"რაკეტმზიდი" ჩვენი სამხრეთ კავკასია... - კვირის პალიტრა

"რაკეტმზიდი" ჩვენი სამხრეთ კავკასია...

რაც გინდა კარგი მეზობელი გყავდეს, როცა ის სანადირო თოფის გარდა, პისტოლეტს და სნაიპერულ შაშხანასაც შეიძენს, ცოტა უნდა დაფიქრდე და შეფუცხუნდე...

დღეს ასეთ მდგომარეობაშია საქართველო, რადგან სამხრეთი კავკასია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად გადაიქცა. ამის მთავარი მიზეზი ჩვენი მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებაა.

რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის მილიტარიზებაში რუსეთს დიდი წვლილი შეაქვს და ოკუპირებული ქართული მიწები ჯავშანტექნიკითა და არტილერიით გაავსო, მაგრამ ბაქოსა და ერევნის შეძენილი იარაღის მრავალფეროვნებამ ზღვარს გადააბიჯა.

რამდენიმე დღის წინ ბაქომ ბელორუსიაში შეძენილი სარაკეტო სისტემის "პოლონეზის" პირველი ოფიციალური დემონსტრაცია გამართა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო.

აზერბაიჯანის ეს საპასუხო ნაბიჯი ორიოდე წლის წინ სომხეთში რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების, "ისკანდერების" გამოჩენას მოჰყვა.

ბაქოს მოწონებული "პოლონეზი" ჩინური წარმოების 301 მმ კალიბრის რაკეტებისა და ბელორუსული რვაღერძიანი მობილური გასაშვები დანადგარის სიმბიოზია.

სომხეთში ჩატანილი რუსული "ისკანდერები" 300 კმ-ზე მიფრინავენ (თუკი ისინი არასაექსპორტო ვარიანტია, მაშინ ფრენის რადიუსი 500 კმ ექნებათ); დაახლოებით ამავე მანძილს ფარავს ზერბაიჯანის შეიარაღებაში გამოჩენილი "პოლონეზებიც", ეს კი ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც ერთმანეთის თითქმის ყველა ქალაქის სარაკეტო დაბომბვა შეეძლებათ.

მართალია, ეს რაკეტები არ არის აღჭურვილი მასობრივი განადგურების - ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური - ქობინებით, მაგრამ დამიზნების თანამედროვე სისტემების წყალობით, მათ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად ზუსტი დარტყმის განხორციელება შეუძლიათ. სამიზნე შეიძლება იყოს პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა, გენშტაბის ცენტრალური მართვის პუნქტი.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქართული არმიის "სარაკეტო მუშტის" მაქსიმალური "სიგრძე" 45 კმ-ს არ აღემატება, ანუ მეზობლების სარაკეტო შესაძლებლობებს 7-ჯერ მაინც ჩამოუვარდება, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურ განწყობას ვერ ქმნის.

საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რაც უცილობლად მისასალმებელია, მაგრამ როდესაც ორივე მეზობლის სამხედრო პოტენციალი შენი ქვეყნისას რამდენიმე თავით აჭარბებს, რაღაც უნდა მოიმოქმედო.

ირაკლი ალადაშვილმა