"ჯაველინის" "წინაპრის" ქართული კვალი
"ჯაველინის" "წინაპრის" ქართული კვალი
თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო შეიარაღების "წინაპარი" ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის ტელეკამერით მართვადი რაკეტაც გახლდათ...

გორში დაბადებული ალექსანდრე ნადირაძის სტრატეგიულ ბირთვულ "ტოპოლებს" რუსეთი დღესაც უმიზნებს აშშ-ის მთავარ მეგაპოლისებს, ცივი ომის დროს კი ნადირაძისეული "პიონერები" შიშის ზარს სცემდა მთელ დასავლეთ ევროპას.

მაგრამ, როგორც ირკვევა, წარმატებულ ბირთვულ სარაკეტო საქმიანობამდე ქართველ კონსტრუქტორს, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველს, შეუქმნია ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი.
მართვადი რაკეტით ტანკების აფეთქება დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა მთიან ყარაბაღში, უკრაინის დონბასსა თუ სირიაში, მაგრამ
გასული საუკუნის შუა ხანებში მხოლოდ იწყებდნენ ასეთი ეფექტიანი შეიარაღების პირველი ნიმუშების გამოცდას.

სიმართლე რომ ითქვას, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის შექმნის პირველობა მაინც გერმანელებს ეკუთვნით. ჯერ კიდევ 1941 წელს საქვეყნოდ ცნობილი ძრავებისა და ავტომობილების ფირმა BMW-მ სადენებით მართვადი კუმულაციურქობინიანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის, მისი ძრავისა და მყარი სარაკეტო საწვავის
პირველ ნიმუშებზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ჰიტლერის ბრძანებით, გამოცდები შეჩერდა, რადგან მართვადი რაკეტებით ტანკების აფეთქება არაპერსპექტიულად მიიჩნიეს და ყურადღება ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების სრულყოფაზე გადაიტანეს. ფრონტის ხაზზე კარგად შეჯავშნული ახალი საბჭოთა ტანკების გამოჩენის შემდეგ, რომელთა შორ მანძილზე აფეთქება გერმანულ ქვემეხებს გაუჭირდათ, მესამე რაიხის ხელისუფლება იძულებული გახდა, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების შექმნის იდეას დაჰბრუნებოდა. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანელებმა გამოცადეს იარაღის ახალი კლასის პირველი წარმომადგენელი - ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი X-7 "წითელქუდა".

"წითელქუდა" "ჰაერი-ჰაერი" კლასის ასევე პირველი მართვადი რაკეტის გადაკეთებული ვარიანტი იყო (სიჩქარეში გერმანელმა გენერლებმა მართვადი რაკეტების შექმნის BMW-ს გამოცდილება ვეღარ გამოიყენეს). 75 სმ სიგრძისა და 9 კგ მასის რაკეტა მაქსიმალურ 1,2 კმ-მდე მიფრინავდა. მსროლელი რაკეტას ჯოისტიკით მართავდა. მფრენი რაკეტა გასაშვებ დანადგართან დაკავშირებული იყო სადენებით, რომელთა საშუალებით მართვის ბრძანებები გადაიცემოდა. რაკეტის 2,5 კგ-იან კუმულაციურ ქობინს 200 მმ სისქის ჯავშნის გარღვევა შეეძლო, რაც იმდროინდელი ნებისმიერი ტანკის აფეთქების საშუალებას იძლეოდა.

გერმანელებმა 300-მდე ასეთი მართვადი რაკეტის გამოშვება მოასწრეს, მათგან რამდენიმე შეიძლება ბრძოლის ველზეც გამოიყენეს, მაგრამ რაკეტების დიდი ნაწილი ალაფის სახით მოკავშირეებს - ამერიკელებს, ბრიტანელებს, ფრანგებსა და, რა თქმა უნდა, საბჭოთა არმიას ჩაუვარდათ ხელში.

