ათი წელი აგვისტოს ომიდან... - კვირის პალიტრა

ათი წელი აგვისტოს ომიდან...

დრო სწრაფად გადის, ათი წლის წინ ქართული მიწა იბომბებოდა და მტერი დედაქალაქისკენ მოიწევდა... მაშინ უფრო უარეს შედეგს, თუნდაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და საქართველოს ნაწილებად დაქუცმაცებას გადავურჩით, მაგრამ შეგვრჩა ორი ოკუპირებული ტერიტორია და რუსული სამხედრო აგრესიის განახლების მუდმივი საფრთხე.

განვლილ პერიოდში, სამწუხაროდ, ვერც საქართველომ და ვერც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ვერ გადადგეს რეალური ნაბიჯები რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ამას სუბიექტური და, რაც მთავარია, ობიექტური მიზეზები აქვს. სუბიექტურში შეიძლება მოხვდეს აგვისტოს ომის შემდგომ ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტაში საქართველოს სხვადასხვა მთავრობის არათანამიმდევრული პოლიტიკა (მათ შორის არასაკმარისი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე), მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც უპირველესი ობიექტური მიზეზია - რუსეთის ფაქტორი.

რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება ვერც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ვერც მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და მით უმეტეს, ყირიმი-დონბასის პრობლემები. იმიტომ ვერ მოგვარდება, რომ კრემლი იმთავითვე ამ პრობლემების სათავე და კონფლიქტების მხარეა, როგორც უნდა ცდილობდეს ამის მიჩქმალვას.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების სურვილიც გახდა. ამ ომით რუსეთმა საქართველო ალიანსისკენ მიმავალ გზაზე ძალზე დაამუხრუჭა.

ათი წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმეორებს იმ სიტყვებს, რომლებიც აგვისტოს ომის დაწყებამდე აქვს ნათქვამი - რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესაძლებლობას და ყველანაირად შეეწინააღმდეგება ამას.

ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ კრემლი ისევ გაბედავს საქართველოში სამხედრო აგრესიას, თუკი ჩვენი ქვეყანა მართლაც აღმოჩნდება ალიანსის სრულფასოვანი წევრობის წინაშე?

სამწუხაროდ, ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რადგან კრემლს შერჩა როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესია საქართველოში, ისე 2014 წელს უკრაინაში ყირიმისა და დონბასის ანექსია.

"ღირსეული პარტნიორი-2018"

აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე საქართველოში მორიგი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2018" მიმდინარეობს. სიმბოლურია, რომ ასეთი მძიმე დღეების მეათე წლისთავზე პარტნიორი ქვეყნების სამხედროები და მათი საბრძოლო ტექნიკა ჩვენს ტერიტორიაზეა, მაგრამ ეს პანაცეა არ არის, ჯერჯერობით საქართველოს რეალური დამცველი ისევ ქართული არმია და საზოგადოების პატრიოტიზმია, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრობამდე მათ სამხედრო დახმარებაზე ფიქრიც არ ღირს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ირაკლი ალადაშვილი