"ღირსეული პარტნიორიდან" "მებრძოლ სულამდე"...
03-09-2018
"ღირსეული პარტნიორიდან" "მებრძოლ სულამდე"...
დასავლეთ საქართველოში პირველად იმართება საერთაშორისო სამხედრო სწავლება

აგვისტოში ვაზიანის პოლიგონზე გამართულმა მრავალეროვნულმა სამხედრო სწავლებამ - "ღირსეული პარტნიორი 2018" - ესტაფეტა გადაულოცა "მებრძოლ სულ 2018"-ს, რომელიც 1-დან 11 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში გაიმართება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო სამხედრო სწავლებას დასავლეთი საქართველო უმასპინძლებს, რაც კარგ გამოცდილებად უნდა იქცეს ჩვენი არმიის სახმელეთო ჯარების დასავლეთ მიმართულების სარდლობისთვის. საერთაშორისო სწავლება "მებრძოლი სული" საქართველოში, 2011 წლიდან მოყოლებული, მერვედ­ იმართება. თავდაპირველად ის მხოლოდ ქართულ-ამერიკული იყო, მაგრამ
2015 წლიდან მასში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრი ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

საგულისხმოა, რომ "მებრძოლი სულის" ბოლო ორი სწავლება სამხრეთ საქართველოში, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა, სადაც თითქმის სრულად გამოიყენეს სწავლებისთვის ჩამოტანილი ამერიკული ბუქსირებადი
არტილერიის ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები, რაც ვაზიანის პოლიგონზე ძალიან ძნელი გახლდათ.

იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველოში საარტილერიო პოლიგონი არ გვაქვს (სიმონეთისა თუ სორტას სასროლეთებზე არტილერიის გამოყენება შეუძლებელია, ხოლო გონიოს პოლიგონი დიდი ხანია გაუქმებულია), სწავლება, ძირითადად, სამეთაურო-საშტაბო ხასიათის იქნება და ქვედანაყოფების მიზიდვის გარეშე ჩატარდება სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, Agile Spirit 2018-ის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება, ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროსა და მრავალეროვნულ გარემოში.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების სპეციფიკის გამო "მებრძოლ სულ 2018"-ში 10 ქვეყნის (საქართველო, აშშ, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი,L ლატვია, ჩეხეთი, ესტონეთი, თურქეთი, უკრაინა) მხოლოდ 236 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავარი არა მონაწილეთა რაოდენობა, არამედ შტაბის ოფიცრების მიერ ოპერაციების დაგეგმვა და ჯარების მართვაა.

რუსეთი მსოფლიოში უდიდეს სამხედრო სწავლებას იწყებს...


11 სექტემბერს, როდესაც სენაკში "მებრძოლი სული 2018" საზეიმოდ დაიხურება, რუსეთში სტარტს აიღებს მსოფლიოში უდიდესი სამხედრო სწავლება "ვოსტოკ-2018". მასში მონაწილეობას მიიღებს 300 ათასი სამხედრო და 36 ათასამდე ერთეული ტექნიკა. სწავლება რუსეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების პოლიგონებზე გაიმართება.
Aამ დონის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "ზაპად-81" 31 წლის წინ საბჭოთა კავშირმა უკრაინის, ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის პოლიგონებზე ჩაატარა.

რედაქტორის რჩევით