"თუ სამშობლო გიყვარს, ჩვენ გვერდზე უნდა დადგე-მეთქი" - ტამიშის დესანტის გასანადგურებლად...
"თუ სამშობლო გიყვარს, ჩვენ გვერდზე უნდა დადგე-მეთქი" - ტამიშის დესანტის გასანადგურებლად...
აფხაზეთის ომში ქართულ არმიას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლის გადატანა 1993 წლის 2-10 ივლისს სოფელ ტამიშთან მოუხდა - რუსი სამხედროების მომზადებული გეგმით აფხაზმა სეპარატისტებმა დესანტი გადმოსხეს და სოხუმი-ოჩამჩირის გზატკეცილის ერთი მონაკვეთი გადაკეტეს.

სეპარატისტებმა ეს ოპერაცია ჩაატარეს მას შემდეგ, რაც 18 ივნისს ტყვარჩელში "ჰუმანიტარული აქციის" სახით რუსმა სამხედროებმა 200 ტ ტვირთი შეიტანეს. ტვირთის შემოწმების საშუალება ქართულ მხარეს არ მიეცა და გამორიცხული არ არის, ამ აქციით სეპარატისტთა ტყვარჩელის დაჯგუფებამ სამხედრო დახმარება
მიიღო.

1993 წლის 1-ლ ივლისს სოხუმის რადიოტექნიკური პოსტის რადიომეტრისტებმა 21 სთ-სა და 22 სთ-ს შორის გუდაუთიდან გამოსული ორი მცურავი საშუალება აღმოაჩინეს. მონაცემები დროისა და კოორდინატების მითითებით მაშინვე მოხსენდა მე-
2 საარმიო კორპუსის შტაბის ოპერატიულ მორიგეს. ინფორმაცია მცურავ საშუალებათა გადაადგილებაზე შტაბს უწყვეტად მიეწოდებოდა, სანამ 2 ივლისის ღამის 2 სთ-ისთვის კონცხ ისკურიას მოეფარებოდნენ და სოხუმის რადიოტექნიკური პოსტის დაკვირვების ზონიდან გავიდოდნენ.

შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს ინფორმაცია რეაგირების გარეშე დარჩა და მას დესანტი მოჰყვა. როცა ასეთ სარისკო ნაბიჯზე მიდიოდნენ, აფხაზებმა იცოდნენ, რომ ღამით ქართული ავიაცია არ დაფრინავდა და სანაპირო დაცვის არტილერიაც სრულყოფილად ვერ მოქმედებდა. გარდა ამისა, ხერხს მიმართეს და სადესანტო საშუალებათა ბორტებს ზღვის მხრიდან პატარა კატარღები ამოაფარეს, რათა რადარის ეკრანზე მხოლოდ ორი ნელმავალი მიზანი ასახულიყო.

ეს ნელმავალი მიზნები თვითმავალი საზღვაო ბარჟა "გუმა" (ყოფილი VC-12) და პატარა სადესანტო ხომალდი (პროექტი 106-R) იყო, რომლებსაც ზღვის მხრიდან ორი "გრიფის", 5-6 "ვოლგის", "ნევკისა" და "ჩიბისის" ტიპის კატარღა ეფარებოდა.

სადესანტო ძალებში შედიოდა: დნესტრისპირელთა ბატალიონ "დელფინის" 10-კაციანი ჯგუფი, სპეცდანიშნულების ჯგუფი "ედელვაისი" (დაახლოებით 40-50 კაცი), ჩრდილოკავკასიელთა რაზმი (40-50 კაცი), დონის კაზაკთა ცალკეული ასეული (დაახლოებით 80 კაცი) და სხვ.

"გუმაზე" 100-მდე მებრძოლი იმყოფებოდა. პატარა სადესანტო ხომალდს დაახლოებით 200 მებრძოლი მოჰყავდა, ხოლო სადესანტო ტრიუმში "გრადის" დანადგარი და საბრძოლო მასალებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი იდგა.

ოპერაციის მიზანი იყო გზატკეცილის ბლოკირებით სოხუმის დამცველების შევიწროება, გუმისთის ფრონტზე ქართული ძალების დასუსტებით შრომის მიმართულებაზე მოქმედების გააქტიურება და სხვ.

2 ივლისის გამთენიისას, 3-4 საათს შორის, სოფელ ნაოჩთან დაახლოებით 600-800 მეტრის სანაპირო ზოლში "ნევკას" ტიპის ორი კატარღიდან ბიჭვინთის ბატალიონის ათამდე მებრძოლი და დნესტრისპირელები გადმოსხდნენ. მათ "გუმაზე" მყოფნი მიჰყვნენ და ბოლოს სანაპიროს პატარა სადესანტო ხომალდი მიადგა. ჯარისკაცებმა გადმოსვლა მოასწრეს და "გრადის" დანადგარიც გადმოიტანეს, მაგრამ საბრძოლო მასალებით დატვირთული მანქანის გადმოყვანა ვეღარ მოესწრო. ოჩამჩირესთან განლაგებულმა 24-ე ბრიგადის ბატარეებმა დესანტირების რაიონს ცეცხლი გაუხსნეს და სადესანტო ხომალდი სასწრაფოდ ზღვაში გაბრუნდა.

