შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ვინც თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩაერთვება, ხელფასები მოემატებათ - კვირის პალიტრა

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ვინც თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩაერთვება, ხელფასები მოემატებათ

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ვინც თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩაერთვება, ხელფასები მოემატებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა განუცხადა, ხელფასები თანამდებობის მიხედვით, 40-360 ლარის ფარგლებში გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, სახელფასო ანაზღაურების ზრდა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალების ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელს შეეხება, რადგან აღნიშნულ პროგრამაში შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ჩაერთვება. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მომატებული ხელფასები პროგრამის დასრულების შემდეგაც დარჩება.

"როგორც ბატონმა მინისტრმა გააჟღერა, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში მონაწილე შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ხელფასი მოემატებათ. მომატებული ხელფასი მათ პროგრამის დასრულების შემდეგაც შეუნარჩუნდებათ და ამ ეტაპზე სახელფასო ანაზღაურების ზრდა შეიარაღებული ძალების ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელს შეეხება, რადგან ამ პროგრამაში შეიარაღებული ძალების უმეტესი ნაწილი იქნება წარმოდგენილი. ეს ტენდენცია გაგრძელდება ასევე მომავალშიც", - განაცხადა ბუთხუზმა.

მისივე თქმით, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელსაც საქართველო აშშ-სთან ერთად განახორციელებს, უახლოეს მომავალში დაიწყება.