ფრანგული რადარები ქართული ცის გაკონტროლებას იწყებენ
04-06-2018
ფრანგული რადარები ქართული ცის გაკონტროლებას იწყებენ
ქართველ მეზენიტეებს რუსეთის მთელი ჩრდილო კავკასიის საჰაერო სივრცის "დანახვის" საშუალება ეძლევათ...

26 მაისის დღესასწაულზე თავდაცვის სამინისტრომ პირველად სახალხოდ გამოფინა საფრანგეთში ცოტა ხნის წინ შეძენილი მობილური სამკოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური GM403.
მოგვიანებით, 31 მაისს, ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე, საჰაერო თავდაცვის დღის ზეიმისას GM403-თან ერთად წარმოდგენილი იყო მისი "უმცროსი ძმა" - GM200 და მობილური მართვის პუნქტი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში "კვირის პალიტრაში" არაერთხელ დაგვიწერია საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტების შეძენის თაობაზე, ამიტომაც ამ კონტრაქტების დეტალებზე
აღარ შევჩერდებით და ამჯერად ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, თუ რითი შეიძლება გააძლიეროს საქართველოს საჰაერო თავდაცვა ახალმა შენაძენმა.
GM200 და GM403 განეკუთვნება საშუალო და შორი მოქმედების რადიოლოკაციურ სადგურებს, რომლებსაც მფრინავი ობიექტების აღმოჩენა, შესაბამისად, 250 და 470 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ.
საქართველოს ფართობის გათვალისწინებით ერთ GM403-სა და ორ GM200-ს (სავარაუდოდ, სწორედ
ეს რაოდენობაა შეძენილი) შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის კონტროლი ოკუპირებული ტერიტორიების თავზეც კი, ოღონდ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - მთაგორიანი რელიეფის გამო შორ მაძილზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო ობიექტების დროული აღმოჩენა გართულდება. ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად გადასაწყვეტად საჭიროა მეტი ასეთი თანამედროვე რადიოლოკაციური სადგურის განთავსება შემაღლებულ ადგილებზე, რათა რადიოლოკაციური მონიტორინგის ერთიანი სივრცე შეიქმნას, მაგრამ ეს უდიდეს ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ამ ეტაპზე ახალი ფრანგული შენაძენი საკმარისია ძირითადი სტრატეგიული ობიექტების - დედაქალაქ თბილისისა და ვაზიანის სამხედრო ინფრასტრუქტურის გარშემო საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.
თუკი საჭირო იქნება, GM403-ს "შეჭვრეტა" შეუძლია ქართული ცის მიღმაც, რამდენიმე ასეულ კმ-ზე, მაგალითად, ჩრდილო კავკასიის თავზე, ან ფოთიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ნაწილის მონიტორინგი.
შეძენილი ფრანგული რადიოლოკაციური სადგურების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი მაღალი გამავლობის სატვირთო "რენოს" ბაზაზეა დამონტაჟებული და შედარებით ოპერატიულად შეუძლიათ პოზიციის შეცვლა.
იმედია, ახსნა არ სჭირდება, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება დისლოკაციის ადგილის შეცვლას თანამედროვე ომებში - ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა ავიაციისა და "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის მართვადი რაკეტების საშუალებით უკრაინაში ნაყიდი ორი სამკოორდინატიანი რადიოლოკატორი 36D6-M და ერთი სამოქალაქო რადიოლოკაციური სადგური აგვიფეთქა. ერთი 36D6-M თბილისი-გორის გზაზე შავშვებთან მთაზე ომამდე ერთი წლით ადრეც გახდა "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის რუსული რაკეტის სამიზნე, მაგრამ მაშინ მან მიზნამდე ვერ მიაღწია და სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდა. მიუხედავად ამისა, უკვე აღმოჩენილი ქართული რადიოლოკატორის პოზიცია ერთი წლის განმავლობაში რატომღაც არ შეცვალეს...
თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის განცხადებით, ამ რადიოლოკატორების შეძენით დასრულდა ფრანგულ მხარესთან დადებული კონტრაქტის პირველი ფაზა. მეორე ფაზა, მათი თქმით, ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვის აქტიური სისტემების შესყიდვას.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ აქტუალურია მცირერიცხოვანი ტაქტიკური დანაყოფებისთვის ანტისაჰაერო სისტემების შეძენა. თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელშეკრულების მეორე ფაზა შეიძლება ფრანგული მხარისგან გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენასაც გულისხმობდეს, საფრანგეთი კი "მისტრალის" ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ფართო ექსპორტით მთელ მსოფლიოშია ცნობილი...
მედეა
11 ივნისი 2018 10:19
ტ.ვ "ობიექტივზე" გენერალმა, ბატონმა გურამმა ბრძანა-- სამხედრო ავიაცია, და საზღვაო სამხედრო დანაყოფები ჩვენს ჯარში გაუქმებულია -ო.რატომ?რა ბრძოლისუნარიანი ჯარი გვყავს მაშინ?შეშფოთებული ვარ ამის გამო.

რედაქტორის რჩევით