ომიდან ორი წლის შემდეგ... - კვირის პალიტრა

ომიდან ორი წლის შემდეგ...

აგვისტოს ომიდან ორი წელი გავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა, რადგან მოსკოვმა არ შეასრულა ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი და არ დაუბრუნდა 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს.

პირიქით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნელ-ნელა ფეხი მოიკიდა მე-7, ხოლო ცხინვალის რეგიონში კი მე-4 რუსულმა სამხედრო ბაზებმა.

ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან, მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, ისევე როგორც ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში, სამხედრო ქალაქების მშენებლობა დაიწყეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში შემავალმა რუსმა მესაზღვრეებმა.

უკვე ყველა ნიშანია საიმისოდ, რომ რუსეთი წასვლას არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ყველანაირად ხელს უწყობს სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

დასავლეთმა კი აგვისტოს ომიდან მხოლოდ მეორე წლისთავზე გაბედა, ეხსენებინა სიტყვა "ოკუპაცია" და ისიც გაკვრით.

პერსპექტივა იმისა, რომ დასავლეთი პოლიტიკური ზეწოლით აიძულებს კრემლს შეასრულოს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, არ არსებობს. პირიქით, რუსეთის ხელმძღვანელობა ყველა ხერხით ეცდება სხვა ქვეყნები აიძულოს (პოლიტიკური თუ ფინანსური შანტაჟით), რომ მიჰბაძონ ნაურუს, ნიკარაგუასა თუ ვენესუელას და აღიარონ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა".

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის მუდმივი განვითარება მნიშვნელოვნად ამტკიცებს კრემლის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სომხეთისთვის სამხედრო დახმარების ოპერატიულად აღმოსაჩენად, თუკი დაიწყება აზერბაიჯან-სომხეთის ფართომასშტაბიანი ომი.

ცხინვალთან, ამაღლებულ ადგილზე მძლავრი თანამედროვე რადიოლოკაციური სადგურის განთავსების შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო დაზვერვა და საჰაერო თავდაცვის სისტემა მუდმივად გააკონტროლებს როგორც სამხრეთ კავკასიის დიდ ნაწილს, ისე თურქეთის ჩრდილო ნაწილის საჰაერო სივრცეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო მანქანის გაძლიერების შემდეგ მოსკოვი გააძლიერებს კონტროლს შავი ზღვის აკვატორიაზე და ერთგვარ დამაბრკოლებელ ბარიერს შეუქმნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას.

შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ალიანსის წევრ ქვეყნებს - ბულგარეთსა და რუმინეთს აღმოსავლეთ სანაპიროდან - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული სამხედრო მანქანა დაუპირისპირდება.

ზემოჩამოთვლილი და კიდევ სხვა მიზეზები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომით კრემლმა ბევრად მეტი მოიგო, ვიდრე მხოლოდ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციაა.