ჩვენ ვგლოვობთ, ისინი მეგობრდებიან... - კვირის პალიტრა

ჩვენ ვგლოვობთ, ისინი მეგობრდებიან...

როდესაც საქართველო აგვისტოს ომის ორ წლისთავზე დაღუპულებს გლოვობდა, რუსეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ...

8-11 აგვისტო რუსული სამხედრო აგრესიის დღეებია, მაშინ რუსული ბომბდამშენები საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან ასეულობით კმ-ით დაშორებულ მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავდნენ კახეთსა თუ აჭარაში.

ორი წლის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო ომში დაღუპულებს გლოვობდა, ალასკაზე რუსი და ამერიკელი სამხედრო პილოტები გვერდიგვერდ დაფრინავდნენ და მეგობრობას ეფიცებოდნენ ერთმანეთს.

ალასკაზე 8-11 აგვისტოს ერთობლივი რუსულ-ამერიკულ-კანადური კონტრტერორისტული ოპერაცია გაიმართა სახელწოდებით "მახვილთვალა არწივი". სწავლების მიზანი გახლდათ ტერორისტების მიერ დაპყრობილი სამგზავრო თვითმფრინავის აღმოჩენა და გაცილება.

აგვისტოს ომის გამო, რა თქმა უნდა, ვერავის დაუშლი, არ გაიცინოს და არ იმხიარულოს, მით უმეტეს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

თუმცა გული მტკივა, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მეგობრებად მიჩნეულმა ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოს დამბომბველი რუსი პილოტების კოლეგებთან თანამშრომლობა და მეგობრობის განმტკიცება ჩვენთვის ასე მძიმე დღეებს - 8-11 აგვისტოს დაამთხვიეს.

ისე, უნდა ითქვას, რომ ეს სწავლება სწორედ 2008 წლის 8-11 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ მაშინ ამერიკულმა მხარემ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, არც მოსკოვს ეცალა საამისოდ, რადგან თითოეულ ნაწილში სათითაოდ აგროვებდა გამოცდილ პილოტებს, ქართული მიწის დასაბომბად რომ გამოეგზავნა.

აგვისტოს ომის დროს აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა საკმაო ინფორმაცია მოიპოვეს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმზე, რუსული არმიის მართვისა და შეიარაღების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამ საქმემ, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ერთგვარ ცდისპირად აქცია, რომელზეც ასეთი საშინელი გამოცდა ჩატარდა.

დღეს საქართველო რეალურად ვეღარ აკონტროლებს თავისი ტერიტორიის ორ დიდ რეგიონს და პერსპექტივაც სახარბიელო არ ჩანს, სამაგიეროდ, აშშ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ახალ, მეგობრულ კავშირს ამყარებს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები ნაკლებად არის გათვალისწინებული...