ვინ უფრო ძლიერია - აშშ თუ რუსეთი?!.
19-04-2018
ვინ უფრო ძლიერია - აშშ თუ რუსეთი?!.
ახალი ცივი ომი საოცარი სისწრაფით იკრებს ძალას, პოლიტიკური დაპირისპირებები უკვე იარაღის ჟღარუნში გადადის. ბევრს აინტერესებს, მსოფლიოში ვის უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს - აშშ-ს თუ რუსეთს? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებით, ჩვენს მკითხველს ახალ ცივ ომში დაპირისპირებული ორი მთავარი ძალის სამხედრო პოტენციალის რეალობასთან მიახლოებული სურათი შევთავაზოთ.

სამხედრო სტრუქტურა

აშშ-ის შეიარაღებული ძალები შედგება ჯარების შემდეგი სახეობებისგან: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო
-საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სანაპირო დაცვა, ასევე - ეროვნული გვარდია. შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 1 მლნ 382 ათასი კაცი, რეზერვში - 840 ათასი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი 14 მლნ ადამიანამდეა. 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტმა 700 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტია.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებულია ჯარების სამი სახეობა -
სახმელეთო ჯარები, საჰაერო-კოსმოსური ძალები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი და ჯარების ორი გვარეობა - სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები და საჰაერო-სადესანტო ჯარები. სულ მსახურობს 1 მლნ 903 ათასი ადამიანი, აქედან 1 მლნ სამხედრო მოსამსახურეა. რეზერვი 2,5 მლნ ადამიანს აღწევს. 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტმა 46 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,85%-ს შეადგენს.

ხმელეთზე

აშშ-ის არმია (იგივე სახმელეთო ჯარები) 990 ათას კაცს ითვლის, რომელთაგან 460 ათასი რეგულარულ დანაყოფებში მსახურობს, 335 ათასი - ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 195 ათასი - შეიარაღებული ძალების რეზერვში ირიცხება.

შეიარაღებაშია 2 384 ტანკი "აბრამსი", 4 559 ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", 2 852 ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი", 17 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 1 242 ბუქსირებადი და 969 თვითმავალი ჰაუბიცა, 1 205 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 2 507 ნაღმსატყორცნი, 27 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი, 1 207 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 2 700 დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი.

რუსეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რაოდენობა 270 ათას კაცს უტოლდება, რომლებიც გაერთიანებული არიან რვა დივიზიაში, 147 ბრიგადაში, ოთხ სამხედრო ბაზასა და ორ სასწავლო ცენტრში.

შეიარაღებაშია 3 000-ზე მეტი თ-72, თ-80 და თ-90 ტიპის ტანკი, 4 ათასი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 9 ათასამდე ჯავშანტრანსპორტიორი და ჯავშანმანქანა, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების 160-მდე სარაკეტო დანადგარი (მათ შორის - 108 ცალი "ისკანდერი"), 900-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეა­ქტიული სისტემა, 2500-მდე ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 2 ათასზე მეტი ნაღმსატყორცნი, 21 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი, 1 400-ზე მეტი თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი.

ზღვაზე

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ექვსი ფლოტი შედის. მასში 320 ათას კაცამდე მსახურობს, 100 ათასამდე კი რეზერვში ირიცხება.
შეიარაღებაშია 11 ატომური ავიამზიდი, 11 სადესანტო ხომალდი, 22 სადესანტო დოკი, 22 სარაკეტო კრეისერი, 66 საესკადრო ნაღმოსანი, სანაპირო ზონის 12 საბრძოლო ხომალდი, 69 ატომური წყალქვეშა ნავი, 500-მდე შვეულმფრენი, 2 ათასზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის 929 საგემბანო. სულ 229 საბრძოლო მცურავი საშუალება.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში გაერთიანებულია ოთხი ფლოტი და ერთი ფლოტილია. სულ ფლოტში მსახურობს 150 ათასამდე მეზღვაური.
შეიარაღებაშია ერთი ავიამზიდი, ოთხი სარაკეტო კრეისერი, ცხრა საესკადრო ნაღმოსანი, ათი ფრეგატი, ათი კორვეტი, 17 სადესანტო ხომალდი, 33 სარაკეტო კატარღა, 24 ატომური და 17 დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი. სულ 205 საბრძოლო მცურავი საშუალება.

ცაში

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში გაერთიანებულია სტრატეგიული სარაკეტო, სამხედრო-კოსმოსური, ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ძალები. Pპირადი შემადგენლობის რაოდენობა 318 ათას კაცს აღემატება, თითქმის 200 ათასი კი რეზერვში ირიცხება.
შეიარაღებაშია 450 სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, 32 კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრი, 5 ათასზე მეტი საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი, შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში შედის სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები. მასში 430 ათასამდე ადამიანი მსახურობს.
შეიარაღებაშია 3 600-მდე საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი და შვეულმფრენი (მათ შორის - 364 გამანადგურებელი, 245 მოიერიშე და ბომბდამშენი, 469 შვეულმფრენი მოდერნიზებულია ან ახალია).

ბირთვული პარიტეტი

აშშ-ის მორიგეობაზე მყოფ 681 სტრატეგიულ მატარებელზე (მიწისქვეშა შახტებსა და ატომურ წყალქვეშა ნავებზე განთავსებული ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტები) განთავსებულია 1 367 ბირთვული ქობინი. კიდევ 848 მატარებელი საშუალება რეზერვშია.

რუსეთის მორიგეობაზე მდგარ 527 სტრატეგიულ მატარებელზე განთავსებულია 1 444 ბირთვული ქობინი, 779 მატარებელი საშუალება კი რეზერვშია.

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ციფრები შეიძლება ზუსტად არ ემთხვეოდეს რეალურ და გასაიდუმლოებულ მონაცემებს (განსაკუთრებით - რუსეთის შემთხვევაში), მაგრამ საერთო სურათს მაინც ასახავს.
ივერი
29 ივლისი 2018 08:34
რუსული სამხედრო ტექნიკაც არანაკლებ ხარისხიანია ვიდრე ამერიკული. ორივეს შეუძლია დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა რამოდენიმეჯერ. ვისაც საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს--ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი --კიდევაც ატარებენ მთელს სამყაროს თავიანთ ნებაზე. რათქმაუნდა ძალა აღმართს ხნავს. 1000 ძველი ბეტეერი თუ აქვთ რუსებს ეს არაფერს არ ნიშნავს. 1000 ახალი ბეტეერიც ყავთ და ასობით წყალბადის ბომბებიც. აი მაგ წყალბადის ბომბებს თავიანთ ტერიტორიაზეც კი თუ ააფეთქებენ დედამიწაზე სიცოცხლე მოისპოობა . . .არათუ ამერიკა . . .
dato
23 ივლისი 2018 22:53
მეჭვება რაღაც ეს იმფორმაცია რა 2000 ტანკი იეყოფა ამხელა შეიარაღებულ ძალას რას ბოდიალობთ
qutaiseli
18 ივლისი 2018 18:07
ქუთაისელს ვინ ვინ მოახჩო კარგად გამოჩნდა ფინეთში შეხვედრაზე სადაც პუტინმა პირდაპირ უთხრა ტრამპს რომ მის საზღვრებთან რუსეთი ნატოს გაფართოებას არ დაუშვებს ხოდა კი მოგცენ მაპის მაგივრად დაპირება შეპირებები.დიდი პოლიტიკა ლობიოს ჭამა არარის.ასე რო მართალი მე გამოვედი რადგან რეალისტი ვარ და არა მეოცნებე.ფაქტი ჯიუტია.

რედაქტორის რჩევით