ტრამპმა კრემლს "დაარტყა" - კვირის პალიტრა

ტრამპმა კრემლს "დაარტყა"

ბირთვული ზესახელმწიფოების - აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირება ზენიტს აღწევს. ამის შემდეგ მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის კატასტროფული პერსპექტივაღა რჩება...

პარასკევ საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო. ტრამპის განცხადებით, საჰაერო თავდასხმები სირიის მთავრობის ქიმიური არსენალის განადგურებას ისახავდა მიზნად - აშშ და მისი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა... სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, შაბათს გამთენიისას, დამასკოში ძლიერი აფეთქებები ისმოდა. ტრამპმა ალ-ასადის მომხრე რუსეთსა და ირანს ბრალი დასდო, რომ მათ სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ხელი არ შეუშალეს. "ასადის უკანასკნელი თავდასხმა და დღევანდელი რეაქცია რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგია", - აცხადებს ტრამპი. მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 აპრილს სირიაში ქიმიური დაბომბვის გამო თავის სირიელ კოლეგას დასჯიდა, გამართლდა.

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 14 აპრილის დილას, სირიის სახელისუფლებო სამხედრო ობიექტებისკენ აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა გაუშვეს "ხომალდი-მიწა" და "ჰაერი-მიწა" კლასის სხვადასხვა ტიპის 103 მართვადი რაკეტა, მათ შორის - ფრთოსანი "ტომაჰავკები". "ტომაჰავკების" სტარტი განხორციელდა არა ხმელთაშუა ზღვიდან, როგორც სირიელი და რუსი გენერლები მოელოდნენ, არამედ წითელ ზღვაში მცურავი ორი ამერიკული საესკადრო ნაღმოსნიდან. Pპენტაგონმა ასევე გამოიყენა სტრატეგიული ბომბდამშენები, ხოლო საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა - ტაქტიკური დამრტყმელი თვითმფრინავები.

რუსეთის გენშტაბის ინფორმაციით, დასავლეთის კოალიციამ საჰაერო შეტევა განახორციელა სირიის ათამდე ობიექტზე, მათ შორის ექვსი სამხედრო აეროდრომი იყო. რუსი გენერალიტეტის მტკიცებით, სირიელმა მეზენიტეებმა 103 რაკეტიდან 71 ძველი საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ჩამოაგდეს და სირიაში განთავსებულ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დანაყოფებს თავიანთი თანამედროვე საზენიტო საშუალებები არ გამოუყენებიათ.

შეესაბამება თუ არა სიმართლეს რუსეთის გენშტაბის ოფიციალური განცხადება, მალე გაირკვევა, თუმცა ბევრი დეტალი თავიდანვე ეჭვს იწვევს.

პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში განლაგებული ბაზების ქიმიური იარაღის კვლევისა და წარმოების ცენტრს 76 რაკეტა მოხვდა, მათგან 57 ფრთოსანი "ტომაჰავკი" იყო. ქ. ჰომსთან ქიმიური იარაღის საწყობი 22 რაკეტის სამიზნე გახდა, ხოლო ჰიმშუნ-სართან (ჰომსის სიახლოვეს), ქიმიური იარაღის ბუნკერთან, "სკაუტის" შვიდი რაკეტა აფეთქდა.

ამერიკელების მტკიცებით, სირიელებმა 40-ზე მეტი საზენიტო რაკეტა გაუშვეს, მაგრამ მათი მოქმედება ნაკლებეფექტიანი იყო.

ოფიციალური პარიზის მტკიცებით ფრანგულმა გამანადგურებლებმა 12 რაკეტა გაუშვეს სირიის ქიმიური ობიექტების მიმართულებით, თუმცა რუსეთის გენშტაბი გამორიცხავს ფრანგული "რაფალების" გამოჩენას სირიის ცაში.

ერთი წლის წინ, შაირათის აეროდრომისკენ 59 ფრთოსანი "ტომაჰავკის" გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, პენტაგონმა სირიაში მყოფი რუსული სამხედრო კონტინგენტის სარდლობა გააფრთხილა, რათა ამ ოპერაციას რუსი სამხედროების მსხვერპლი არ მოჰყოლოდა. ამჯერად ამერიკული მხარე ასე აღარ მოქცეულა, სამაგიეროდ, ფრანგებმა აცნობეს რუსებს საჰაერო იერიშის ზუსტი დრო და სამიზნეები, რამაც შესაძლოა, სირიელ და რუს მეზენიტეებს საქმე გაუადვილა. ამაზე მეტყველებს მინიმალური მსხვერპლიც.

ტრამპმა მუქარა შეასრულა, თანაც, ერთი წლის განმავლობაში მეორედ. ახლა პუტინის ჯერია! რუსეთმა უკვე მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ მოსკოვის რეზოლუციის პროექტს, დაგმოს ასადის რეჟიმის დაბომბვის ფაქტი, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები - აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჩააგდებენ... საჰაერო შეტევამდე რუსი დიპლომატები იმუქრებოდნენ, თუკი ამერიკელები გაბედავენ და იერიშს მიიტანენ ასადის ხელისუფლების ინფრასტრუქტურაზე, მათ არა მარტო "ტომაჰავკებს" ჩამოვუყრით, არამედ იმ ამერიკულ ხომალდებსაც გავუნადგურებთ, საიდანაც მათი სტარტი განხორციელდებაო. საინტერესოა, შეასრულებს თუ არა კრემლი ამ დანაქადს?

მსოფლიო ერთხელ უკვე იდგა უდიდესი საშიშროების წინაშე, რაც 1962 წელს კუბაში, "კარიბის კრიზისის" დროს, ორი ბირთვული ზესახელმწიფოს უკიდურეს დაპირისპირებას მოჰყვა. ახალი "კარიბის კრიზისი" არავის სჭირდება, რადგან ამის შემდეგ მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაღა რჩება, თუმცა, იმედია, სიტუაცია უარესად აღარ დაიძაბება. მანამდე კი, ალბათ, ორივე მხარე ეცდება, შექმნილ რთულ სიტუაციაში მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. სხვათა შორის, 1962 წლის "კარიბის კრიზისის" მოგვარების პროცესში ამერიკელებმა თურქეთიდან გაიტანეს თავიანთი ბირთვულქობინიანი რაკეტები, რომელთაგან რამდენიმე თბილისისკენაც იყო მომართული. საქართველოსთვის დღეს მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება "სირიის კრიზისი", რადგან შესაძლოა, თეთრი სახლის გასაღიზიანებლად კრემლმა ჩვენ წინააღმდეგ ახალი მზაკვრობა ჩაიფიქროს, როგორც ათი წლის წინ მოხდა...

ირაკლი ალადაშვილი