"ჯაველინების" შემდეგ "სტინგერები" - კვირის პალიტრა

"ჯაველინების" შემდეგ "სტინგერები"

ანტისატანკო სისტემა "ჯაველინების" გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-ისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - "სტინგერებს" მიიღებს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ამ ინფორმაციას ქართული არმია, შეიძლება ითქვას, შექმნის დღიდან ელოდა, რადგან ამერიკული "სტინგერები" ავღანეთის ომის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც სწორედ ამერიკელების მიწოდებული ამ ეფექტიანი საზენიტო საშუალებებით ავღანელმა მოჯაჰედებმა საბჭოთა სამხედრო პილოტებს შავი დღე აყარეს.

პირველი "სტინგერები" ავღანეთში 1986 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და 1989 წლის თებერვლამდე, საბჭოთა საოკუპაციო არმიის ავღანეთის ტერიტორიიდან გასვლამდე, მათი შიშით საბჭოთა მოიერიშე თვითმფრინავები 4 კმ-ზე დაბლა აღარ ეშვებოდნენ, ხოლო შვეულმფრენები ძალიან დაბლა, რელიეფის მიყოლებით მიფრინავდნენ. პირველ შემთხვევაში, მოიერიშეების საჰაერო დარტყმების სიზუსტემ მკვეთრად იკლო ფრენის სიმაღლის მომატების გამო, ხოლო დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენები ხშირად მთებს ეჯახებოდნენ, ანუ "სტინგერების" გამოჩენამ ავღანეთის ცაში საბჭოთა საბრძოლო ავიაციის მოქმედება ნაკლებად ეფექტიანი გახადა, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიზანი გახლდათ.

იგივე ფუნქცია "სტინგერებს" 1992-93 წლების აფხაზეთისა და მით უმეტეს, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში შეიძლება შეესრულებინათ, მაგრამ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა ეს არ გააკეთეს, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: პირველი - საქართველოსთვის ასეთი ეფექტიანი საზენიტო საშუალებების გადაცემით მათ არ სურდათ კრემლის გაღიზიანება, მეორე მიზეზი კი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყო - ამერიკელები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ 1,5 მ სიგრძის კომპაქტური "სტინგერები" ქართული არმიის საწყობებიდან ერთ მშვენიერ დღეს არ "გაქრებოდა" და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების ხელში არ აღმოჩნდებოდა.

მისასალმებელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებამ დასძლია წინამორბედების შიში და საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" კვალდაკვალ "სტინგერებსაც" გადმოსცემს.

მაგრამ მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ ქართულ არმიას აქამდე არ გააჩნდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები იყენებდნენ "სტრელა-2მ"-ებს, ხოლო აგვისტოს ომში "იგლასა" და პოლონურ "გრომ-2"-ებს, თუმცა ამერიკული "სტინგერები" ქართველი მეზენიტეების შეიარაღებაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო სივრცის დაცვას 4 კმ სიმაღლემდე.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადების მიუხედავად, რომ "სტინგერი" უახლესი ანტისაჰაერო სისტემაა, "სტინგერი" უკვე თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის და ის 30-მდე ქვეყნის შეიარაღებაშია.

მისი საბრძოლო ათვისება ადვილია და იმ სასწავლო ცენტრის კლასშიც შეიძლება, სადაც დღემდე ქართველ მეზენიტეებს "იგლასა" და "გრომზე" ავარჯიშებენ.

"სტინგერებით", ისევე, როგორც "იგლებითა" და "გრომებით", სპეციალური მობილური საზენიტო ჯგუფების აღჭურვა შესაძლებელს გახდის სამხედრო კოლონების, ასევე სტაციონარული ობიექტების საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდას 4,5 კმ-ის რადიუსსა და 4 კმ სიმაღლემდე. გარდა ამისა, შეიძლება ჩასაფრებების მოწყობა მთის მწვერვალებზეც, საიდანაც "სტინგერის" გათვლას მოწინააღმდეგის 6-7 კმ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავის დაზიანებაც შეუძლია.