ГРУ-ს "ქიმიური შეტევა" გაიშიფრა - კვირის პალიტრა

ГРУ-ს "ქიმიური შეტევა" გაიშიფრა

ГРУ-ს დივერსანტებმა უხეშად "იმუშავეს" და ბევრი კვალი დატოვეს - მათი პასპორტების ყველა ციფრი, გარდა ბოლოსი, ემთხვეოდა!

დაძაბულობა დიდ ბრიტანეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის პიკს აღწევს, ბრიტანულმა სპეცსამსახურმა გაასაჯაროვა რუსეთის იმ ორი მოქალაქის ფოტოები და ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ა.წ. 4 მარტს ქ. სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამვლაში.

ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი მოსკოვიდან ლონდონში 2 მარტს ჩაფრინდნენ, მეორე დღეს კი სოლსბერიში მატარებლით გაემგზავრნენ სკრიპალის სახლის დასაზვერად და შემდეგ ლონდონში დაბრუნდნენ. 4 მარტს ისინი კვლავ ჩავიდნენ სოლსბერიში და ბრიტანელი გამომძიებლების მტკიცებით, "ნოვიჩოკის" ხსნარი (რომელიც შენიღბვის მიზნით ჩატუმბული იყო "ნინა რიჩის" სუნამოს ფლაკონის ფორმისა და ეტიკეტის მქონე სპეციალურ კონტეინერში) მოასხურეს სკრიპალის სახლის კარის სახელურს. იმავე დღეს სახლიდან გამოსული სკრიპალი ქალიშვილთან ერთად მოწამვლის მწვავე დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

ბრიტანელი გამომძიებლების ბრალდებას ამყარებს ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც ამოიღეს აეროპორტისა და ქუჩების სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, სადაც ნათლად ფიქსირდება პეტროვისა და ბაშიროვის "ვოიაჟი" ლონდონსა და სოლსბერიში. გამოძიება დარწმუნებულია, რომ რუსი ეჭვმიტანილების გვარები ყალბია, თუმცა პასპორტები ნამდვილი იყო.

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ის არის, რომ ლონდონის იმ სასტუმროს ოთახში, სადაც ცრუ პეტროვი და ბაშიროვი ორი დღით გაჩერდნენ და 4 მარტსვე სასწრაფოდ მოსკოვში დაბრუნდნენ, აღმოჩენილია "ნოვიჩოკის" მცირე ქიმიური კვალი, რაც შეიძლება სპეციალური კონტეინერიდან გაჟონვამაც გამოიწვია. "ნინა რიჩის" სუნამოს ფლაკონს მიმსგავსებული სპეციალურად დამზადებული კონტეინერი, რომელშიც "ნოვიჩოკი" იყო ჩატუმბული მართალია, მამა-შვილი სკრიპალები დროული სამედიცინო ჩარევისა და რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გადაარჩინეს, მაგრამ რუსულ სპეცოპერაციას, სახელწოდებით "ნოვიჩოკი", უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია.

სკრიპალების მოწამვლიდან 4 თვის შემდგომ სოლსბერიდან 11 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ეიმსბერიში საავადმყოფოში მოხვდნენ მამაკაცი და ქალი ასევე მძიმე მოწამვლის დიაგნოზით. ოთხ დღეში ქალი გარდაიცვალა, გადარჩენილმა მამაკაცმა კი გაიხსენა, რომ მან ქუჩაში იპოვა "ნინა რიჩის" სუნამოს ფლაკონი და აჩუქა ქალს, რომელმაც "სუნამო" ხელებზე შეისხურა.

ცრუ პეტროვსა და ბაშიროვს ბრიტანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური MI5 რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ГРУ-ს აგენტ-ლიკვიდატორებად თვლის, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი შტოსგან ჰქონდათ დავალებული ГРУ-ს ექსპოლკოვნიკ სკრიპალის ლიკვიდაცია.

სკრიპალი საბჭოთა სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა, მაგრამ 1990-იან წლებში ესპანეთში MI6-ის, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის აგენტი გახდა. 2004 წელს რუსულმა კონტრდაზვერვამ იგი გამოააშკარავა და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2010 წელს სხვა აგენტებთან ერთად აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშობისთვის დაპატიმრებულ რუს მზვერავებზე გაცვალეს.

ის, რომ საბჭოთა, შემდგომ კი რუსული ГРУ ყოფილ თანამშრომლებს ღალატს არ პატიობს, ცნობილია და ამიტომაც ძალზე დიდი ალბათობით სპეცოპერაცია "ნოვიჩოკი" დიდ ბრიტანეთში სწორედ ГРУ-მ ჩაატარა ყოფილი მზვერავისა და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის პირადი თანხმობით, რომელიც ვერ ითმენს მზვერავის "მუნდირის" შელახვას.

"ნოვიჩოკი" - საიდუმლო საბრძოლო ნივთიერება

რუსული საიდუმლო საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" რამდენიმე ვარიანტი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ფოსფორორგანული მომწამვლელი ბინარული ნივთიერებაა, ანუ ორი სხვადასხვა, შედარებით ნაკლებსაშიში ნივთიერების უშუალოდ გამოყენების წინ შერევით მიიღება.

ირაკლი ალადაშვილი