დესანტის პარალელურად შეტევაზე გადმოვიდნენ ოჩამჩირის რაიონში მოქმედი მოწინააღმდეგის ფორმირებები, რომლებიც 1 500-2 000 კაცს ითვლიდნენ. ამ მოულოდნელი დარტყმების შედეგად სოხუმი-ოჩამჩირის დამაკავშირებელი გზატკეცილი ჩაიკეტა.

ბლოკირებული გზის გახსნის ოპერაციას ოჩამჩირის მხრიდან გენერალ-მაიორი გუჯარ ყურაშვილი მეთაურობდა:

- ბატონო გენერალო, როდის დაინიშნეთ ოჩამჩირის დაჯგუფების სარდლად, რომელსაც სეპარატისტების მიერ ჩაკეტილი გზა უნდა გაეხსნა?
- 1993 წლის 3 ივლისს შინაგანი ჯარების სარდალმა, გენერალმა გელა ლანჩავამ სამმართველოში დამიძახა და მკითხა, პირველი ოპერატიული ბრიგადა ოჩამჩირეში წასასვლელად მზად იყო თუ არა. ვუპასუხე, რომ ბრიგადა ბრძანების შესასრულებლად მზად იყო. შემდეგ ლანჩავამ მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სოხუმში მყოფ სახელმწიფო მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს სურდა. ამის მერე სადღაც დარეკა და ყურმილი მომაწოდა. შევარდნაძე მომესალმა და მეუბნება, სოხუმი-ოჩამჩირის გზის გახსნა არ ხერხდება, ამის გაკეთება სასწრაფოდ არის საჭირო და 3-4 დღეში თუ მოხერხდებაო, რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცი.
იმავე დღის მეორე ნახევარში შვეულმფრენით ოჩამჩირეში ჩავფრინდი, სადაც გენერალი ზაურ უჩაძე დამხვდა და მეუბნება: "მიღებული მაქვს შევარდნაძის ბრძანება, რომ სოხუმში მხოლოდ ავტომობილით ჩავიდე". გასაგები იყო, რას ნიშნავდა მე-2 საარმიო კორპუსის სარდლისთვის ნათქვამი ეს სიტყვები. ოჩამჩირეში ჩამოსვლის შესახებ ტელეფონით შევარდნაძეს დაუყოვნებლივ მოვახსენე და როცა საუბარი ვადას შეეხო, მე ჩემი მოსაზრება არ შევცვალე.

- რა ძალები იყო თავმოყრილი ოჩამჩირის რაიონში ოპერაციის ჩასატარებლად?
- გზის გასახსნელად ოჩამჩირეში ჩამოვიდა შინაგანი ჯარების პირველი ოპერატიული ბრიგადის ნაწილი, დაახლოებით 350 სამხედრო, 5 ტანკითა და 7 შემოგვიერთდა ჯაბა იოსელიანიც დაახლოებით 400 "მხედრიონელით". ჯაბას როცა ვკითხე, ვინ იყო "მხედრიონის" მეთაური, ასეთი პასუხი გამცა, ყველა მეთაურიაო.
ჯარს წესრიგი და დისციპლინა სჭირდება, ამიტომ "მხედრიონელები" 3 ასეულად და ოცეულებად დავყავი. დავუნიშნე მეთაურები, შევადგენინე პირადი შემადგენლობის სიები, დავაწერინე ბრძანებები და საერთო მეთაურობა გელა გელაშვილს ჩავაბარე. შემდეგ მინდორში გავიყვანე და სამი დღე ტანკებთან ერთობლივ მოქმედებებში ვამეცადინე.

მაგრამ ეს ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ დავურეკე ლოთი ქობალიას და პირდაპირ ვუთხარი, თუ სამშობლო გიყვარს, ჩვენ გვერდზე უნდა დადგე-მეთქი. ლოთიმ 350-მდე მებრძოლი მოიყვანა, მაგრამ არანაირი ტექნიკა არ ჰყავდა.

