"მფრინავმა ინდიელმაც" გადაგვიფრინა...
"მფრინავმა ინდიელმაც" გადაგვიფრინა...
გასულ კვირას ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2018"-ის აქტიური ფაზა მიმდინარეობდა.
13 ქვეყნის სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებების სხვადასხვა სცენარი გაითამაშეს და დახვეწეს ერთიანი მოქმედების ტაქტიკა, მათ შორის ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკის გამოყენებით.

ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ახალი (ჩვენთვის) საბრძოლო ტექნიკის ქართულ პოლიგონზე პირველად გამოჩენაა.

ოთხი წლის წინ ამ მხრივ პირველი ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი" გახლდათ, მომავალ წელს უკვე "აბრამსის" ტანკი გამოჩნდა, მას ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი" მოჰყვა, წელს კი სიახლედ თვით
"მფრინავი ინდიელი" - საბრძოლო შვეულმფრენი AH-64 "აპაჩი" მოგვევლინა.

რომ ვთქვათ, ქართულ არმიას მანამდე შეჯავშნული საბრძოლო შვეულმფრენი არ უნახავსო, ტყუილი იქნება, პირიქით, საქართველო მსოფლიოს იმ ორ ათეულამდე ქვეყნის რიგებში იყო, რომელთაც შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1992 წლიდან საბრძოლო შვეულმფრენი Vბ-24-ები ჰყავდათ.
ექვსი "მფრინავი ნიანგი" 1992 წლის გაზაფხულზე
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა რუსი გენერლებისგან იყიდა. ეს შვეულმფრენები ცხინვალის პოლკიდან იყო, თუმცა რუსი ინსტრუქტორები ქართველ პილოტებს "ნიანგებზე" ფრენას თელავის საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე ასწავლიდნენ.

აფხაზეთის ომის დროს ქართულმა "ნიანგებმა" რამდენიმე ათეული საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და მოწინააღმდეგეს ზარალიც მიაყენეს, თუმცა დანაკარგი თავადაც განიცადეს - ამ ომში სამი "ნიანგი" ჩამოგვიგდეს, დაიღუპნენ მფრინავებიც, მათ შორის ჯიმი მაისურაძე.
მეორე ომი ქართული "ნიანგებისთვის" ათი წლის წინ შედგა. აგვისტოს ომის დროს ქართული საბრძოლო შვეულმფრენების ეკიპაჟებმა ოთხი ჯგუფური გაფრენა შეასრულეს, მათგან ორი - საბრძოლო, შეიარაღების გამოყენებით, რაც რუსი არტილერისტების საავტომობილო კოლონის განადგურებით დასრულდა სოფელ ძევერასთან.
აგვისტოს ომში ქართული "ნიანგების" ჩამოგდება მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო, სამაგიეროდ, დაპყრობილ სენაკის აეროდრომზე ორი "ნიანგი" დაგვიწვა, რომლებიც გასარემონტებელი იყო და იმ მომენტში აფრენა არ შეეძლოთ.

ომის შემდგომ ხუთი საბრძოლო შვეულმფრენი დაგვრჩა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში ისინი "ვეღარ" ჩაეწერა და მათი კაპიტალური რემონტი არ არის გათვალისწინებული, პირიქით, მათ გაყიდვაზეა ლაპარაკი.

თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს ამჟამინდელ სტუმარს - "მფრინავ ინდიელს".ამერიკული "აპაჩი" საბჭოთა "მფრინავი ნიანგის" შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საბრძოლო შვეულმფრენია. შედარებისთვის: დაახლოებით 3 500 "ნიანგზე" 2 ათასი "აპაჩი" მოდის.
"აპაჩი" მსოფლიოში მესამე შეჯავშნული საბრძოლო შვეულმფრენი იყო ამერიკული "კობრასა" და საბჭოთა "ნიანგის" შემდეგ, რომლის ექსპლუატაცია 1984 წლიდან დაიწყო.

"აპაჩის" საბრძოლო ნათლობა 1989 წელს პანამაში შედგა. მას შემდეგ ყველა ომში იყენებდნენ, რომლებშიც აშშ-ის სახმელეთო ჯარებს მიუღიათ მონაწილეობა - ერაყში, ყოფილ იუგოსლავიაში, ავღანეთში... ამერიკელების გარდა, "აპაჩებს" "სამეზობლო" შეიარაღებულ კონფლიქტებში ხშირად იყენებს ისრაელიც. მიზეზთა გამო (საავიაციო შემთხვევა, საბრძოლო დაზიანება და ა.შ.) დღემდე არანაკლებ 152 "აპაჩია" ჩამოვარდნილი.

"აპაჩის" კოზირი, შეჯავშნის გარდა, მისი თანამედროვე ელექტრონულ-ოპტიკური და რადიოლოკაციური სისტემებია, რომლებიც ორკაციან ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიშორიდან, 11 კმ-იდან "ჰელფაირის" მართვადი რაკეტით თითქმის ნებისმიერი ტანკი ააფეთქოს, ისე, რომ თავად "აპაჩი" არ შევიდეს მოწინააღმდეგის საჯარისო-საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში.

"აპაჩი" "ცივი ომის" დროს ერთი მიზნით შეიქმნა - გაენადგურებინა ის საბჭოთა სატანკო არმადები, რომლებიც მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპიდან შეიძლება ლა-მანშისკენ დაძრულიყვნენ.

ერაყის ორივე ომში ამერიკულმა "აპაჩებმა" დაადასტურეს, რომ შეუძლიათ საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკასთან ეფექტიანად ბრძოლა, ანუ ის, რაც ჩვენ ასე გვჭირდებოდა ათი წლის წინ აგვისტოს ომში.

რა თქმა უნდა, 50-60 მლნ დოლარად ღირებულ "აპაჩზე" ("ლონგბოუსა" და "გარდიანის" თანამედროვე მოდიფიკაციები) ფიქრიც არ ღირს, მაგრამ ზოგისთვის "ჩამოწერილი" და გასაყიდად გამზადებული ჯერ კიდევ ჩვენი "ნიანგები" კაპიტალური რემონტის შემდეგ კიდევ დიდხანს შეძლებენ ქვეყნის თავდაცვაზე "ზრუნვას". მოიერიშე თვითმფრინავებისგან განსხვავებით (რომლებიც ასევე გასაყიდადაა გამზადებული), შვეულმფრენებს არ სჭირდებათ სტაციონარული აეროდრომები (რომელთა ზუსტი კოორდინატები მტერმა წინასწარ იცის და შეუძლია წერტილოვანი საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების მიყენება) და მოწინააღმდეგეს გაუჭირდება მათი დროებითი ბაზირების ადგილების აღმოჩენა, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა - საჰაერო დარტყმების შემდეგ ქართული "ნიანგები" საწვავისა და საბრძოლო საჭურვლის შესავსებად ისეთ იმპროვიზებულ ადგილებში სხდებოდნენ, რომ მოწინააღმდეგეს აზრადაც არ მოუვიდოდა.

ირაკლი ალადაშვილი
ამერიკელი
11 სექტემბერი 2018 07:02
რუსეთისტანა მეგობარი საქართველოს არასდროს ყოლია და არც ეყოლება. ყველა მხრიდან ლანძღვის მერე მაგათაც ჟკუა ისწავლეს და საქართველოს და მისი "პარტნიორების" საქმეში თავს აგარავინ შემოყოფს.
qutaiseli
08 სექტემბერი 2018 13:06
29 აგვისტო 2018 16:21ქუთაისელს
და შენ ვისი მეგობარი ხარ გარკვეული გააქ??საით მიდიხარ თუ იცი?ამიტომ ამერიკას ერთი ადგილით თამაში არ უყვარს, არ უყვარს როცა კუდს უქიცინებ იმასაც და იმასაც, გარკვევით უნდა მართო ქვეყან და თქვა,გამოაცხადო თუ საით მიგყავს სამშობლო. ჩვენ დღეს კრემლისკენ მიგვაქანებს აგენტი ბორია და რატომ უნდა გაჩუქოს ამერიკელმა თუნდა ერთი დოლარი?! მეგობრობა ნიშნავს გაბედულებას,ბრძოლას, თავდადებას, სიყვარულს. ჩვენ არცერთი აქედან არ გვაქ,ისკიარადა ერთმანეთის ხოცვაში ვართ ჩართულნი,მტერი თავზე გვადგია და ჩვენ ერთმანეთს დავდევთ წვერიანი თუ უწვერო მოსაკლავად. აბა ერთი მითხარი ჩვენ ღირსნი ვართ მეგობრობის??ჩვენ კი გვაქ გარკვეული ეგ თემა ამერიკელებს და მათ გადამეტებულ მეხოტბეებს არააქვთ ეტყობა გარკვეული ან რა კრემლზე მესაუბრები საერთოდ თუ იარაღის მოცემა უნდოდა დემოკრატიის შუქურა რო დაგვისვეს აქ იმისთვის მიეცათ მაშვინ ხო მივექანებოდით დასავლეთის კენ შხუილ შხუილით.მაგ ზღაპრების არავის ჯერა და დემაგოგიას უფრო გავს ვიდრე სერიოზულ საგნობრივ საუბარს.ეგ კიარა ვისაც ქონდა იარაღი ისიც განაიარაღენ და მიაგდენ უპატრონო ბავშვივით .მივიდა მერე ვალოდია და გადაყლაპა წყლის დაუყოლებლად.
ქუთაისელს
29 აგვისტო 2018 16:21
და შენ ვისი მეგობარი ხარ გარკვეული გააქ??საით მიდიხარ თუ იცი?ამიტომ ამერიკას ერთი ადგილით თამაში არ უყვარს, არ უყვარს როცა კუდს უქიცინებ იმასაც და იმასაც, გარკვევით უნდა მართო ქვეყან და თქვა,გამოაცხადო თუ საით მიგყავს სამშობლო. ჩვენ დღეს კრემლისკენ მიგვაქანებს აგენტი ბორია და რატომ უნდა გაჩუქოს ამერიკელმა თუნდა ერთი დოლარი?! მეგობრობა ნიშნავს გაბედულებას,ბრძოლას, თავდადებას, სიყვარულს. ჩვენ არცერთი აქედან არ გვაქ,ისკიარადა ერთმანეთის ხოცვაში ვართ ჩართულნი,მტერი თავზე გვადგია და ჩვენ ერთმანეთს დავდევთ წვერიანი თუ უწვერო მოსაკლავად. აბა ერთი მითხარი ჩვენ ღირსნი ვართ მეგობრობის??
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები