როგორი იქნება პირველი ქართული თანამედროვე სახანძრო-სამაშველო მანქანა? - კვირის პალიტრა

როგორი იქნება პირველი ქართული თანამედროვე სახანძრო-სამაშველო მანქანა?

ერთი თვის წინ "კვირის პალიტრის" ინიციატივა, რომ მაშველებს "დელტას" პოტენციალი გამოეყენებინათ და ზღვაში დახრჩობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანებისთვის დრონიდან მაშველი რგოლის ჩაგდების სქემა დაემუშავებინათ, ხორცს ისხამს.

თუმცა ლაპარაკია არა სამაშველო დრონებზე (ეს თემაც მუშავდება და წელსვე, ალბათ, შავი ზღვის ერთ-ერთ პლაჟზე ამ სახის საპილოტო პროექტი დაიწყება), არამედ უფრო საჭირო საქმეზე - საქართველოს მასშტაბით სახანძრო მანქანების პარკის გადაიარაღებაზე!

ხანძარი არანაკლებ საშიში მტერია, ვიდრე ტანკებით წამოსული მოწინააღმდეგე და ეს საფრთხე შარშან მთელმა ქვეყანამ იგრძნო - საქართველოში არ დარჩენილა კუთხე, სადაც ტყის ხანძარი არ მძვინვარებდა. სხვა საკითხია, ეს ტყის ხანძრები მართლაც გვალვამ გამოიწვია თუ ხელოვნურად გაჩნდა, თუმცა მეხანძრე-მაშველები ხანძრებთან საბრძოლველად ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, ამისთვის კი მათ თანამედროვე და ეფექტიანი სპეციალური ტექნიკა სჭირდებათ.

დღეს ქართველი მეხანძრე-მაშველების განკარგულებაში (ძირითადად, რეგიონებში) 250-მდე "ზილის" ტიპის სახანძრო მანქანაა, რომლებიც 1968-2000 წლებშია გამოშვებული. "ზილს" 2-2,5 ათასი ლიტრი წყალი და 150 ლიტრი ქაფი მიაქვს, მაგრამ მისი ბენზინის ძრავა ძალიან არაეკონომიურია. ამასთან, სამაშველო აღჭურვილობა სახანძრო "ზილში" არ ეტევა და გამოძახებაზე საჭიროა "ტოიოტას" პიკაპის (მაშველების განკარგულებაში 95-მდე ასეთი პიკაპია) გაშვებაც, რომელშიც მაშველები სხედან და სპეციალური სამაშველო აღჭურვილობა დევს.

ახალშექმნილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხუთწლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის ძირითადი ნაწილი სახანძრო მანქანების მოძველებული პარკის განახლებას ითვალისწინებს, მაგრამ როგორც მსოფლიოს ქვეყნების სახანძრო ტექნიკის ბაზრის დეტალურად შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, თანამედროვე სახანძრო მანქანის შესყიდვა დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგალითად, საშუალო ზომის ახალი სახანძრო მანქანა, რომელსაც 2 ათას ლიტრამდე წყალი გადააქვს, 200 ათას ევროზე ძვირი ღირს, არადა, საქართველოს 150 სახანძრო მანქანა მაინც სჭირდება. ამიტომაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოთქვა ინიციატივა, დანახარჯების 20-30%-ით შემცირების მიზნით უკვე მზა სახანძრო მანქანა კი არ ვიყიდოთ, არამედ მხოლოდ სპეციალური სახანძრო აღჭურვილობა, რომელსაც მანქანის შასიზე "დელტას" სპეციალისტები დაამონტაჟებენ.

25 აპრილს ავსტრიაში მსოფლიოში თანამედროვე და ხარისხიანი სახანძრო ტექნიკის ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელი ავსტრიული ფირმა "როზენბაუერისა" და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელების შეხვედრისას გადაწყდა, რომ ავსტრიელები მოგვაწვდიან აწყობილ სპეციალურ სახანძრო მოდულებს, რომლებსაც მანქანებზე "დელტაში" დაამონტაჟებენ. რა თქმა უნდა, აჯობებდა, მთლიანად ასაწყობი სახანძრო მოდულები ჩამოგვეტანა, რაც უფრო იაფი დაჯდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, შეიძლება უცნობი ტექნიკის აწყობისას დაშვებული საწარმოო წუნის საფრთხე გაზრდილიყო.

"როზენბაუერიში" მივლინებული "დელტას" სპეციალისტები შესაფერისად მოემზადებიან და შეიძლება მომავალში ამ სახანძრო მოდულის თავიდან აწყობაც არ გაუჭირდეთ.

და აი, მივედით ყველაზე საინტერესო კითხვამდე: რა ტიპის ავტომობილზე დაამონტაჟებს "დელტა" ავსტრიიდან ჩამოტანილ სპეციალურ სახანძრო მოდულს?

რა თქმა უნდა, "დიდგორზე"! უფრო სწორად - ამერიკული "ფორდ 550" პიკაპის შასიზე, რომელთან მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება "დელტაში" უკვე აქვთ.

ბევრს ეხსომება ორიოდე წლის წინ გავრცელებული ვიდეოკადრები, როდესაც იემენში, ჰუსიტების ჩასაფრებაში მოყოლილი საუდის არაბეთის ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა მძღოლის დაუდევრობის გამო დიდი სიჩქარით ღრმა ორმოში ვარდება და მარცხენა ბორბალი სძვრება. ამ შემთხვევის შემდეგ "დელტას" სპეციალისტებმა გააძლიერეს "დიდგორის" სავალი ნაწილი, ამორტიზაციის სისტემა და მოდერნიზებულმა ჯავშანმანქანამ საუდის არაბეთში დამატებითი გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

"ფორდის" პიკაპს "დიდგორივით" შეჯავშნა არ დასჭირდება, თუმცა მასზე დამონტაჟებულ სპეციალურ სახანძრო მოდულში უნდა განთავსდეს 1 500-ლიტრიანი წყლის და 150-ლიტრიანი ქაფის ავზები, ჩვეულებრივი და მაღალი წნევის ტუმბოები, წყლის სატყორცნი ლაფეტის ლულა, 60 მ სიგრძის შლანგი, 5 მ სიმაღლემდე ასაწევი განათების ანძა, ელექტროჯალამბარი და სხვა აღჭურვილობა. ოთხკარიან კაბინაში მძღოლი და ოთხი მეხანძრე-მაშველი თავსდება, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობის გარდა, სამაშველო ოპერაციების ჩატარებაც შეეძლებათ. "ფორდის" პიკაპის შასიზე "დელტაში" აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლის სიგრძე 8,3 მ-ზე მეტი არ იქნება, უფრო სწრაფად გააღწევს მანქანებით გადაჭედილ თბილისის ვიწრო ქუჩებში, ვიდრე დიდი სახანძრო მანქანები.

"დელტაში" "როზენბაუერის" სახანძრო-სამაშველო სპეცაღჭურვილობის მანქანებზე დამონტაჟების შემდეგ შეიძლება გაიხსნას ბაზარი, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შუა აზიის რეგიონებში, სადაც ასეთი ტექნიკის დიდი მოთხოვნაა.