სირიის ციდან ჩამოვარდნილი რუსული "ალიგატორი" - კვირის პალიტრა

სირიის ციდან ჩამოვარდნილი რუსული "ალიგატორი"

"ალიგატორის" წინამორბედ "შავ ზვიგენს" საქართველოს 12 მლნ დოლარად სთავაზობდნენ...

ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება - 7 მაისს, როდესაც კრემლში რუსეთის "მუდმივი" პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მორიგი ინაუგურაცია იწყებოდა, სირიაში კატასტროფა განიცადა რუსულმა საბრძოლო შვეულმფრენმა.

2015 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები სირიას ბომბავენ, რუსეთმა იქ ექვსი საბრძოლო და ერთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, ექვსი შვეულმფრენი და ოთხი სადაზვერვო დრონი დაკარგა, ამიტომ სირიაში რუსული შვეულმფრენის კატასტროფა შეიძლება ყურადსაღები არც ყოფილიყო, რომ არა რუსული პროპაგანდის მიერ მისი "გაპიარებული" სახელი - КА-52 "ალიგატორი", რომელსაც რუსული სახელმწიფო პროპაგანდა "მსოფლიოში ანალოგის არმქონედ და საუკეთესოდ" წარმოაჩენდა და ამიტომაც მისი ჩამოვარდნა, რასაც ეკიპაჟის ორივე წევრის სიცოცხლე შეეწირა, დიდ დარტყმად იქცა რუსული "საინფორმაციო ომის" შემოქმედთათვის. რუსი გენერლები გამორიცხავენ, რომ "ალიგატორი", ისევე როგორც მანამდე რამდენიმე დღით ადრე ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილი СУ-30СМ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი (მაშინაც ორივე პილოტი დაიღუპა), საზენიტო საშუალებების გამოყენებით ჩამოაგდეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კატასტროფის მიზეზი შეიძლება საფრენი აპარატების ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რუსეთის გენშტაბში საზენიტო ცეცხლით მისი ჩამოგდების ფაქტის მიჩქმალვა სურდეთ. ეს КА-52 "ალიგატორის" პირველი კატასტროფაა საბრძოლო მოქმედების ზონაში, თუმცა მისი წინამორბედი - КА-50 "შავი ზვიგენი" - მიწას ორჯერ დაენარცხა. 1988 წელს, შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტის რანგით საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებში ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს ერთმა პილოტმა-კურსანტმა "შავი ზვიგენის" მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ნახატი მაჩუქა. მაშინ "შავ ზვიგენს" ედო გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" და ამ ნახატისთვის ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ალბათ, დიდ თანხასაც არ დაიშურებდა. ნახატს დიდი სიფრთხილით მანამდე ვინახავდი, სანამ "შავი ზვიგენი" საავიაციო სალონებში არ გამოაჩინეს. "შავი ზვიგენის" "ახლოს გაცნობა" კი 1999 წელს რუსეთში, ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროკოსმოსურ გამოფენაზე შევძელი. შვეულმფრენის წინ, მაგიდასთან, შუახნის მამაკაცი იჯდა, რომელმაც შეამჩნია შვეულმფრენით ჩემი დაინტერესება და მაგიდასთან მიმიწვია. მასპინძელი, არც მეტი, არც ნაკლები, "შავი ზვიგენის" შემქმნელი და საშვეულმფრენო-საკონსტრუქტორო ბიუროს, "კამოვის", გენერალური კონსტრუქტორი სერგეი მიხეევი აღმოჩნდა. ვისაუბრეთ მის "შავ ზვიგენზე", საქართველოს ბუნებაზე, ქართულ ღვინოებზე. ბოლოს შევბედე - რამე რომ იყოს, "შავ ზვიგენებს" საქართველოს არ მიჰყიდით-მეთქი? კონსტრუქტორმა უყოყმანოდ მიპასუხა: "რატომაც არა! თითოს 12 მლნ დოლარად!"

თბილისში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ნიადაგი მოვსინჯე, მაგრამ კინაღამ სასაცილოდ ამიგდეს - რა "შავი ზვიგენი", ბიუჯეტი ჯარისკაცების ჩასაცმელად და გამოსაკვებად არ გვყოფნისო... ერთადგილიანი "შავი ზვიგენი" მაშინ მართლაც ნოუ-ჰაუ გახლდათ. მოგვიანებით მისი კაბინა გადააკეთეს, ეკიპაჟის მეორე წევრიც დაუმატეს და "შავი ზვიგენი" გადაიქცა "ალიგატორად", რომელსაც დღეს ეგვიპტე რუსეთისგან 20 მლნ დოლარზე ძვირად ყიდულობს...