სწორედ ნაალაფარი გერმანული "წითელქუდადან" იწყება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების შექმნის ეპოპეა საბჭოთა კავშირსა და მთელ მსოფლიოში.
თავდაპირველად ფრანგებმა იმარჯვეს და გერმანული "წითელქუდას" ტექნოლოგიით შექმნილმა პირველი თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადმა სარაკეტო კომპლექსმა SS.10-მა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო - ფრანგების გარდა, ის შეიარაღებაში მიიღეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის - აშშ-მა და ისრაელმა.

1956 წელს სუეცის არხისთვის მიმდინარე ომში ებრაელმა ჯარისკაცებმა ფრანგული SS.10-ებით ეგვიპტის არმიის არაერთი საბჭოთა წარმოების თ-54 ტიპის ტანკი ააფეთქეს.
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების ეფექტიანმა საბრძოლო გამოყენებამ საბჭოთა გენერლები დააფიქრა და მათ საკონსტრუქტორო ბიუროებს ანალოგიური იარაღის სასწრაფოდ შექმნა დაავალეს.

ერთ-ერთი საბჭოთა კონსტრუქტორი, რომელმაც ასეთი დავალება მიიღო, ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ. იმ პერიოდში ის მოსკოვთან, საიდუმლო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და უკვე ჰქონდა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნისა და მართვადი საავიაციო ბომბის შექმნის გამოცდილება.
ნადირაძის კოლექტივმა მალე ააწყო მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის რამდენიმე მოდელი. ერთი მათგანი სადენებით იმართებოდა, ისევე, როგორც გერმანული "წითელქუდა" თუ ფრანგული SS.10.

ნადირაძის მეორე რაკეტა კი მართლაც რევოლუციური გახლდათ - ტანკში მჯდომი ოპერატორი უშვებდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, რომელსაც თავში... სატელევიზიო კამერა ჰქონდა დამონტაჟებული!O ოპერატორი პატარა სატელევიზიო ეკრანზე ხედავდა რაკეტიდან გადმოცემულ გამოსახულებას და მას რადიოსიგნალებით მიზნისკენ მიმართავდა.
მაშასადამე, კონსტრუქტორმა ნადირაძემ ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა ხანებში, პირველი თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის შექმნისას, გამოიყენა რაკეტის დისტანციური მართვის ის პრინციპი, რომელსაც თანამედროვე შეიარაღებაში იყენებენ!

მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინის" (რომელიც არის ქართული არმიის შეიარაღებაშიც) რაკეტის თავშიც თბოვიზორული მოწყობილობაა დამონტაჟებული, რომელიც კონტრასტულად მაღალი ტემპერატურის გამომასხივებელ მიზანს "ჩაიჭერს" და მისკენ მიფრინავს.

ნადირაძეს რომ დასცლოდა, შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, თვითდამიზნებადი რაკეტა იქნებოდა, რომლის გაუმჯობესებულ სატელევიზიო კამერას ოპერატორის ჩარევის გარეშე შეეძლებოდა ტანკის კონტურის "გამოცნობა" და მისი "ადევნება", ანუ "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი" პრინციპის პიონერად იქცეოდა, მაგრამ ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, სხვა საკონსტრუქტორო ბიუროებთან ერთად, ალექსანდრე ნადირაძის კვლევითი ინსტიტუტიც გააუქმეს, უფრო სწორად, 1958 წელს ჩალომეის სარაკეტო ბიუროს შეუერთეს, სადაც ხრუშჩოვის შვილი მუშაობდა.

ამ გადაწყვეტილების გამო ალექსანდრე ნადირაძე ვერ გახდა პირველი სერიული საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის მამა, მაგრამ როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელია! ნადირაძემ სამსახური შეიცვალა და მალე მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის ჯერ მთავარი კონსტრუქტორი, შემდეგ კი - გენერალური დირექტორი გახდა. ნადირაძის ხელმძღვანელობით შექმნილმა მყარსაწვავიანმა ბირთვულქობინიანმა ბალისტიკურმა რაკეტებმა "ტემპმა", "პიონერმა" და "ტოპოლმა", რომლებიც მობილურ გასაშვებ დანადგარებზე იყო დამონტაჟებული და ევროპას, ჩინეთსა და აშშ-ს შიშის ზარს სცემდა, მას მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები