"ღირსეული პარტნიორები" აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე... - კვირის პალიტრა

"ღირსეული პარტნიორები" აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე...

პირველ აგვისტოს ვაზიანში გაიხსნება მორიგი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2018", რომელშიც რეკორდული, 13 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის პირველად ერთად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებიც, რაც ნატოს პარტნიორი ქვეყნების ისტორიაში ძალზე იშვიათად ხდება. მაგალითად, გასულ წელს საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე სომხურმა მხარემ ბოლო მომენტში თქვა უარი და მათ ნაცვლად აზერბაიჯანული ოცეული ჩამოვიდა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში, რომელიც 15 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს გარდა, ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დანაყოფები და საბრძოლო ტექნიკა.

საინტერესოა, რომ პირველად ამ საუკუნეში ქართულ პოლიგონზე გამოჩნდება გერმანული საბრძოლო მანქანა "მარდერი".

საუკუნე იმიტომ დავაზუსტეთ, რომ ზუსტად ასი წლის წინ, 1918 წლის ივნისში, გერმანულმა კაიზერის არმიამ დამოუკიდებელი საქართველოს დასახმარებლად სხვა შეიარაღებასთან ერთად ექვსი ჯავშანმანქანაც შემოიყვანა, რომელთა ნაწილი შემდეგ ქართულ გვარდიას დაუტოვა.

გერმანული "მარდერების" გარდა, სწავლებაში ტრადიციულად ჩაერთვებიან ამერიკული "აბრამსები", "ბრედლები" და "სტრაიკერები", რომლებიც ფოთის პორტში ბორნებიდან ჩამოტვირთეს და ვაზიანამდე ბორბლებიანი ჯავშანტექნიკა თავისი სვლით ჩამოვიდა, მუხლუხიანები კი უნაგირა გამწევებით ჩამოიტანეს. ქართულ ცაში "ბლექ ჰოუკის" ტიპის ამერიკული შვეულმფრენების გამოჩენაცაა მოსალოდნელი.

სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

სწავლებას "ღირსეული პარტნიორი-2018", წმინდა სამხედროს გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ის რუსული სამხედრო აგრესიის ზუსტად მეათე წლისთავზე იმართება.

თუკი ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, ქართული არმია მარტო უპირისპირდებოდა რუს ოკუპანტებს და მის მხარდამჭერ ოს თუ აფხაზ სეპარატისტებს, დღეს ქართულ მიწაზე ათზე მეტი ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყნის მებრძოლები იმყოფებიან.

ეს პოლიტიკურად თუ პიარის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მაგრამ არ უნდა შეგვაცდინოს, რადგან, რაც უნდა "ღირსეული პარტნიორები" გვყავდეს, ხელს არავინ გაანძრევს, ხვალ მოულოდნელად რუსი სამხედროები შეტევაზე რომ გადმოვიდნენ, პირიქით, მთელი ყურადღება ამ სწავლებაში მონაწილეებისა და მათი საბრძოლო ტექნიკის საქართველოდან სასწრაფო ევაკუაციაზე იქნება გადატანილი და მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიება მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქართულ არმიას მოუწევს.

ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ამერიკელი თუ პოლონელი სამხედროები მშიშრები არიან (პირიქით, ბევრი უკრაინელი თუ ესტონელი სამხედრო უარს არ იტყოდა ქართველების გვერდით საერთო მოწინააღმდეგესთან შებრძოლებაზე), უბრალოდ, ნატოს წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ამას არ დაუშვებენ, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო დღემდე არ არის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი და მასზე არ ვრცელდება კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტი.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ნატოს ბრიუსელის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეიძლება ორმხრივად ითანამშრომლონ ალიანსთან და სამხედრო სწავლებებიც კი გამართონ, მაგრამ მათ ნატოში გაწევრებას რუსეთი არ დაუშვებს და საპასუხო ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

კრემლის მუქარა რომ შესაძლოა რეალურ საფრთხედ გადაიქცეს, ეს საქართველომ ათი, ხოლო უკრაინამ მეოთხე წლისთავზე მწარედ გამოცადა. ამასთან, კრემლს, ფაქტობრივად, შერჩა (ყოველ შემთხვევაში, დღემდე) როგორც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ისე ყირიმის ანექსია, დასავლურ სანქციებს კი მოსკოვში აინუნშიაც არ აგდებენ.

ასე რომ, გვინდა თუ არა, უახლოეს მომავალში, ეტყობა, მხოლოდ ასეთ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს უნდა დავჯერდეთ, რადგან საქართველოს მისაღებად მზად თავად ნატო არ არის. გარდაუვალ რუსულ "ადეკვატურ პასუხს" - განახლებულ სამხედრო აგრესიას ქართულ მიწაზე ალიანსი ვერ და არ დაუპირისპირდება.

ირაკლი ალადაშვილი