- როგორი იყო ბლოკირებული გზის გახსნის გეგმა და ვინ რა დავალებას ასრულებდა?
- მოწინააღმდეგეს ბლოკირებული ჰქონდა სოხუმი-ოჩამჩირის გზატკეცილის მონაკვეთი ოჩამჩირესთან მდებარე მაიმუნების საშენიდან სოფელ ახალ კინდღამდე.
სანაპირო ზოლსა და რკინიგზას შორის ლოთი ქობალიას რაზმი იმოქმედებდა ერთი ტანკის მხარდაჭერით. რკინიგზიდან გზატკეცილამდე მონაკვეთზე "მხედრიონი" გადავიდოდა შეტევაზე ორი ტანკის დახმარებით, მარჯვენა ფლანგი გვარდიას ჰქონდა დაკავებული, შინაგანი ჯარი კი რეზერვში დავიტოვე.
გარდა ამისა, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადიდან დასახმარებლად საარტილერიო დივიზიონი და ერთი ტანკი გამოიყო, ხოლო ბრიგადის დანარჩენი ქვედანაყოფები ზურგს გვიმაგრებდნენ.
მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზუსტებლად შინაგანი ჯარებიდან 7 მზვერავი წავიყვანე და ახლომდებარე ადგილებში ორი დღე ტყე-ღრე ვიარეთ.
ქართველი არტილერისტები საცეცხლე პოზიციაზე
- როდის დაიწყო შეტევა და სად იყო ყველაზე მეტი წინააღმდეგობა?

- შეტევა 9 ივლისს, დილის 5 სთ-ზე საარტილერიო მომზადებით დაიწყო. 24-ე ბრიგადის არტილერიამ ზაურ უჩაძის ხელმძღვანელობით ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს მაიმუნების საშენთან, რომელსაც გარს ბეტონის სქელი კედელი ერტყა და ამიტომ ყველაზე რთული ასაღები იყო. ჩვენმა არტილერისტებმა აფხაზების ნაღმსატყორცნთა ბატარეას საპასუხო ცეცხლის გახსნის საშუალება არ მისცეს.
მე ამ დროს სამეთაურო პუნქტზე ვიყავი, საიდანაც ტანკების მოქმედებას ვხელმძღვანელობდი. ტანკების ძლიერი საცეცხლე მხარდაჭერით "მხედრიონმა" 9 სთ-ისთვის მაიმუნების საშენი აიღო. სანაპირო ზოლში შედარებით ნაკლები წინააღმდეგობა შეგვხვდა, ამიტომ ქობალიას ხალხს ზედმეტი წინსვლისგან ვაჩერებდი. გვარდიაც შესანიშნავად მოქმედებდა და წინ მიიწევდა. საღამოს ტამიში ჩვენს ხელში გადმოვიდა და იქ გავჩერდით. მოვაწყვეთ დაცვა და პოზიციები გავამაგრეთ.

მეორე დღის დილით შეტევა განახლდა და მთავარ მიმართულებაზე რეზერვში მყოფი შინაგანი ჯარი შევიყვანე, ხოლო დაახლოებით 10 სთ-ისთვის სოხუმიდან მომავალ გენერალ ვალერი ქვარაიას შევხვდი.

- აფხაზებს დესანტისთვის დამხმარე ძალები ხომ არ მიუშველებია?
- მომდევნო დღეებში დესანტი მუდმივად დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას აღარ ვაძლევდით. ამისათვის ოჩამჩირესთან ზღვაში დავაყენეთ სამეცნიერო გემი "ვექტორი", რომლის რადარი ზღვის სივრცეს დიდ მანძილზე აკონტროლებდა. სანაპიროზე ორი ტანკი იდგა, რომ საეჭვო მცურავი საშუალებებისთვის ცეცხლი გაეხსნა.

- რა დანაკარგი ჰქონდა ოჩამჩირის დაჯგუფებას ამ ოპერაციის შემდეგ?
- 9 მებრძოლი დაგვეღუპა. ბევრად მეტი დანაკარგი ჰქონდათ იმ დანაყოფებს, რომლებმაც დესანტის პირველი დარტყმა მიიღეს. მარტო დუშეთის ბატალიონიდან დაღუპული 43 მებრძოლის ცხედარი დავთვალეთ. მძიმე დანაკარგი ჰქონდათ ბატალიონ "ავაზასა" და სხვებს.


თემურ ჩაჩანიძე
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"
13 ივლისი 2018 14:29
ბატონ გენერალს დაავიწყდა ეხსენებინა "ქართველ შევარდენთა ლეგიონი" რომელიც დესანტის წინ 150კაცის რაოდენობით შევიდა(სრულიად მოულოდნელად) აჩიგვარაში(გალის რაიონი) და პირველი დარტყმა თავის თავზე მიიღო.სწორედ მათმა თავგანწირვამ ჩააგდო მტრის გეგმა მოულოდნელად თავდასხმისა .
სარდალი
12 ივლისი 2018 15:14
ამბობენ გენარალ კამკამიძის დამუშავებული გეგმაც იყოო... რავიცი...
12 ივლისი 2018 12:41
თუ სამშობლო გიყვარს შემოგვიერთდიო.. ამ სამშობლოს სიყვარულში დასინისებულებს პარალლურად უკან გამოსვლა და ოჯახების დაცვა რო უწევდათ რატო არ ახსოვს არავის, ამიტომ იყო ბოლომდე ვერ გამოყენეს თავიანთი ძალები აფხაზეთში,, არც ერთად ბრძოლაზე ამბობდნენ უარს ზოგს რო პირიქით ჰგონია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები