ორი შვეულდრომით ნაკლები? - კვირის პალიტრა

ორი შვეულდრომით ნაკლები?

მოსკოვი ყოყმანობს: ააშენოს თუ არა ოკუპირებულ ცხინვალში ორი შვეულდრომი

აგვისტოს დასაწყისში გადაწყდება, ააშენებენ თუ არა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯავის რაიონში ორ შვეულდრომს.

რუს მოხელეებსა და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის ამ საკითხის გამო სერიოზული უთანხმოებაა.

რუსული მხარე არ მალავს, რომ რუსულმა კომპანია "აეროპროექტმა" ცხინვალის შეკვეთით ჯერ კიდევ 2008 წელს შეადგინა ორი შვეულდრომის ჯავის რაიონში მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია... მაგრამ როდესაც მშენებლობა დააპირეს, აღმოჩნდა, რომ იმ ტერიტორიაზე რუსული მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფები იყო განთავსებული.

ამის შემდეგ რუს მშენებლებს სხვა ადგილები გამოუყვეს, სადაც ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ მათთვის მოულოდნელად ცხინვალის ხელისუფლებამ წაართვა სამშენებლო მონაკვეთები. რუსი სპეციალისტები აცხადებენ, რომ საკმაო თანხები დახარჯეს ამ ორი შვეულდრომის დასაპროექტებლად და მოსამზადებელ სამუშაოზე და თუკი ცხინვალი აგვისტოს დამდეგამდე არ გაარკვევს სიტუაციას, რუსული მხარე უარს იტყვის მათ მშენებლობაზე.

საერთო ჯამში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთი ოთხი შვეულდრომის აგებას აპირებს - ჯავის, ზნაურისა და ახალგორის რაიონებში, ასევე კვაისასთან.

საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ზემო ნიქოზთან ფუნქციონირებდა შვეულდრომი, რომელსაც 460 მ სიგრძის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჰქონდა. ამ შვეულდრომზე დისლოცირებული იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების საშვეულმფრენო პოლკი, რომლის განკარგულებაში 60-ზე მეტი შვეულმფრენი იყო, ძირითადად საბრძოლო МИ-24 ტიპისა.

ერთი შეხედვით, რუსი ოკუპანტებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ამ შვეულდრომის აღდგენა, რომელიც, მართალია, გაძარცულია, მაგრამ შედარებით ადვილად აღსადგენი, რადგან საჭირო აღარ იქნება დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების ჩატარება. თუმცა მოსკოვი თავს იკავებს, რადგან ამ ყოფილი შვეულდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში ქართული სოფელი ზემო ნიქოზია და ოკუპანტებს არ სურთ გარისკვა - შვეულმფრენის ჩამოგდება ყველაზე ადვილი აფრენა-დაფრენის დროსაა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩრდილო კავკასიიდან გადმოსროლილი შვეულმფრენები დროებით ბაზირებდნენ შვეულდრომზე, რომელიც ჯავის რაიონში დაჩქარებული ტემპით მოეწყო (ამ დროებით შვეულდრომზე 2008 წლის 16-17 აგვისტოს ღამეს რუსი მესაზღვრეების შვეულმფრენი მეორეს დააჯდა თავზე, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვა).

ომის შემდგომ ლაპარაკობდნენ, რომ სეპარატისტებს სურდათ დიდი ლიახვის ხეობაში გადამწვარი ქართული სოფლების - თამარაშენ-კეხვის მონაკვეთზე აეშენებინათ საერთაშორისო დონის აეროპორტი, რომლის თითქმის სამკილომეტრიან ბეტონირებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, სამოქალაქოსთან ერთად, საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაც შეეძლებოდა. ჯერჯერობით ამ პროექტზე მოსკოვი დუმს, რაც, ეტყობა, დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თუ ოთხი შვეულდრომი მართლაც აშენდა, რუს ოკუპანტებს მიეცემათ ოპერატიულად მოქმედების საშუალება. მაგალითად, შესაძლებელი გახდება თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალისა და რკინიგზის ხაზის საშვეულმფრენო დესანტით რამდენიმე ათეულ წუთში გადაკეტვა.