ნიკარაგუა, მანაგუა, კოკოითი, ბაღაფში.... - კვირის პალიტრა

ნიკარაგუა, მანაგუა, კოკოითი, ბაღაფში....

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ განამტკიცა სეპარატისტული კოსოვოს დამოუკიდებლობა, რითაც დასავლეთმა რუსეთს გზა გაუხსნა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" გასამყარებლად

სოხუმიდან მანაგუამდე, ნიკარაგუის დედაქალაქამდე პირდაპირი ხაზით 11878 კმ-ია, ცხინვალიდან მანაგუამდე კი კიდევ უფრო მეტი - 12126 კმ. მიუხედავად ამ უზარმაზარი მანძილისა, "ჩვენებური" სეპარატისტების ლიდერებმა ბაღაფშმა და კოკოითიმ არ დაიზარეს ნიკარაგუაში ჩაფრენა, რათა მისი პრეზიდენტის, დანიელ ორტეგასთვის ეროვნული გათავისუფლების სანდინისტური ფრონტის გამარჯვების 31-ე წლისთავი (მრგვალი თარიღი მაინც ყოფილიყო!) მიელოცათ.

თანაც ორივე სეპარატისტი "პრეზიდენტი" ნიკარაგუაში ცალ-ცალკე, სხვადასხვა თვითმფრინავით ჩაფრინდა, თითქოს ერთში ვერ დაეტეოდნენ. თუმცა გასაგებია, რომ ამ საერთაშორისო პიარ-აქციის უკან ისევ კრემლი იდგა, რომელმაც არ დაინანა თვითმფრინავები და სახსრები, რომ ოკუპირებული საქართველოს ნაწილების სეპარატისტი ლიდერები დამოუკიდებელი ქვეყნების სრულფასოვან პრეზიდენტებად წარმოედგინა.

მანაგუაში, ნახევარმილიონიან მიტინგზე გამოსული დუეტი კოკოითი-ბაღაფში ჩე გევარას, ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის პორტრეტების გარემოცვაში მოექცა და ადგილობრივი მოსახლეობა ჩანს, მათაც დიდი კომუნისტური იდეების მქონე მებრძოლებად აღიქვამდა.

ბაღაფში მოგვიანებით ნიკარაგუის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელობასაც შეხვდა. პრეზიდენტმა ორტეგამ "ჩვენებურ" სეპარატისტებს დახმარება აღუთქვა - ყველანაირად შევუწყობ ხელს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიერ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებასო...

მაგრამ გასულ კვირას საქართველოსთვის მთავარი საშიშროება კრემლის მარიონეტების ლათინურ ამერიკაში ჩასვლა არ ყოფილა, საუბედუროდ, დანა ყელში ისევ იმ დასავლეთმა გამოგვისვა, რომელიც მეგობრობას გვეფიცება და სიტყვით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

22 ივლისს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაამტკიცა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კანონებს. ეს ყველაზე მეტად, ბუნებრივია, სერბეთს ეწყინა, რუსეთიც ძალიან უკმაყოფილო დარჩა, სამაგიეროდ, გაიხარა სომხეთმა...

კოსოვოს დამოუკიდებლობის საბოლოო აღიარებით გაერომ და მთლიანად დასავლეთმა გზა გაუხსნეს სეპარატიზმის გაძლიერებას მთლიანად მსოფლიოში და პირველ რიგში ევროპაში.

რუსეთი, ცხადია, არასდროს ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ კრემლი აუცილებლად გამოიყენებს დასავლეთის ამ პოზიციებს, რათა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქყვეყანას აღიარებინოს.

თავის მხრივ, სომხეთიც, თავისი ძლიერი ამერიკული და ევროპული ლობის დახმარებით, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა რამდენიმე ქვეყანას მაინც აღიარებინოს.

ორმაგი სტანდარტი, როგორც ჩანს, მარტო ველიკოდერჟავული რუსეთისთვის არ არის დამახასიათებელი, მას დემოკრატიის სახელს ამოფარებულ დასავლეთშიც მყარად ჰქონია ფესვები გადგმული...