ომი სირიაში გადამწყვეტ ფაზაში შედის...
ომი სირიაში გადამწყვეტ ფაზაში შედის...
პუტინი შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლეს საბჭოთა ლიდერებმა - სტალინით დაწყებული, ბრეჟნევით დამთავრებული...

დღე-დღეზე სირიაში გადამწყვეტი ბრძოლები დაიწყება - პრეზიდენტ ასადის არმია იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებს.

საქართველოსგან არცთუ ისე შორეულ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაზეც მეტ-ნაკლებად აისახებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ სირიის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენთვის
მით უფრო არ უნდა იყოს სულერთი, რა მოხდება სირიაში.

ამ აღიარების გაუქმებას, ალბათ, ხელს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა შეუწყობდა, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერილი ოპოზიციის შეიარაღებული რაზმები ერთმანეთის მიყოლებით მარცხდებიან, რისი მთავარი მიზეზი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური, საზღვაო, საჰაერო თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების დანაყოფების მიერ პრეზიდენტ ასადის არმიის ინტენსიური მხარდაჭერაა.
იდლიბის პროვინცია სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია და თურქეთს ესაზღვრება. სწორედ ამის გამო იდლიბზე კონტროლის დასაწესებლად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ასადის რეჟიმის (და მისი მხარდამჭერი რუსეთის), ოპოზიციისა (მისი მხარდამჭერი დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ის) და, რა თქმა უნდა, თურქეთის ინტერესები.

იდლიბზე გადამწყვეტი შეტევის დაწყებას ადასტურებს უახლესი ინფორმაცია: რუსეთმა­ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო სწავლების ჩატარების საბაბით სირიის სანაპიროსთან თავი მოუყარა 26 საბრძოლო ხომალდს, მათ შორის - სარაკეტო კრეისერსა და ორ წყალქვეშა ნავს. ამასთან, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 34 საფრენი აპარატი - სტრატეგიული ბომბდამშენებიც კი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ იდლიბის ასაღებად ბაშარ ასადის არმიას რუსული კრეისერებიდან გაშვებული რაკეტები მაინცდამაინც არ სჭირდება - აქ სხვა ჩანაფიქრია: ალბათ, ასადსაც და პუტინსაც ეშინიათ, რომ იდლიბზე შეტევის დაწყების საპასუხოდ და ასადის არმიის შესაჩერებლად შეიძლება ტრამპმა (როგორც ერთხელ გააკეთა კიდეც) ფრთოსანი რაკეტების, "ტომაჰავკების", ზალპი გამოიყენოს, ამიტომაც სირიის სანაპიროსთან თავმოყრილი რუსული სამხედრო-საზღვაო არმადა პენტაგონის შემაჩერებელ ფაქტორად უნდა იქცეს... თუ საქმე მართლაც აქამდე მივიდა, ისედაც რთული რუსულ-ამერიკული ურთიერთობა უფრო დაიძაბება.

ყირიმის მიტაცებისა და უკრაინის აღმოსავლეთში "მალული" შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ერთხანს თავს დიდი პოლიტიკიდან გარიყულად გრძნობდა, რადგან მის ქვეყანას სანქციები დაუწესეს, მას კი მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე აღარ იწვევდნენ. "დიდ პოლიტიკაში" დასაბრუნებლად პუტინმა სარისკო, მაგრამ გაბედული ნაბიჯი გადადგა - 2015 წლის შემოდგომიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები ღიად და აქტიურად ჩართო სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის გადასარჩენად.

ეს გადაწყვეტილება სარისკო იმიტომ იყო, რომ რუსეთის არმია ისევე შეიძლებოდა ჩათრეულიყო სხვა ქვეყნის სამოქალაქო ომში, როგორც საბჭოთა არმიას დაემართა ავღანეთში, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა და, ალბათ, არც მოხდება, თუკი ასადის არმია მთელი ქვეყნის კონტროლს შეძლებს.

პუტინმა სირიის საკითხში, ფაქტობრივად, წარმატებას მიაღწია, რადგან ის მსოფლიო ლიდერების კოჰორტაში დაბრუნდა, სირიასთან დაკავშირებულ კონსულტაციებზე მასთან მოსკოვში ხშირად ჩაფრენას კი არც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თაკილობს და არც - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ.

თურქებს სირიელი ქურთების თემა აწუხებთ, რადგან რვაწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, რაც ოფიციალური დამასკო ქვეყნის დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებს, სირიელი ქურთები აშკარად გაძლიერდნენ. მათ შეიძლება მხარი აუბას თურქეთში მცხოვრებმა მილიონობით ქურთმაც, რაც ანკარას ურთულეს სიტუაციაში ჩააყენებს.

არანაკლებ საშიში პერსპექტივა ემუქრება ისრაელს - ირანი, რომელიც ასადის რეჟიმს "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაში ეხმარებოდა, სანაცვლოდ სირია-ისრაელის საზღვართან ირანული სარაკეტო ბაზების შექმნას მოითხოვს, საიდანაც სარაკეტო დარტყმებით ისრაელის მთელი ტერიტორიის "დაფარვა" შეეძლება.

პუტინი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს როგორც თურქეთის, ისე ისრაელისა და ირანის პრეზიდენტებსა და ქურთ ლიდერებთანაც კი, იძულებულია, საერთაშორისო მომრიგებლის როლი იკისროს. ეს, ბუნებრივია, ზრდის მის პოლიტიკურ წონას მსოფლიოში, მაგრამ ადრე თუ გვინ ის მაინც აღმოჩნდება დილემის წინაშე. ისრაელსა და ირანს, ისევე როგორც თურქებსა და ქურთებს, ის ვერ შეარიგებს და ამ რეგიონში დაძაბულობაც დიდხანს გაგრძელდება... მაგრამ იქნებ სწორედ ეს აძლევს ხელს კრემლს, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი განუსაზღვრელი დროით დარჩება ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში "მსოფლიო ჟანდარმის" ამპლუაში (და შეასუსტებს ამ რეგიონზე ამერიკელების გავლენას), ანუ პუტინი შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლეს საბჭოთა ლიდერებმა - სტალინით დაწყებული, ბრეჟნევით დამთავრებული...
მკითხველის კომენტარი (4)
ვაჟა
14 სექტემბერი 2018 09:58
მალე გაბრწყინებულ საქართველოს ვნახავთ ყველა! პუტინს ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს!
პატრიოტი
10 სექტემბერი 2018 18:06
სტალინმა რაც გააკეთა, მათ შორის, სირიის რეგიონთან დაკავშირებითაც, იმდენი, მსოფლიო ისტორიაში არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებს, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა გამოჩნდება ის ადამიანი, რომელიც, როგორც დიდი წმინდანი სერაფიმ საროველი ამბობს, - კაცობრიობის გადამრჩენი იბერიიდან იქნებაო.
მერაბი
07 სექტემბერი 2018 14:17
გოძიაშვილის არ იყოს- მერე ჩვენ არაფერი მოგვივა?
Rocky
07 სექტემბერი 2018 11:21
ამერიკას ახლა არ ყავს ისეთი პრეზიდენტები, როგორიც ცივი ომის დროს იყვნენ. რეიგანი, კარტერი, ეიზენჰაუერი. ისინი ბრძენი პოლიტიკოსები და გამჭრიახი მმართველები იყვნენ. სწორედ მათმა გონიერებამ მიიყვანა ამერიკა ერთპოლარულ მსოფლიომდე. ახლა რა სჭირთ ამისთანა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები