ბორშჩი - ავტომატის აკომპანემენტით - კვირის პალიტრა

ბორშჩი - ავტომატის აკომპანემენტით

მუდამ ავტომატმომარჯვებულმა სამხედრომ აფექტისას შეიძლება საშინელება ჩაიდინოს. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა...

მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ცოტა ხნის წინ ვაზიანში, პირველი საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უბედურება დატრიალდა - ერთმა სამხედრომ მეორე ავტომატის ჯერით დაცხრილა.

იმ კაპრალის ხელში უპრობლემოდ აღმოჩნდა ავტომატი და ეს საშინელებაც აფექტის მომენტში მოხდა.

წესით, სამხედრო მოსამსახურის საშტატო შეიარაღება საგანგებოდ მოწყობილ საიარაღო ოთახებში უნდა ინახებოდეს. ყველა ყაზარმაში არის ასეთი რკინისგისოსებიანი ოთახი, რომელსაც დაუკითხავად ვერავინ მიეკარება.

თუმცა ქართული არმიის თითქმის ყველა დანაყოფში, ახალი წესის მიხედვით, მთელი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე თავისი საშტატო იარაღით - ავტომატური კარაბინით და ვაზნებით სავსე სათადარიგო მჭიდებით დადის.

სულერთია, სად იქნება ის - სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, კომპიუტერთან, ტუალეტში თუ სასადილოში, გვერდზე თავისი ავტომატი უნდა ედოს.

საპირფარეშოსა თუ სასადილოში იარაღით სიარულს ქართული არმიის პირადი შემადგენლობის ერთი ნაწილი ერაყული მისიების დროს დაეჩვია. საკუთარი თვალით მინახავს ერაყში, ელ-კუთის "დელტას" ბაზაში, სასადილოში არ უშვებდნენ იმ სამხედროებს, რომელთაც იარაღი არ ჰქონდათ, ჯავშანჟილეტი არ ეცვათ და მუზარადი არ ეხურათ. სასადილოში შესვლის წინ აუცილებელი იყო იარაღის განმუხტვა შესასვლელთან სპეციალურად დადგმულ ქვიშიან ყუთში.

საქართველო, საბედნიეროდ, ერაყი არ არის, თუკი "დელტას" ბაზაში ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი ერაყელთა ნაღმსატყორცნების ზალპი, ვაზიანის, ქუთაისისა და სენაკის ბრიგადების სამხედრო ქალაქები ამ მხრივ ნაკლებად სახიფათოა.

საშტატო იარაღით და საბრძოლო მარაგით სიარული შეიძლება საველე პირობებსა და სასწავლო ბანაკებში, თუმცა იქაც ცდილობენ, მოაწყონ დროებითი საიარაღო ოთახები პირადი შემადგენლობის განსატვირთად.

მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, როგორიცაა სამხედრო ბაზები, სადაც არის საგანგებოდ მოწყობილი და კარგად დაცული საიარაღო ოთახები, თვეობით ავტომატისა და მჭიდების თრევა ყაზარმიდან სამუშაო ადგილამდე, იქიდან - სასადილომდე და ა.შ. იწვევს პირადი შემადგენლობის გადაღლას.

ამას გარდა, ასეთი რეჟიმი შეიძლება დაკავშირებული იყოს საშიშროებებთან, კერძოდ კი იარაღის გაუფრთხილებლად მოპყრობასთან, რაც შეიძლება ტრაგედიით დამთავრდეს.

აფექტში მყოფმა სამხედრომ მხარზე გადაკიდებული ავტომატური იარაღი შეიძლება ბოროტად გამოიყენოს, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა...

რა შეიძლება მოიგოს სამხედრო ნაწილის მეთაურმა, თუკი მის ხელქვეითებს ავტომატი მუდმივად მხარზე ჰკიდიათ? ბევრი არაფერი, რადგან ყაზარმის საიარაღო ოთახიდან საშტატო იარაღისა და საბრძოლო მარაგის აღებას სულ რამდენიმე წუთი თუ სჭირდება, რაც არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ვაზიანის, ქუთაისისა და სენაკის ბრიგადებისთვის. რა თქმა უნდა, იმავე რჩევას არ მივცემთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ ქვედანაყოფთა მებრძოლებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან მორიგეობენ.

ქართულ არმიაში წლების განმავლობაში მოქმედებდა საბრძოლო მზადყოფნის შემდეგი საფეხურები: მუდმივი, გაძლიერებული, საომარი საფრთხე და სრული. ეს შეიძლება საბჭოთა ჯარიდან იყო გადმოღებული, მაგრამ დასაწუნი ბევრი არაფერი ჰქონდა.

მაგალითად, მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობიდან სრულზე გადასასვლელად და სამხედრო ქალაქიდან გასასვლელად ქართულ ბრიგადას ზაფხულში ერთი, ხოლო ზამთარში - 1,5 საათი სჭირდებოდა, გაზრდილი საბრძოლო მდგომარეობიდან სრულზე გადასასვლელად და მარშით დასაძრავად - უფრო ნაკლები დრო, ზაფხულში 45 წუთი, ზამთარში - ერთი საათი კმაროდა.

ეს ნორმატიული დრო სავსებით საკმარისია ტანკებისა და სხვა ჯავშანმანქანების დასაქოქად, ძრავების გასახურებლად, ფარეხებიდან გამოსასვლელად და კოლონად მოსაწყობად. როგორ გგონიათ, ეს დრო არ იქნება საკმარისი საიარაღო ოთახიდან ავტომატებისა და მჭიდების ასაღებად, ისინი დღე და ღამე თვეობით სულ თან რომ არ ატარონ?!