რამდენად უხიფათო იქნება წლევანდელი აგვისტო - კვირის პალიტრა

რამდენად უხიფათო იქნება წლევანდელი აგვისტო

რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე ამ ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2012 წლის აგვისტო "უცხელესი" გვექნება

2009 წლის აგვისტოს დასაწყისი ძალზე დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ომი ერთი წლის დამთავრებული იყო, რომ ჩრდილო კავკასიაში მოსკოვმა მორიგი გრანდიოზული სამხედრო სწავლება - Кавказ -2009 გამართა; ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი დისლოცირებული იყვნენ რუსული საოკუპაციო ჯარები.

შარშან აგვისტოში მართლაც ძალიან დიდი შანსი არსებობდა, მოსკოვს რაიმე საბაბით (მე თქვენ გეტყვით, ვერ იპოვის!) განეახლებინა 2008 წელს დაწყებული საქართველოს ოკუპაცია და თბილისში ტანკებით (ან უტანკოდ) შემოგრიალებულიყო.

შარშანდელი ზაფხულისგან განსხვავებით, წლევანდელი აგვისტო უფრო მშვიდია და 2008 წლის აგვისტოს ომის ორ წლისთავზე ჯერჯერობით, საბედნიეროდ, არ ჩანს იმის უტყუარი ნიშნები, რომ კრემლმა სამხედრო აგრესია გააგრძელოს.

მეორე მხრივ, მცირე შეიარაღებული დაპირისპირება ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან საკმარისი წინა პირობაა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებისა.

იმედს ვიტოვებთ, რომ წლევანდელი აგვისტო და შემოდგომა მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცა 2011 წელი ეტყობა, მორიგი დაძაბულობის დასაწყისი გახდება.

2011 წელს შეიძლება ჩვენი მეზობელი სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ КСОР-ის (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები) ფართომასშტაბიანი სწავლებები გაიმართოს. ОДКБ-ში გაერთიანებულნი არიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი.

ამ ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების სომხეთში გადასროლა, ბუნებრივია, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოხდება. დსთ-ის წევრი სხვა ქვეყნების რაიმე ანტიქართული ჩანაფიქრი ძნელად წარმოსადგენი იქნება, თუმცა მოსკოვმა შეიძლება ეს სწავლება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებთან ისევე გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ, როგორც 2008 წლის ივლისის ბოლოს ჩრდილო კავკასიაში გამართული ღფდრფპ-2008.

დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს შორის, სავარაუდოდ, 2012 წლისთვის პიკს მიაღწევს, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნები გაიმართება. ბუნებრივია, პუტინ-მედვედევის ტანდემი შეეცდება, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ვერ გაიმარჯვოს.

ძნელი სათქმელია, რითი დამთავრდება საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლი ყველაფერს იღონებს. 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადა სოჭში რაც შეიძლება მშვიდად ჩაატაროს.

ამიტომაც მოსკოვს ხელს არ აძლევს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს და მის წინა პერიოდში მოსაზღვრე ჩრდილო კავკასიასა და საქართველოში საარტილერიო ზალპები ისმოდეს... ანუ მოსკოვი ეცდება, 2012-2013 წლებში საბოლოოდ განსაზღვროს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბედი და სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას დაპირისპირებული საქართველოს გარეშე შეხვდეს.