ფრთხილად! სეპარატისტების უპილოტოები! - კვირის პალიტრა

ფრთხილად! სეპარატისტების უპილოტოები!

უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების შესყიდვის შემთხვევაში სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალს ზუგდიდისა და გორის რაიონების საჰაერო დაზვერვა შეეძლებათ...

ოკუპირებული აფხაზეთის ბაბუშერის აეროპორტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსნები რუსული კომპანიის, ZALA

AERO-ს პროდუქციის, ორი ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატის პრეზენტაციას დაესწრნენ.

ამ რუსული კომპანიის უპილოტოებს საქართველო კარგად იცნობს, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათთან ორი ინციდენტი იყო დაკავშირებული.

2008 წლის 17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილსადენების დაცვამ ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს ავტომატის ჯერით ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი და მისი ფოტოსურათები წარმოადგინა. მეორე შემთხვევა კი, სამწუხაროდ, ტრაგიკული აღმოჩნდა. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, სოფელ ფლავთან შსს-ს მენაღმეებმა ჩამოვარდნილი რუსული უპილოტოს განაღმვა სცადეს, მაგრამ ის აფეთქდა და ორი მენაღმე იმსხვერპლა...

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარის შეიარაღებაში ZALA-ს ტიპის უპილოტო სადაზვერვო აპარატები ოფიციალურად არ ირიცხება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ФСБ-ს მზვერავები იყენებენ.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ფოტოსურათებზე ნათლად ჩანდა, რომ საქმე გვქონდა სწორედ რუსული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატის, ZALA-ს ერთ-ერთ მოდიფიკაციასთან - ZALA 421-08-სთან. მისი სიგრძე 41 სმ-ია, ფრთების გაშლილობა - 80 სმ და 2,2 კგ-ს იწონის. მას ხელით უშვებენ და შეუძლია 90 წუთი ფრენა 3,6 კმ სიმაღლეზე და 60-130 კმ/სთ სიჩქარით.

ამ უპილოტო აპარატის მოქმედების რადიუსი 15 კმ-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ამ ტიპის უპილოტოებით საჰაერო დაზვერვა თბილისი-გორის ავტოსტრადაზეც შეიძლება. ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან, მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროდან 15 კმ რადიუსში ხვდება როგორც ქ. ზუგდიდი, ისე ზუგდიდის რაიონის დიდი ნაწილი, ასევე ანაკლია და ყულევი. რუსეთის არმია უკმაყოფილოა სამამულო წარმოების უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების ხარისხით და მილიონობით დოლარს იხდის ისრაელის წარმოების უპილოტოებში, ხოლო რუსული კომპანიები ცდილობენ, თავიანთი უპილოტოები სეპარატისტულ სოხუმსა თუ ცხინვალს მიასაღონ.

2008 წლის ომამდე ქართული მხარე სეპარატისტულ აფხაზეთში დასაზვერად ისრაელში ნაყიდ უპილოტო სადაზვერვო "ჰერმესებს" გზავნიდა. რუსულმა გამანადგურებელმა და საზენიტო საშუალებებმა სამი "ჰერმესი" ჩამოგვიგდეს (ერთი თავად ჩაგვივარდა ზღვაში).

თუკი სეპარატისტული სოხუმი მართლაც შეისყიდის რუსულ ZALA-ს ან გაუმჯობესებულ უპილოტოებს, ალბათ მოგვიწევს იმაზე ფიქრი, რა ვუყოთ ზუგდიდის, სენაკის, ფოთის თუ ქუთაისის თავზე საათობით ჰაერში "მოფარფატე" უპილოტო მზვერავებს...