"მფრინავმა ინდიელმაც" გადაგვიფრინა... - კვირის პალიტრა

"მფრინავმა ინდიელმაც" გადაგვიფრინა...

გასულ კვირას ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2018"-ის აქტიური ფაზა მიმდინარეობდა.

13 ქვეყნის სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებების სხვადასხვა სცენარი გაითამაშეს და დახვეწეს ერთიანი მოქმედების ტაქტიკა, მათ შორის ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკის გამოყენებით.

ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ახალი (ჩვენთვის) საბრძოლო ტექნიკის ქართულ პოლიგონზე პირველად გამოჩენაა.

ოთხი წლის წინ ამ მხრივ პირველი ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი" გახლდათ, მომავალ წელს უკვე "აბრამსის" ტანკი გამოჩნდა, მას ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი" მოჰყვა, წელს კი სიახლედ თვით "მფრინავი ინდიელი" - საბრძოლო შვეულმფრენი AH-64 "აპაჩი" მოგვევლინა.

რომ ვთქვათ, ქართულ არმიას მანამდე შეჯავშნული საბრძოლო შვეულმფრენი არ უნახავსო, ტყუილი იქნება, პირიქით, საქართველო მსოფლიოს იმ ორ ათეულამდე ქვეყნის რიგებში იყო, რომელთაც შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1992 წლიდან საბრძოლო შვეულმფრენი Vბ-24-ები ჰყავდათ.

ექვსი "მფრინავი ნიანგი" 1992 წლის გაზაფხულზე მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა რუსი გენერლებისგან იყიდა. ეს შვეულმფრენები ცხინვალის პოლკიდან იყო, თუმცა რუსი ინსტრუქტორები ქართველ პილოტებს "ნიანგებზე" ფრენას თელავის საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე ასწავლიდნენ.

აფხაზეთის ომის დროს ქართულმა "ნიანგებმა" რამდენიმე ათეული საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და მოწინააღმდეგეს ზარალიც მიაყენეს, თუმცა დანაკარგი თავადაც განიცადეს - ამ ომში სამი "ნიანგი" ჩამოგვიგდეს, დაიღუპნენ მფრინავებიც, მათ შორის ჯიმი მაისურაძე.

მეორე ომი ქართული "ნიანგებისთვის" ათი წლის წინ შედგა. აგვისტოს ომის დროს ქართული საბრძოლო შვეულმფრენების ეკიპაჟებმა ოთხი ჯგუფური გაფრენა შეასრულეს, მათგან ორი - საბრძოლო, შეიარაღების გამოყენებით, რაც რუსი არტილერისტების საავტომობილო კოლონის განადგურებით დასრულდა სოფელ ძევერასთან. აგვისტოს ომში ქართული "ნიანგების" ჩამოგდება მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო, სამაგიეროდ, დაპყრობილ სენაკის აეროდრომზე ორი "ნიანგი" დაგვიწვა, რომლებიც გასარემონტებელი იყო და იმ მომენტში აფრენა არ შეეძლოთ.

ომის შემდგომ ხუთი საბრძოლო შვეულმფრენი დაგვრჩა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში ისინი "ვეღარ" ჩაეწერა და მათი კაპიტალური რემონტი არ არის გათვალისწინებული, პირიქით, მათ გაყიდვაზეა ლაპარაკი.

თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს ამჟამინდელ სტუმარს - "მფრინავ ინდიელს".ამერიკული "აპაჩი" საბჭოთა "მფრინავი ნიანგის" შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საბრძოლო შვეულმფრენია. შედარებისთვის: დაახლოებით 3 500 "ნიანგზე" 2 ათასი "აპაჩი" მოდის.

"აპაჩი" მსოფლიოში მესამე შეჯავშნული საბრძოლო შვეულმფრენი იყო ამერიკული "კობრასა" და საბჭოთა "ნიანგის" შემდეგ, რომლის ექსპლუატაცია 1984 წლიდან დაიწყო.

"აპაჩის" საბრძოლო ნათლობა 1989 წელს პანამაში შედგა. მას შემდეგ ყველა ომში იყენებდნენ, რომლებშიც აშშ-ის სახმელეთო ჯარებს მიუღიათ მონაწილეობა - ერაყში, ყოფილ იუგოსლავიაში, ავღანეთში... ამერიკელების გარდა, "აპაჩებს" "სამეზობლო" შეიარაღებულ კონფლიქტებში ხშირად იყენებს ისრაელიც. მიზეზთა გამო (საავიაციო შემთხვევა, საბრძოლო დაზიანება და ა.შ.) დღემდე არანაკლებ 152 "აპაჩია" ჩამოვარდნილი.

"აპაჩის" კოზირი, შეჯავშნის გარდა, მისი თანამედროვე ელექტრონულ-ოპტიკური და რადიოლოკაციური სისტემებია, რომლებიც ორკაციან ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიშორიდან, 11 კმ-იდან "ჰელფაირის" მართვადი რაკეტით თითქმის ნებისმიერი ტანკი ააფეთქოს, ისე, რომ თავად "აპაჩი" არ შევიდეს მოწინააღმდეგის საჯარისო-საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში.

"აპაჩი" "ცივი ომის" დროს ერთი მიზნით შეიქმნა - გაენადგურებინა ის საბჭოთა სატანკო არმადები, რომლებიც მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპიდან შეიძლება ლა-მანშისკენ დაძრულიყვნენ.

ერაყის ორივე ომში ამერიკულმა "აპაჩებმა" დაადასტურეს, რომ შეუძლიათ საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკასთან ეფექტიანად ბრძოლა, ანუ ის, რაც ჩვენ ასე გვჭირდებოდა ათი წლის წინ აგვისტოს ომში.

რა თქმა უნდა, 50-60 მლნ დოლარად ღირებულ "აპაჩზე" ("ლონგბოუსა" და "გარდიანის" თანამედროვე მოდიფიკაციები) ფიქრიც არ ღირს, მაგრამ ზოგისთვის "ჩამოწერილი" და გასაყიდად გამზადებული ჯერ კიდევ ჩვენი "ნიანგები" კაპიტალური რემონტის შემდეგ კიდევ დიდხანს შეძლებენ ქვეყნის თავდაცვაზე "ზრუნვას". მოიერიშე თვითმფრინავებისგან განსხვავებით (რომლებიც ასევე გასაყიდადაა გამზადებული), შვეულმფრენებს არ სჭირდებათ სტაციონარული აეროდრომები (რომელთა ზუსტი კოორდინატები მტერმა წინასწარ იცის და შეუძლია წერტილოვანი საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების მიყენება) და მოწინააღმდეგეს გაუჭირდება მათი დროებითი ბაზირების ადგილების აღმოჩენა, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა - საჰაერო დარტყმების შემდეგ ქართული "ნიანგები" საწვავისა და საბრძოლო საჭურვლის შესავსებად ისეთ იმპროვიზებულ ადგილებში სხდებოდნენ, რომ მოწინააღმდეგეს აზრადაც არ მოუვიდოდა.

ირაკლი ალადაშვილი