შეიარაღებული ძალების კაპრალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
09-07-2018
შეიარაღებული ძალების კაპრალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 წლის გია ჩაჩუა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა "უნიმედის" რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის
სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის
რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით