ყარაბაღის ომის განახლება თბილისზეც ყოფილა დამოკიდებული - კვირის პალიტრა

ყარაბაღის ომის განახლება თბილისზეც ყოფილა დამოკიდებული

თუკი აზერბაიჯანს ექნება სრული გარანტია, რომ ოფიციალური თბილისი საქართველოზე არ გაატარებს სომხეთის დასახმარებლად დაძრულ რუსულ სამხედრო კოლონებს, ბაქო მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად საბრძოლო მოქმედებების დაწყებას შორს აღარ გადადებს...

გაეროს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის საბოლოო აღიარების შემდეგ, სავარაუდოდ, დაჩქარდება პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული "თეთრი ლაქების", მათ შორის მთიანი ყარაბაღის მომავლის გარკვევის პროცესი.

სომხეთი, თავისი ძლიერი მსოფლიო ლობის მეშვეობით, ეცდება, განსაზღვროს აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის ოფიციალური სტატუსი და რიგ ქვეყნებს მისი დამოუკიდებლობა აღიარებინოს, თუნდ სერიოზული ფინანსური დაინტერესების გამო (გაიხსენეთ კუნძულ ნაურუს მაგალითი, რომლის ხელისუფლებამაც კრემლის მიერ მიცემულ 50 მლნ დოლარად აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა").

ერევნის საერთაშორისო მცდელობა მთიანი ყარაბაღისთვის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისა, აუცილებლად გამოიწვევს ბაქოს სერიოზულ კონტრზომებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს, სავარაუდოდ, ორი მიმართულება ექნება. ერთი მხრივ, ოფიციალური ბაქო საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროში, ეუთოსა და ევროკავშირში დიპლომატიური გზებით ეცდება, არ დაუშვას ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის მიერ.

მეორე გზა კი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სახიფათო გახდება - აზერბაიჯანი სამხედრო გზით ეცდება აღადგინოს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში შედიოდა.

დღეს აზერბაიჯანის სამხედრო ძალებში (არმია, შინაგანი და სასაზღვრო ჯარები) არანაკლებ 150 ათასი კაცი მსახურობს და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე ბევრად მეტია.

მარტო არმიის რიცხოვნობა და სამხედრო ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სრულ გამარჯვებას. ოფიციალურმა ბაქომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში მათ წინააღმდეგ გამოვლენ არა მარტო ყარაბაღელი სომხები, არამედ სომხეთის რესპუბლიკის რეგულარული არმიის დანაყოფები და ამჟამად სომხეთში რუსულ სამხედრო ბაზებში მომსახურე რუსი სამხედრო სპეციალისტებიც კი.

ბაქოს ალბათ ეს უკვე გათვალისწინებული აქვს, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფიქრებს არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი

- თუკი მართლაც დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები როგორც მთიან ყარაბაღში, ისე აზერბაიჯან-სომხეთის დანარჩენ საზღვრებზე, გაატარებს თუ არა თბილისი რუსეთიდან სომხეთის დასახმარებლად დაძრულ სამხედრო კოლონებს საქართველოს ტერიტორიაზე?

ერთგვარ სახმელეთო იზოლაციაში მოყოლილი სომხეთის არმია წლების განმავლობაში იმარაგებს შეიარაღებასა და საბრძოლო საჭურველს, არანაკლები არსენალია სომხეთში დისლოცირებულ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაშიც, მაგრამ, როგორც წესი, ყველა ფართომასშტაბიან და მით უმეტეს, გაჭიანურებულ ომში გამოჩნდება ხოლმე სახარჯი მასალის - ვაზნების, ჭურვების, ნაღმების, ბომბების თუ საწვავის მარაგის სასწრაფოდ შევსების აუცილებლობა.

ამიტომაც შესაძლებელია, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში მოსკოვმა მოინდომოს სახმელეთო გზით სომხეთში საბრძოლო საჭურვლის დამატებითი მარაგის გადასროლა.

ამისათვის სომხეთმა და რუსეთმა შეიძლება სცადონ ირანის მარშრუტის გამოყენება (1998 წლისთვის ირანის გავლით მართლაც შევიდა რუსეთიდან სომხეთში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება), მაგრამ, ჯერ ერთი, ამას დიდი დრო დასჭირდება და მეორეც, ირანი ალბათ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ეცდება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

ძალაუნებურად რჩება საქართველოს საჰაერო და სახმელეთო გზები. ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლით რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები აგვისტოს ომის შემდგომაც კი, რაც მოესურვებათ, იმას ეზიდებიან სომხეთში.

რაც შეეხება სახმელეთო გზით სამხედრო კოლონების გაგზავნას, მოსკოვმა შეიძლება ეს სამი მიმართულებიდან - ლარსიდან, ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სცადოს.

ტექნიკურად ეს ასე შეიძლება მოხერხდეს: ოფიციალური თბილისის პროტესტის მიუხედავად, ახალგორის რაიონიდან რუსული საოკუპაციო დანაყოფები ბლოკავენ მცხეთა-ხაშურის ცენტრალურ მაგისტრალს (რუსული ტანკები, ჯავშანმანქანები და არტილერია პოზიციებს იკავებს საგურამოსთან, მდ. არაგვის ხიდთან.

მეორე - რუსული ჯავშანდაჯგუფება კი სურამთან კეტავს რიკოთის უღელტეხილს, რათა შეაფერხოს ქუთაისიდან ქართული მე-3 ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთისკენ სვლა). როკის გვირაბის გამოვლით შემოდიან რუსული სამხედრო კოლონები, რომლებიც ჯავშანჯგუფისა და საჰაერო თავდაცვის (კოლონების თავზე მფრენი დამრტყმელი შვეულმფრენების და მოიერიშეების) თანხლებით ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქის გავლით შედიან სომხეთის ტერიტორიაზე.

არსებობს მეორე, უფრო საშიში მარშრუტიც - რუსული სამხედრო დაჯგუფება ბრძოლით ეცდება თბილისის გავლით გავიდეს რუსთავისა და მარნეულის მიმართულებაზე და ისე შეაღწიოს სომხეთში.

თუკი ოფიციალურმა თბილისმა დათმობის პოლიტიკა არჩია და რუსულ სამხედრო კოლონებს გზა უპრობლემოდ გაუხსნა სომხეთისკენ, მაშინ ზემოხსენებული შეიარაღებული დაპირისპირება შეიძლება აღარ იყოს ქართულ მიწაზე, მაგრამ საქართველო ალბათ დიდი ხნით დაკარგავს მეგობრულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან.

მთიან ყარაბაღში დიდი ომის დაწყება საქართველოს სხვა მხრივაც არ აძლევს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოხდება შეიარაღებული შეტაკებები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან, მათ შორის წითელი ხიდის მიდამოებში და ორმხრივი საარტილერიო სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეებიც დაზარალდებიან.

საქართველო-აზერბაიჯანის პრეზიდენტების ბოლო გულთბილი შეხვედრის შემდეგ ოფიციალური ბაქო ალბათ გულისფანცქალით ელოდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საბოლოო პოზიციას ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით...