NATO-ს ავღანეთში ვეხმარებით, რას გვთავაზობს ის სამაგიეროდ? - კვირის პალიტრა

NATO-ს ავღანეთში ვეხმარებით, რას გვთავაზობს ის სამაგიეროდ?

ქართული არმია NATO-ს ავღანეთში დასახმარებლად 700 მებრძოლს უგზავნის, რით დაგვეხმარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოზე რუსეთის აგრესიის გამეორების შემთხვევაში?

თავიდანვე გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი ეჭვი, რომელიც რამდენიმე თვის წინ «კვირის პალიტრაში» გამოვთქვით - ავღანეთში გასაგზავნი ქართული სამშვიდობო კონტინგენტი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოსო.

ორი თვის წინ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთში ერთი ასეული, 170-მდე სამხედრო გაიგზავნებოდა.

გასულ კვირას, ჯერ ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და შემდეგ თავდაცვის სამინისტრომაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ დამატებით ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონი, დაახლოებით 500 კაცი, გაიგზავნება.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ავღანეთში NATO-ს უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების - ISAF-ის შემადგენლობაში მონაწილეობას მიიღებს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, რომელიც აშშ-ის კონტინგენტთან იქნება მიმაგრებული.

მე-2 ქვეითი ბრიგადის ერთი ასეული კი საფრანგეთის კონტინგენტის შემადგენლობაში გაიგზავნება.

გამოდის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 670-700 სამხედრო მოსამსახურე სამშობლოდან 2000 კმ-ის დაშორებით იქნება.

ერთი შეხედვით ეს საგანგაშო არ ჩანს. 2000 სამხედრო, ქართული არმიის საბრძოლო შენაერთების 10%, რამდენიმე წელი ერაყში გვყავდა გაგზავნილი, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და არც რუსული საოკუპაციო ჯარები იდგნენ ცხინვალსა და სოხუმში...

ამ სტატიის ავტორი ერაყში ყოფნისას (2008 წლის მაისი) ცდილობდა, გაერკვია, რა დრო დასჭირდებოდა პირველი ქვეითი ბრიგადის სასწრაფოდ გადმოსროლას საქართველოში. მაშინ საუბარი დაახლოებით ერთ კვირაზე იყო, რეალურად ეს პროცესი უფრო მალეც - სამ-ოთხ დღეში განხორციელდა, მაგრამ რად გინდათ - სწორედ ეს სამი დღე (8-10 აგვისტო) აღმოჩნდა გარდამტეხი აგვისტოს ომში.

ერაყიდან დაბრუნებული პირველი ქვეითი ბრიგადის ახალი შემადგენლობა თბილისის აეროპორტიდან ავტობუსებით პირდაპირ გორისკენ წაიყვანეს, მაგრამ მათ ბრძოლაში მონაწილეობა აღარც მიუღიათ. უარესიც - გორში ჩასულებმა ერაყში უდაბნოში ნაცვამი კამუფლირებული ფორმა გაიხადეს, ახალაშენებულ სამხედრო ბაზაში დააწყვეს და ქართული ფორმა ჩაიცვეს. ამ ბაზაში შეჭრილმა რუსმა მედესანტეებმა კი, სხვა ნაალაფართან ერთად, ეს ფორმებიც გააყოლეს ხელს...

ავღანეთში, სხვადასხვა სამხედრო ბაზასა და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო კონტინგენტების შემადგენლობაში მყოფი ქართული დანაყოფების სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნება სამ-ოთხ დღეში ვეღარ მოხერხდება, რადგან ისინი არ იქნებიან უშუალოდ აეროდრომების სიახლოვეს, როგორც ეს ერაყში იყო (ერაყში, ელ-კუთის ბაზაში, სადაც ძირითადი ქართული სამხედრო კონტინგენტი იდგა, რამდენიმეკილომეტრიანი ბეტონისსაფრიანი აეროდრომია).

ხშირად არის საკამათო - რა დადებითი შედეგი მოაქვს ქართველი სამხედროების გაგზავნას საზღვარგარეთ ასეთ სამშვიდობო მისიებში და რას სწავლობენ ჩვენი მეომრები იქ?

კოსოვოთი დაწყებული (1999 წელი), ქართველი სამხედროები ძირითადად მორიგეობდნენ ჩეკ-პოინტებზე. ერაყის მისიის დროს (2003-2008 წწ.) საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მორიგეობას დაემატა კოლონების გაცილება და იშვიათად - მცირე მასშტაბის ადგილობრივი სპეცოპერაციების ჩატარება (ამერიკელებთან ერთად) კონკრეტული პირების დასაკავებლად.

აგვისტოს ომმა, სამწუხაროდ, გვაჩვენა, რომ ქართულ არმიას ერაყში მიღებული გამოცდილება შეტევაზე გადმოსული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ წარმატებით საბრძოლველად არ გამოადგათ. არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ აგვისტოს რამდენიმედღიან ომში მონაწილე მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის უდიდეს ნაწილს უკვე გამოვლილი ჰქონდა ერაყი, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადა, ახალი მომზადებული იმავე სასწავლო კურსით, ერთ-ორ თვეში აპირებდა ერაყში ჩასვლას და პირველი ქვეითი ბრიგადის ჩანაცვლებას.

ერაყის სამშვიდობო მისიის პროგრამით მომზადება და ერაყში რამდენიმეთვიანი მოქმედების გამოცდილება ქართულ შენაერთებს იმიტომ არ გამოადგათ, რომ მათ არავინ ასწავლიდა მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმის მოგერიებასა და თავშეფარებას; მასიური საარტილერიო დაბომბვების დროს მოქმედებას და, რაც მთავარია, შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკისა და ქვეითების განადგურებას...

აგვისტოს ომამდე ქართული არმია ძირითადად ორი მიმართულებით მზადდებოდა: შეტევითი ბრძოლების წარმოება და ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა.

რეალობა კი სრულიად სხვა და მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა...

ავღანეთში გაგზავნილ ქართველ სამხედროებს ერაყზე უფრო მძიმე პირობებში მოუწევთ მოქმედება. ერაყში ერთგვარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურები მაინც არსებობდა და მათთან ურთიერთშეთანხმება ხდებოდა. ავღანეთში, გვინდა თუ არა, ქართველი სამხედროები ანტიპარტიზანულ ოპერაციებში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით კი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, რადგან ამერიკელებთან მოუწევთ ყოფნა. ამერიკული კონტინგენტი კი ძირითადად ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში მოქმედებს თალიბებისა და "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ, რომლებიც თავს ავღანეთ-პაკისტანის საზღვრებს აფარებენ.

ასეთ დროს ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედების გამოცდილების მიღების უფრო მეტი შანსია, ვიდრე ეს ერაყში იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მოგვიწევს კი ამ სახის ბრძოლები ჩვენს ტერიტორიაზე?

რუსეთის მიერ სეპარატისტული რეჟიმების აღიარების და იქ საოკუპაციო ჯარების ჩაყენების შემდეგ არა ანტიპარტიზანულ, არამედ, სამწუხაროდ, პარტიზანულ ბრძოლაზე უფრო უნდა ვიფიქროთ, რადგან ოს და აფხაზ სეპარატისტებთან კი არა, რუსეთის რეგულარულ სამხედრო დანაყოფებთან მოგვიწევს შეტაკება.

როდესაც მტერი მარტო საზღვარზე კი არ არის მომდგარი, არამედ შენი სამშობლოს ორი ნაწილი აქვს ოკუპირებული, ცოტა ძნელია, შენი სამხედროები სხვაგან სხვისი პრობლემების მოსაგვარებლად გაუშვა.

რა ჯობს, როცა პატარა საქართველოს შეუძლია ამხელა NATO-სა და აშშ-ს დაეხმაროს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ისინი დაგვეხმარებიან კი რეალურად ასევე რეალური რუსული საფრთხისგან თავის დაცვაში?!

აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ NATO-ს ძირითადი დახმარება "აღშფოთებითა" და "შეშფოთებით" შემოიფარგლება. მაგრამ დღემდე არავის უნახავს "შეშფოთების" ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებული რუსული Су-25 ან "აღშფოთების" სისტემის კუმულაციური რეაქტიული ჭურვით აფეთქებული რუსული T-72 ტანკი...

ჯერჯერობით, მცირე ნუგეშად ის რჩება, რომ მე-2 ქვეითი ბრიგადის ასეულის ავღანეთში გაგზავნა სექტემბრის შემდეგ იგეგმება, ხოლო მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა კი გაისად, მანამდე, უახლოეს კვირებში შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს, რაც საერთოდ შეცვლის ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნის გეგმებს...