ისრაელმა "ქართული ინტერესების დათმობისთვის" რუსული "სამადლობელი" მიიღო... - კვირის პალიტრა

ისრაელმა "ქართული ინტერესების დათმობისთვის" რუსული "სამადლობელი" მიიღო...

ისრაელმა 2018 წლის 11 ივლისს გოლანის მაღლობების თავზე საზენიტო "პეტრიოტის" რაკეტით უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს ფაქტი, ერთი შეხედვით, არაორდინარული და სენსაციური არ უნდა მოგვეჩვენოს, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელმა ერაყისა და სირიის ატომური რეაქტორები დაბომბა და დღესაც, როცა მოესურვება, წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს აყენებს ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტებს. მაგრამ სენსაციური ან, თუ გნებავთ, კურიოზულიც ის არის, რომ ჩამოგდებული უპილოტო ისრაელში დამზადებული ნაწილებით იყო აწყობილი და უფრო მეტიც - მასზე იყო რუსული წარწერები!

Gგამოდის, რომ ისრაელმა ჩამოაგდო სირიის ჰმეიმის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ფორპოსტი", რომელიც ებრაული შეარცჰერ Mკ II-ის რუსულ კლონს წარმოადგენს.

როგორ მოხვდა ებრაული უპილოტოები რუსული არმიის შეიარაღებაში?

შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ეს თემა უშუალოდ უკავშირდება საქართველოსა და ათი წლის წინანდელ აგვისტოს ომს.

აგვისტოს ომამდე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ისრაელისგან საიდუმლოდ შეიძინა "ჰერმეს-450"-ისა და "სკაილარკის" ტიპის უპილოტოები. ეს უკანასკნელი ხელით გასაშვები მომცრო ზომის უპილოტოა, "ჰერმესი" კი - მაღალი დონის დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატი, რომლის მსგავსი მაშინ არათუ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რუსეთსაც კი არ ჰქონდა.

2008 წლის გაზაფხულ-ზაფხულში თბილისმა "ჰერმესებით" სეპარატისტული აფხაზეთის საჰაერო დაზვერვა დაიწყო. ამ პერიოდშიც სამი "ჰერმესი" რუსმა სამხედროებმა ჩამოგვიგდეს (მსოფლიო ინტერნეტი მოიცვა "ჰერმესის" ვიდეოკამერის დაფიქსირებულმა უკანასკნელმა კადრებმა, როდესაც მას რუსული გამანადგურებლიდან გაშვებული რაკეტა ხვდება).

ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლებამ საიდუმლო მოლაპარაკება გამართა ისრაელის მთავრობასთან და საქართველოსთვის შეიარაღების, მათ შორის - უპილოტოების მიყიდვის სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვა, სამაგიეროდ დაჰპირდა, რომ ირანს C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს არ მიჰყიდდა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასეც მოხდა - ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ საქვეყნოდ მიანიშნა, რომ აფხაზეთის თავზე ქართული "ჰერმესების" ჩამოყრის შესაძლებლობა რუს სამხედროებს მას შემდეგ მიეცათ, რაც ისრაელიდან ამ უპილოტოების დისტანციურად მართვის კოდები მიიღეს...

ასეა თუ ისე, აგვისტოს ომში ქართულმა არმიამ "ჰერმესების" სადაზვერვო პოტენციალი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ერთი წლის შემდეგ ისრაელისგან უკვე რუსეთმა შეიძინა 400 მლნ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ნაწილის რუსეთშივე აწყობა დაიწყო ისრაელიდან გაგზავნილი ნაწილებით.

ამა წლის 11 ივლისს გოლანის მაღლობებთან ჩამოგდებული რუსული სადაზვერვო "ფორპოსტიც" ამ პარტიის იყო.

ინფორმაციისთვის: უკრაინელებმა დონბასის თავზე ათზე მეტი რუსული სადაზვერვო "ფორპოსტი" ჩამოაგდეს. ასეთივე რუსული "ფორპოსტები" და სხვა უპილოტოები სისტემატურად ზვერავენ საქართველოს ტერიტორიას.

ვინ დარჩა მოგებული საქართველოს საწინააღმდეგო რუსეთ-ისრაელის საიდუმლო მოლაპარაკებით?

რა თქმა უნდა, მოსკოვი, ორი ძირითადი მიზეზით:

პირველი -კრემლმა 2015 წელს ირანს მაინც მიჰყიდა C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რაც სათუოს ხდის ისრაელის შესაძლო საჰაერო დარტყმების წარმატებულ შედეგს.

მეორე - ისრაელს ერთ მილიონდოლარიანი საზენიტო "პეტრიოტით" უწევს თავისივე უპილოტოს ჩამოგდება, რომელიც რუსეთს მიჰყიდა. ათი წლის წინ ისრაელმა პატარა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას დიდ რუსეთთან გარიგება არჩია და მოსალოდნელი შედეგიც მიიღო.

ირაკლი ალადაშვილი