ახალ "დიდგორს" ტანკების აფეთქებასა და შვეულმფრენების ჩამოგდებას "ასწავლიან"
11-06-2018
ახალ "დიდგორს" ტანკების აფეთქებასა და შვეულმფრენების ჩამოგდებას "ასწავლიან"
შეჯავშნულ "დიდგორ" პიკაპზე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო მოდულების დამონტაჟება იქნება შესაძლებელი
"დელტაში" დამზადებული პირველი ჯავშანმანქანა "დიდგორის" პრეზენტაცია 2011 წლის 26 მაისს შედგა, ზუსტად შვიდი წლის შემდეგ კი "დელტას" კოლექტივმა ამ ჯავშანმანქანის მორიგი მოდიფიკაცია, "დიდგორი-მეომარი" გამოფინა თავისუფლების მოედანზე.

"დიდგორი-მეომარი" საპატრულო ჯავშანმანქანების ტიპს მიეკუთვნება, თუმცა მისი ახალი დიზაინი საინტერესო ჩანაფიქრს ავლენს.
კერძოდ, "დიდგორი-მეომარი" მისი წინამორბედების - "დიდგორი-1"-ისა და "დიდგორი-2"-ისგან განსხვავებით მხოლოდ ხუთკაციან ეკიპაჟს იტევს და პიკაპივით უკანა, ღია საბარგული აქვს. საბრძოლო მოქმედების ზონაში
ხშირად გადასატან ტვირთს ეკიპაჟივით არ სჭირდება ჯავშნით დაცვა და არაგაბარიტული ტვირთიც ყოველთვის არ ეტევა ჯავშანკაფსულის შეზღუდულ სივრცეში. ასეთი შემთხვევებისთვის "დიდგორი-მეომარი" მისწრებაა, თუმცა მაინც რჩება ეჭვი, რომ კონსტრუქტორებს ღია საბარგულის სივრცის გამოყენება უფრო პროდუქტიულადაც შეუძლიათ.
ამ ღია საბარგულის ადგილზე შეიძლება დამონტაჟდეს ასაწევი
ანძა სადაზვერვო აპარატურით ან ტანკსაწინააღმდეგო, ან საზენიტო სარაკეტო მოდულები, რაც "დიდგორს" უფრო მრავალფეროვანსა და შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
მისასალმებელია ისიც, რომ "დელტას" კონსტრუქტორებმა, ბოლოს და ბოლოს, შეამცირეს "დიდგორის" გაბარიტები და, რაც მთავარია, მისი მასა - "მოჭარბებული წონა" "დიდგორს" შექმნის დღიდან "აწუხებდა". თუკი "დიდგორის" პირველი მოდელის სიგრძე 6 120 მმ იყო, ხოლო საბრძოლო მასა - 8 855 კგ, ახალი "დიდგორი-მეომრის" სიგრძე - 5 640 მმ-მდე, საბრძოლო მასა კი 7 000 კგ-მდე შემცირდა.
მასის შემცირება დადებითად უნდა აისახოს "დიდგორი-მეომრის" გამავლობაზე რთულ მთაგორიან რელიეფზე, მით უმეტეს, რომ მისი სავალი ნაწილი და ამორტიზაციის სისტემა გადმოტანილია გაუმჯობესებული შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო "დიდგორი-მედევაკიდან", რომელიც ექსპორტზე საუდის არაბეთში იგზავნება.
მოდულური სქემით, "დიდგორი-მეომარზე" ჩვეულებრივი ტყვიმფრქვევებისა თუ ავტომატური ყუმბარსატყორცნების გარდა, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო ან საზენიტო სარაკეტო შეიარაღების დამონტაჟება მას ეფექტიან და, რაც მთავარია, მობილურ ანგარიშგასაწევ საბრძოლო ძალად აქცევს. წარმოიდგინეთ, "დიდგორი-მეომრის" უკანა ნაწილში დამონტაჟებულ ტანკსაწინააღმდეგო "სკიფებისა" ან საზენიტო "მისტრალების" 4-6-რაკეტიან ბატარეას როგორ ოპერატიულად და ზუსტად შეეძლება მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის დაზიანება და საცეცხლე პოზიციის დროულად დატოვება...
პერსპექტივაში არც უფრო დაპატარავებული "დიდგორის" ახალი ვარიანტის გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს, რომელსაც მხოლოდ ორკაციანი ჯავშანკაბინა ექნება, ოღონდ აღმოჩენისა და დამიზნების ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, რათა მძღოლის გვერდით მჯდომმა მეთაურ-დამმიზნებელმა მიზანი უფრო შორსმსროლელი მართვადი რაკეტებით ზუსტად გაანადგუროს.

ჩვენი დოსიე


356 ცხ.ძ. სიმძლავრის დიზელის ძრავით აღჭურვილი ახალი "დიდგორი-მეომარი" ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალურ 120 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. საწვავის მარაგი 500 კმ-ის გავლის საშუალებას იძლევა. მისი ოთხივე ბორბალი წამყვანია, სიჩქარის გადაცემათა კოლოფი კი - ავტომატური. ეკიპაჟი მძღოლის, მეთაურისა და მსროლელისგან შედგება, დესანტში კი მხოლოდ ორი მებრძოლია. ჯავშანმანქანაზე მონტაჟდება დისტანციურად მართვადი მოდული 7,62 მმ ან 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებით ან 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი. სიახლეა მასზე 23 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის დაყენების შესაძლებლობაც.
ახალი ჯავშანმანქანის გაბარიტებია: სიგრძე - 5,64 მ, სიგანე - 2,35 მ, სიმაღლე - 2,23 მ. მისი საბრძოლო მასა ეკიპაჟის ხუთი წევრით 7 ტ-ს აღწევს.
გაძლიერებულია "დიდგორი-მეომრის" შეჯავშნაც, რამაც ეკიპაჟი 10 მ-დან ნასროლი ტყიამფრქვევის 7,62 მმ კალიბრის ტყვიისგან უნდა დაიცვას.
Army
25 ივნისი 2018 10:49
ბევრი წარმატებები! სრულყოფისკენ სწრაფვა ყოველთვის საჭიროა.

რედაქტორის რჩევით