სამხრეთ კავკასიაში ჩინური რაკეტებიც იფრენენ...
სამხრეთ კავკასიაში ჩინური რაკეტებიც იფრენენ...
ბაქო ერევანს ჩინურ-ბელორუსული სარაკეტო კომპლექსებით მიზანში ამოიღებს?!

დიდი ხანია, სამხრეთი კავკასია გამალებული მილიტარიზაციის ასპარეზად იქცა. კრემლი ქართულ მიწაზე მე-4 (ცხინვალის რეგიონი) და მე-7 (აფხაზეთი) საოკუპაციო სამხედრო ბაზებს თანამედროვე იარაღით ამარაგებს, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული აზერბაიჯანი და სომხეთი კი უფრო და უფრო მრისხანე საბრძოლო ტექნიკით იარაღდებიან.

ბოლო ინფორმაციით, ბაქო ბელორუსიაში შორს მსროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის - "პოლონეზის" ექვსი მობილური დანადგარის შეძენას აპირებს, რომელთა საშუალებით სამიზნეების განადგურება 200 კმ-ზე შორს შეეძლება.

ეს
აზერბაიჯანის საპასუხო ნაბიჯი ორიოდე წლის წინ სომხეთში რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების, "ისკანდერების" გამოჩენას მოჰყვა. თუკი ეს "ისკანდერები" ერევანმა მართლაც შეიძინა, მაშინ ისინი საექსპორტო ვარიანტები უნდა იყოს და მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 300 კმ-ზე შორს მფრენი ს
არაკეტო სისტემების ექსპორტს კრძალავს, მათი მოქმედების რადიუსი 300 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ თუ ეს მორიგი რუსულ-სომხური ფანდია, მაშინ ეს "ისკანდერები" სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილებაა და რაკეტის, როგორც რუსული არმიის შეიარაღებისთვის განკუთვნილის, ფრენის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-მდე იქნება.

ასეა თუ ისე, სომხეთის­ კონტროლირებული ტერიტ­ორიიდან გაშვებული "ისკან­დერები" აზერბაიჯანის თითქმის ყველა წერტილს სწვდება, დედაქალაქ ბაქოს ჩათვლით.

ბაქოს მოწონებული "პოლონეზი" ჩინური წარმოების 301 მმ კალიბრის რაკეტებისა და ბელორუსული რვაღერძიანი მობილური გასაშვები დანადგარის სიმბიოზს წარმოადგენს. მის შესაქმნელად ჩინელებთან შეკავშირება პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსმა კოლეგამ ულტიმატუმი წაუყენა - "ისკანდერებს" მოგცემთ, ოღონდ მათ მხოლოდ რუსი სამხედროები მოემსახურებიანო. პუტინზე განაწყენებულმა ლუკაშენკომ ჩინელებთან დაახლოების გზა აირჩია და "პოლონეზიც" "დაიბადა".

ჩინურ-ბელორუსული "ნაჯ­ვარით" ბაქოს დაინტერესებაც არ გახლავთ შემთხვევითი, რადგან საქვეყნოდ არის ცნობილი ლუკაშენკო-ალიევის დიდი ხნის მეგობრობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეკონომიკური კრიზისის დროს თავისი ბელორუსი კოლეგისთვის რამდენჯერმე ასეულობით მლნ დოლარიც კი "უთხოვებია".

და მაინც, "პოლონეზი" მთლად "ისკანდერის" "ტოლი" არ არის, რადგან სათავეს საბჭოთა "სმერჩიდან" იღებს და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას უფრო განეკუთვნება, ვიდრე - ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების კლასს, თუმცა უკვე შემუშავებულია 280 კმ-მდე მფრენი ახალი რაკეტაც.

ისე, საინტერესოა, ალიევმა პუტინს რატომ არ სთხოვა ისეთივე "ისკანდერების" მიყიდვა, როგორიც სომხეთში ჩაიტანეს? ან იქნებ მოსკოვმა ბაქოს უარი უთხრა, რომ ერევანი ისევ არ გაეღიზიანებინა - სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანს ხომ ისედაც 4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული იარაღი აქვს ნაყიდი?!

ერევანი "აღფრთოვანებული" ნამდვილად არ იქნება ბელორუსიის პრეზიდენტით, თუკი მინსკი "პოლონეზებს" ბაქოს მიაწვდის, თუმცა სომხეთს ჩინეთის მიმართ სამდურავი ნაკლებად ეთქმის, რადგან სომხური არმიის არსენალში ჯერ კიდევ 1999 წლიდან ჩინური წარმოების ზალპური ცეცხლის არაერთი დანადგარი ირიცხება, რომლებიც პეკინმა, ბაქოს პროტესტის მიუხედავად, ერევანს დაუბრკოლებლად მიჰყიდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებაში 300 კმ-ზე მფრენი რაკეტების გამოჩენა უფრო რეალურს ხდის სამხრეთ კავკასიაში "ქალაქების ომის" დაწყების შესაძლებლობას, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს ზურგიდან მოწინააღმდეგის ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის სარაკეტო დარტყმის მიყენება შეეძლებათ.
qutaiseli
08 მაისი 2018 18:21
ყველაზე სუსტად ჩვენი არმია არის შეიარაღებული.ლაკარტკების დონეზევართ ფაქტიურად დღესაც.
ელგუჯა
07 მაისი 2018 07:06
ჩვენ ისევ ღმერთის იმედად ვართ. არადა ყველაზე ურწმუნო ერი ვართ. საქართველოში ას კაცს ვერ მოაგროვებ, ვინც უანგაროდ მომართავს ქვეყანას. ასე რამ გააფუჭა ჩვენი პარტიები. ნებისმიერი ქართული პარტია - ეს ქართული მაფიაა.პარტიებს შორის ბრძოლა, მაფიებს შორის ბრძოლაა ხელისუფლებისათვის.
PREDATOR
27 აპრილი 2018 15:21
და რას აკეთებენ თავდაცვის გასაძლიერებლად საქართველოში, გარდა იმისა რომ პატივცემული მინისტრის ხელფასსა და დანამატებს ხმარდება საკმაოდ სოლიდური თანხები?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები