რეზერვის შექმნის მესამე ცდა... - კვირის პალიტრა

რეზერვის შექმნის მესამე ცდა...

დაიწყო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა, რომელზეც მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული, გვეყოლება თუ არა რეალურად მოქმედი სარეზერვო სამსახური

საქართველოში სარეზერვო სამსახურის შექმნის მესამე ცდა დაიწყო. პირველმა ორმა, რომლებიც აგვისტოს ომამდე და მას შემდეგ განხორციელდა, ფიასკო განიცადა (მიუხედავად იმისა, რომ მათზე სამ ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა) და ქვეყანა მომზადებული რეზერვისტების გარეშე დატოვა. ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორად დაგეგმილი და ჩატარებული სწავლების ეტაპები გახლდათ, რასაც დაემატა აგვისტოს ომის დროს მართვის რგოლის სრული მარცხი და კიდევ გადავრჩით, რომ მობილიზებულ და საბრძოლო მოქმედების რაიონში გადასროლილ რეზერვისტებს შორის დიდი მსხვერპლი არ ვნახეთ... სარეზერვო სამსახური ნებისმიერ ქვეყანას და, უპირველესად, საქართველოსნაირს რომ სჭირდება, იმედია, საკამათო არ არის.

საქართველოს ბიუჯეტს არ შეუძლია კონტრაქტის საფუძველზე დაკომპლექტებული მრავალრიცხოვანი რეგულარული არმიის შენახვა. მეორე მხრივ, 30 ათასზე მცირერიცხოვან ქართულ არმიას (რომლის პირადი შემადგენლობის ნაწილი მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, ემზადება იქ გასამგზავრებლად, ან უკვე ჩამოსულია ავღანეთიდან და ერთთვიანი დასვენება სჭირდება) არ შეუძლია, დიდხანს გაუმკლავდეს მომხდურს (პოტენციურ მომხდურში მხოლოდ რუსეთის არმია როდი იგულისხმება), მას დახმარება, გვერდით დგომა და საბრძოლო დანაკარგის შევსება სჭირდება. სწორედ ეს ფუნქციები უნდა იკისროს სარეზერვო სამსახურმა, რომლის ჩამოყალიბების მესამე ცდა უსათუოდ წარმატებული უნდა იყოს - სხვა გზა არ არსებობს.

სამიოდე წლის წინ მეც ვმონაწილეობდი სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის შექმნაში და ვეთანხმები მის ძირითად მიმართულებებს, ძირითადი კი ის გახლავთ, რომ სარეზერვო სამსახური საყოველთაო უნდა გახდეს და მოიცვას საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილი. ეს დაგვაახლოებს ტოტალური თავდაცვის მოდელს, რომელიც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის მართლაც შვებაა.

სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს სამობილიზაციო და აქტიური რეზერვის სისტემის შექმნას. სამობილიზაციო რეზერვი, ისევე როგორც, ვთქვათ, 20-25 წლის წინ, ითვალისწინებს 18-დან 60 წლამდე ასაკის ბრძოლისუნარიანი მამაკაცების სავალდებულო მობილიზაციას საომარი მოქმედებების გამოცხადების დროს, აქტიური რეზერვი კი საინტერესო სიახლეა. ის სამ ნაწილად იყოფა - შეიარაღებული ძალების, ტერიტორიულ და სპეციალისტების რეზერვად.

შეიარაღებული ძალების რეზერვისტებად, ძირითადად, ის პირები ჩაირიცხებიან, ვისაც უკვე აქვთ სამხედრო სამსახურის გამოცდილება საკონტრაქტო ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ და რეგულარული მომზადების შემდეგ შეეძლებათ საბრძოლო დანაყოფთან შერწყმა.

ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში პირველ ეტაპზე 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ამ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟად ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ.

რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

შეიარაღებული კონფლიქტების გარდა, რეზერვის მონაწილეობა გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციაში, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ. გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას გამოძახებიდან მაქსიმალური გამოცხადების დრო 12 საათი აქვს (თუმცა 2-3 საათშიც შეუძლია). მობილიზებული 170 კაცი სტიქიას შეებრძოლება.

რაც შეეხება სპეციალისტთა რეზერვს, აქ არის სამოქალაქო სპეციალობის 69-მდე ჩამონათვალი. თუ თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ შემთხვევაში დასჭირდება ესა თუ ის სპეციალისტი, ისინი მათ რიგებს შეავსებენ. მოთხოვნა, ძირითადად, არის კიბერუსაფრთხოებისა და აიტი-დეპარტამენტიდან. რეზერვი მათ სპეციალისტებთან ერთად მომზადდება და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახებენ.

რეზერვისტების შეკრება წელიწადში არანაკლებ 45 დღეა, მაგრამ თუ იქნება დამატებითი გამოძახება, რეზერვისტი იღებს შესაბამის ანაზღაურებას - დღეში 25 ლარს. გამოძახების პერიოდში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. კანონი ყველას ავალდებულებს, ხელი არ შეუშალონ პირს, რომელიც გაივლის შერჩევას და ჩაირიცხება რეზერვში.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სამხედრო-სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია, აგრეთვე "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები, რაც ნიშნავს, რომ სოციალურ აგენტს უფლება არა აქვს, მოუხსნას დახმარება იმ სოციალურად დაუცველ პირს, რომელიც რეზერვში ჩაირიცხება.

რეზერვისტების მოსამზადებლად გამოყოფილია ორი რაიონი - ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა, რომელიც დისლოცირებულია ქალაქ ბათუმში და მე-20 კადრირებული ბრიგადა ქალაქ თელავში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ბათუმში დისლოკაციის ადგილია ადლია, საწვრთნელი ცენტრი და სასროლეთი "სორტა", თელავში - საწვრთნელი ცენტრი "პალდო" და სასროლეთი "პალდო".

აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის შესრულების გაანალიზების შედეგად, მისი წარმატების შემთხვევაში, 2019 წლის ივნისიდან დაგეგმილია მასში იმერეთის რეგიონისა და დედაქალაქის ჩართვაც.

როგორი რეზერვი ჰყავთ სხვა ქვეყნებს...

ლატვიის შეიარაღებული ძალების რეზერვი სამხედრო სამსახურგამოვლილი ხუთი ათასამდე ადამიანისგან შედგება, რომლებმაც ომის დაწყების შემთხვევაში საერთო მობილიზაციის დროს დამატებით 14 ქვეითი და თითო-თითო საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო ბატალიონები უნდა დააკომპლექტონ. Lლიეტუვის არმიას 6 700 რეზერვისტის დახმარების იმედი აქვს, ესტონეთის 5,5-ათასიან რეგულარულ არმიას კი უკან უზარმაზარი რეზერვი - 30 ათასამდე კაცი უდგას...

ირაკლი ალადაშვილი