყარაბაღზე ან ირანზე გადაირთო, კრემლმა შეიძლება ამით ისარგებლოს და განაახლოს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების ოკუპაცია.

თეთრ სახლში თუ სახელმწიფო დეპარტამენტში ეს ალბათ მორიგ შოკს გამოიწვევს, მაგრამ სანამ ამერიკელი ჩინოსნები ამ შოკიდან გამოვლენ და რამდენიმე დღის დაგვიანებით აღშფოთებასა და შეშფოთებას გამოხატავენ, რუსეთი მთლიანად ჩაყლაპავს პატარა საქართველოს.

სწორედ ამიტომ სჭირდება დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ის კონკრეტული შეიარაღება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ბრძოლებით ორი-სამი კვირა მაინც გაგვეძლო და აგვისტოს ომივით ორ-სამ დღეში უკან არ დაგვეხია.

ამ შეიარაღებაში პირველ რიგში ვგულისხმობთ საჰაერო თავდაცვასა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. აგვისტოს ომის დროს ქართული არმიის პირადი შემადგენლობის არც ისე მცირე ნაწილის საბრძოლო სულისკვეთება მნიშვნელოვნად დასცა მოწინააღმდეგის ავიაციის დაბომბვებმა. სიმართლე რომ გითხრათ, იმ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, რომლებიც ომის წინ გვქონდა, თუკი მათ ყველას და ბოლომდე გამოვიყენებდით (და არა ისე, რომ ცხინვალში შესულმა ზოგიერთმა დანაყოფმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - "სტრელები" და "გრომები" თან არ წაიღეს), ბევრად ეფექტიანად მოვიგერიებდით მტრის ავიაციას.

მოწინააღმდეგემ გორისა და სენაკის დროებითი ოკუპაციისას საზენიტო-სარაკეტო სისტემების - "ოსასა" და "ბუკის" რამდენიმე დანადგარი წაიღო, რაც მნიშვნელოვანი დარტყმაა ქართული საჰაერო თავდაცვისთვის. ამას დაამატეთ ომის დროს გახარჯული საზენიტო რაკეტებიც და აღმოჩნდება, რომ მდგომარეობა მეტად დრამატულია, რაც 2008 წლის ომის ორ წლისთავზეც ვერ გამოვასწორეთ.

საჰაერო თავდაცვის საშუალებები არ განეკუთნებიან შემტევ იარაღს და თვით რუსეთის პრეზიდენტის ყბადაღებულ ბრძანებაში, რომელშიც სანქციებით ემუქრებიან საქართველოსთვის შეიარაღების მიმწოდებელ ყველა რუსულ და უცხოურ ფირმას, აქცენტი მხოლოდ შეტევითი დანიშნულების (ტანკები, საარტილერიო დანადგარები, ჯავშანმანქანები) იარაღზე აქვს გაკეთებული. წესით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრძანება ნაკლებად უნდა აღელვებდეთ საზღვარგარეთ ცნობილ საიარაღო ფირმებს, რადგან, რაც მთავარია, გაეროს უშიშროების საბჭოს არც ერთი რეზოლუცია არ არსებობს, რომელიც საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას რაიმე სახით აკრძალავდა.

აშშ-ს სრული იურიდიული და მორალური უფლება აქვს, გადაამზადოს ქართველი მეზენიტეები ამერიკული წარმოების რომელიმე საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და შემდგომ ეს შეიარაღება მიჰყიდოს (ისე, აჯობებდა, ეჩუქებინა) საქართველოს.

მაგრამ აგვისტოს ომის შემდგომ ორი წელი გადის და ამ მხრივ რაიმე პოზიტიური ცვლილება არ იგრძნობა და ალბათ უახლოეს პერიოდში არც იქნება, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქცევაც მეტყველებს, რომელიც თანამემამულე ჟურნალისტის კონკრეტულ კითხვას ოსტატურად გაექცა...

მიუხედავად რუსი ჯაშუშების სკანდალისა, აშშ-ის და რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტების ურთიერთობა დაახლოებისკენ მიდის და თეთრი სახლი არ დაუშვებს, "გადატვირთვის" პროგრამა ორ ზესახელმწიფოს შორის რომელიმე ქართველმა კაპრალმა-მეზენიტემ ჩააფლავოს წითელ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, რომელსაც ქართულ ცაში ამერიკული საზენიტო "პეტრიოტის" სტარტი და რუსული საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდება მოჰყვება...