ავღანური აჯაფსანდალი - ამერიკული ფული, რუსული შვეულმფრენები და ქართველი პილოტები - კვირის პალიტრა

ავღანური აჯაფსანდალი - ამერიკული ფული, რუსული შვეულმფრენები და ქართველი პილოტები

დღე-დღეზე ალბათ ხელი მოეწერება უპრეცედენტო დოკუმენტს, რომლის ძალითაც NATO რუსეთისგან შეიძენს შვეულმფრენებს და ავღანეთში გაგზავნის.

ეს იქნება პირველი პირდაპირი ხელშეკრულება ისტორიულად დაპირისპირებულ ორ სამხედრო ბლოკს შორის, როდესაც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ შექმნილი შეიარაღების სახეობებს ურთიერთშორის ყიდიან.

განსაზღვრულია, რომ რუსეთი ავღანეთში გაგზავნის 21 ცალ Ми-17 ტიპის მრავალდანიშნულების მქონე შვეულმფრენს, რომელთა ღირებულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გადაიხდის, შვეულმფრენთა მცირე ნაწილს მოსკოვი საჩუქრად გაიღებს.

კატალოგის მიხედვით, ერთი ახალი Ми-17-ის ღირებულება 12-15 მლნ დოლარია და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შვეულმფრენების ნაწილს ჩუქნის, NATO-ს მაინც მოუწევს 200-250 მლნ დოლარის გადახდა. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი NATO-ს წევრი "ბებერი ევროპის" ქვეყნებზე მეტი თანხის გაღება, ბუნებრივია, აშშ-ს მოუწევს. თუმცა ცოტა ხნის წინ ამერიკელმა კონგრესმენებმა არაერთგზის გააკრიტიკეს პენტაგონის გადაწყვეტილება - ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ათი რუსული Ми-17 ეყიდათ.

ამერიკული იარაღის ლობისტები, ცხადია, მხარს უჭერენ ამერიკული შვეულმფრენების შესყიდვას და არა მილიონების გადარიცხვას იმ ქვეყნისთვის, რომელიც, მიუხედავად დამთბარი ურთიერთობებისა, მაინც რჩება აშშ-ის ყველაზე რეალურ სავარაუდო მოწინააღმდეგედ.

დღემდე პენტაგონმა 648 მლნ დოლარი დახარჯა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 31 ცალი ნახმარი Ми-17-ის ყიდვა-მოდერნიზაციისთვის, რის შემდეგ ისინი ავღანეთის ავიაციას გადასცეს.

ასეთი მოთხოვნა რუსულ Ми-17-ებზე შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან ისინი საბჭოთა Ми-8МТБ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენების გაუმჯობესებული ვარიანტია, რომლებსაც მოსკოვი გასული საუკუნის 80-იან წლებში ავღანეთში ეფექტიანად იყენებდა.

მოდერნიზებული Ми-8 მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შვეულმფრენადაა აღიარებული, რომელიც მთაგორიან რელიეფზე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის პირობებში დაფრინავს. სწორედ ასეთი მდგომარეობაა ავღანეთში, სადაც ტემპერატურა 50-600С-ია და უსაფრთხოების მიზნით შვეულმფრენის ეკიპაჟები ფრენისთვის მაღალ ეშელონს ირჩევენ.

სანამ დასავლეთი საბოლოოდ გადაწყვეტს ავღანეთისთვის რუსული შვეულმფრენების შესყიდვას, ავღანეთის ცაში მესამე წელია ქართველები დაფრინავენ. საავიაციო კომპანია "თუშეთის" ორი Ми-8МТБ ტიპის შვეულმფრენი თითქმის ყოველდღიურად ასრულებს რეისებს ავღანეთის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს შორის და ძირითადად დამკვირვებლები გადაჰყავს. მანამდე "თუშეთის" შვეულმფრენები ერაყშიც დაფრინავდნენ.

გულსატკენი ის არის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სხვადასხვა დროს ძირითადად დაუმსახურებლად გაშვებული პილოტები დღეს იძულებული არიან, ავღანეთის ცაში იფრინონ, რადგან მათ მშობლიური ცა სხვადასხვა ჯურის ჩინოსნებმა გადაუკეტეს. თუმცა კარგი პილოტები უკვალოდ არ იკარგებიან...