ქართული ბატალიონები რუსული ტანკების მოგერიებაში "დახელოვნდებიან" - კვირის პალიტრა

ქართული ბატალიონები რუსული ტანკების მოგერიებაში "დახელოვნდებიან"

ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო

2018 წლის 18 მაისი, წესით, ისტორიულ მოვლენად უნდა იქცეს. შეგვეძლო, ეს დღე 10-12 წლის წინაც გვეზეიმა, რადგან საქართველოს წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხეები მაშინაც კარგად იყო ცნობილი, მაგრამ მაშინ ქართულ არმიას ერაყში საერთაშორისო სამშვიდობო მისიისთვის ამზადებდნენ და ქართველ სამხედროებს გზებზე პატრულირებასა და ჩეკ-პოინტების მოწყობას ასწავლიდნენ და არა - სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფებისა და საბრძოლო ავიაციის შემოტევების მოგერიებას.

იმ პერიოდში "კვირის პალიტრა" გამუდმებით ამახვილებდა ყურადღებას რუსეთის მოსალოდნელ სამხედრო აგრესიაზე, რომლის თვალსაჩინო ნიშნები 2004 წლის ცხინვალის ომის დროს გამოჩნდა, როდესაც რუსული არმიის საბრძოლო დანაყოფები როკის გვირაბს მოადგნენ. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანა არმიის ქვედანაყოფები, რამაც დაძაბულობა შეასუსტა და ვერც კრემლმა გაბედა ის, რაც ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში განახორციელა. ამ ოთხწლიან პერიოდში ხელისუფლებას დროც ჰქონდა და სახსრებიც, რომ ქართული არმიის პირადი შემადგენლობა რეალური საფრთხის ანუ რუსული ტანკებისა და მოიერიშეების მოსაგერიებლად გაეწვრთნა და არა მხოლოდ გზებზე მანქანების შესამოწმებლად. უფრო მეტიც - მაშინდელ საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებშიც მოსალოდნელი საფრთხის დონე განისაზღვრებოდა, სრულიად უგულებელყოფილი იყო რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაც კი. 2008 წლის აგვისტოს ომმა მწარედ დაგვანახა ქართული არმიის მომზადების სტრატეგიასა და ტაქტიკაში დაშვებული კატასტროფული შეცდომები, მაგრამ საოცრება - აგვისტოს ომის შემდეგაც ქართული არმიის მომზადება ისევ ასიმეტრიული ომისთვის, ამჯერად - ავღანეთში, გაგრძელდა. ავღანელ თალიბებს არც ტანკები ჰყავთ და არც თვითმფრინავები და ბუნებრივია, იქ ქართველი სამხედროები ტანკის აფეთქებასა და თვითმფრინავის ჩამოგდებას ვერ ისწავლიდნენ. ავღანეთში ისევ გაგრძელდა გზებზე პატრულირება, კონვოის გაცილება თუ ჩეკ-პოინტებზე დგომა. ამის ცოდნა, ბუნებრივია, აუცილებელია, მაგრამ ეს სჭირდება იმ ქვეყნის არმიას, რომელმაც ომში უკვე გაიმარჯვა, აკონტროლებს ტერიტორიებს, კომუნიკაციებს და ახშობს მოწინააღმდეგის პარტიზანულ გამოხდომებს, საქართველოს მდგომარეობა კი სხვაგვარია. ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ ავღანელი თალიბების მდგომარეობაში, რადგან მოწინააღმდეგე, სამწუხაროდ, სწრაფად მოიპოვებს სრულ უპირატესობას ხმელეთზე, ზღვასა და, რა თქმა უნდა, ჰაერში.

ამიტომაც ქართული არმიის მებრძოლების გაწვრთნა სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის ასაფეთქებლად და ავიაციის დასაზიანებლად საშური საქმე იყო აგვისტოს ომამდეც, მას შემდეგ პერიოდშიც და არც ახლა კარგავს აქტუალობას. როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს.

აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე იწყება ქართული არმიის მომზადება სწორედ იმ პროგრამით, რომელმაც უნდა გააძლიეროს მისი ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. 18 მაისს ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვისთვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამა დაიწყო. მომზადებას ცხრა სამანევრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ანუ ხუთი ათასამდე მებრძოლი გაივლის. პიონერები გახდნენ მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მებრძოლები, რომლებსაც საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის ინსტრუქტორები გაწვრთნიან. აგვისტოს ომში 43-ე ბატალიონის მსხვერპლი, სამწუხაროდ, მცირე არ ყოფილა და ამ ბატალიონის დღევანდელი პირადი შემადგენლობა ვალდებულიც კია გულმოდგინედ მოემზადოს, რათა საჭიროებისას დაღუპული თანამებრძოლების ჯავრი იყაროს. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა ბოლო ორ წელში 120 მლნ დოლარის დახმარება გამოუყო. ამ თანხით შეისყიდეს 2 ათასამდე ახალი ავტომატური კარაბინი, 400 ერთიანი ტყვიამფრქვევი, ღამის ხედვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა აღჭურვილობა, რომლებითაც ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბატალიონები გადაიარაღდებიან. ნურც მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებს - "ჯაველინებს" დავივიწყებთ, რომლებითაც უფრო ადვილია რუსული ტანკების აფეთქება. რუსეთის მილიონიან არმიასთან თანასწორად გამკლავება 40-ჯერ უფრო მცირერიცხოვან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რასაკვირველია, ძალზე გაუჭირდებათ, მაგრამ ქართულ არმიას უნდა შეეძლოს მგრძნობიარე დარტყმები მიაყენოს შეტევაზე გადმოსულ აგრესორს და ის შეაჩეროს ერთი-ორი კვირით მაინც, სანამ დასავლელი პარტნიორები და გაეროს უშიშროების საბჭო პოლიტიკური გზებით აიძულებენ მას, შეწყვიტოს აგრესია.