გამჭვირვალე სამინისტროები, ანუ საუკეთესო კონტრასტული სამიზნეები... - კვირის პალიტრა

გამჭვირვალე სამინისტროები, ანუ საუკეთესო კონტრასტული სამიზნეები...

საქართველოს პრეზიდენტის ახალაშენებული სასახლე, ისევე როგორც თავდაცვისა და განსაკუთრებით შსს-ს შენობები თავიანთი დიზაინით მაშინვე იპყრობენ ყურადღებას.

წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისით შეიძლება ზოგს არ მოსწონდეს ამგვარი დიზაინი, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ.

შემინული შენობების დღევანდელი ხელმძღვანელები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მათი სამინისტროების მუშაობაც ისეთივე გამჭვირვალეა, როგორიც ამ შენობების შუშები, თუმცა ამაზე ნაკლებად დავეთანხმებით, მით უმეტეს, რომ მათი შენობების მინები დაბურულია.

მაგრამ ამ სტატიის თემა სულ სხვაა. გვეეჭვება, რომ ამ "გამჭვირვალე" შენობების ბინადრებმა იცოდნენ, რა საფრთხე ემუქრებათ - რაც უფრო შემინულია შენობა, მით მეტად კარგად შესამჩნევ სამიზნეს წარმოადგენს როგორც კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრებისათვის, ისე ოპტიკური დამიზნების სისტემით აღჭურვილი ოპერატიულ-ტაქტიკური, ფრთოსანი და "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტებისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე 15-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რუსული რაკეტა დაეცა. მათგან ორი Искандер-ის, დანარჩენი კი Точка-У-ს ტიპისა იყოს.

ორტონიანი "ტოჩკა" მაქსიმალურ, 120 კმ-ზე მიფრინავს და მისი დამიზნება ავტონომიურად, ინერციული სისტემით ხდება. რაკეტის სტარტამდე მის საბორტე ციფრულ გამომრთველ კომპლექსში შეაქვთ ფრენის პარამეტრები, რომლებიც დაფუძნებულია სამიზნის ადგილმდებარეობის ციფრულ რუკაზე, რომელიც მანამდე კოსმოსური ან საჰაერო დაზვერვის შედეგად შედგა. ამიტომაც "ტოჩკას" სამიზნეში მოხვედრის სიზუსტეც არ არის დიდი, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა.

"ტოჩკით" კონკრეტული შენობის განადგურება მჭიდროდ დასახლებულ დიდ ქალაქში ძალზე ძნელია, რადგან მისი მიზნიდან აცილების სავარაუდო წრის დიამეტრი 165-დან 235 მ-მდეა (დამოკიდებულია ფრენის სიშორეზე).

სამაგიეროდ, "ტოჩკისგან" განსხვავებით, თანამედროვე რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა Искандер-ი მეტი სიზუსტით გამოირჩევა. ის, როგორც "ტოჩკა", მიზნამდე ინერციული მართვის სისტემით აღწევს, რის შემდეგაც ირთვება ავტონომიური  კორელაციურ-ექსტრემალური ოპტიკური თვითდამიზნების სისტემა. სისტემის ოპტიკური აპარატურა იღებს სამიზნის ციფრულ ფოტოსურათებს და მათ წამის მეათასედში ადარებს იმ ციფრულ ფოტოებს, რომლებიც მანამდე კოსმოსურმა სადაზვერვო თანამგზავრმა ან მზვერავმა თვითმფრინავმა გადაიღო და რაკეტის სტარტამდე იყო შეყვანილი მისი მართვის ბორტკომპიუტერში.

KvirisPalitra.Geასეთი ორმაგი, ზუსტი დამიზნების შედეგად "ისკანდერის" მიზნიდან აცილების სავარაუდო წრის დიამეტრი მხოლოდ 5-7 მმ-ია. შეიძლება ეს რუსი სამხედროების მიერ რეკლამის მიზნით გავრცელებული ციფრებია, მაგრამ ამ წრის დიამეტრი 15-20 მ-იც რომ იყოს, დამანგრეველი იქნება ნებისმიერი შენობისთვის.

უხვად შემინული შენობები "ისკანდერის" ავტონომიური კორელაციურ-ექსტრემალური ოპტიკური თვითდამიზნების სისტემისთვის საუკეთესო კონტრასტული სამიზნეა, რომელსაც ეს 3,8-ტონიანი რუსული რაკეტა მაქსიმალური 280 კმ სიშორიდან მწყერზე დაგეშილი ძაღლებივით ზუსტად ეცემა.

ასე რომ, უცხოელ დიზაინერებს მინდობილ ქართულ ხელისუფლებას შემინული, გამჭვირვალე სასახლეების აგების დაწყებამდე იქნებ კონტრასტულობაზე ეფიქრა, რადგან ჩრდილოეთ კავკასიიდან თბილისამდე რუსულ "ისკანდერს" 3-5 წუთი ეყოფა, რაც სულაც არ არის საკმარისი ამ რაკეტის ქართული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიერ აღმოსაჩენად და ამის შესახებ იმ შენობების მობინადრეთათვის შესატყობინებლად და მით უმეტეს, საევაკუაციოდ...