კოსმოსური დივერსანტი ანუ ვინ გახვრიტა ორბიტული სადგური - კვირის პალიტრა

კოსმოსური დივერსანტი ანუ ვინ გახვრიტა ორბიტული სადგური

საბჭოთა კოსმოსური თანამგზავრების დეტალების უსაფრთხოებას მცხეთის ბირთვულ რეაქტორშიც ამოწმებდნენ

30 აგვისტოს დედამიწის თავზე კინაღამ დიდი ტრაგედია დატრიალდა - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ექვსმა კოსმონავტმა და ასტრონავტმა (რუსები მათ კოსმონავტებს ეძახიან, ამერიკელები - ასტრონავტებს, ჩინელები კი ტაიკონავტებს) მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მათი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან Gჟანგბადი იპარებოდა...

საჭირო იყო სასწრაფოდ იმ ხვრელის პოვნა, საიდანაც სასიცოცხლოდ საჭირო ჟანგბადი ღია კოსმოსში გაედინებოდა. ინტენსიური ძებნის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიერთებულ რუსულ მოდულ "სოიუზში" აღმოაჩინეს ორი მილიმეტრის დიამეტრი ხვრელი, რომელიც სპეციალური წებოთი სასწრაფოდ ამოავსეს.

კოსმონავტები კი გადარჩნენ, მაგრამ გაჩნდა კითხვა - რამ გააჩინა ხვრელი კარგად დაცულ კოსმოსურ ობიექტზე?

პირველი ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, მიკროსკოპული მეტეორიტი გახდა, რადგან მათ არაერთხელ დაუზიანებიათ ესა თუ ის კოსმოსური ობიექტი, მაგრამ მიკროხვრელის დეტალურად დათვალიერების შემდეგ ყველას ენა ჩაუვარდა - ხვრელი "სოიუზის" გარედან კი არა, შიგნიდან იყო გაკეთებული და თანაც ბურღით!

კოსმოსური დივერსია - აი, ის ორი სიტყვა, რაც მაშინ ყველას დაებადა თავში, რადგან ბურღით გახვრეტილი ხვრელი ვიღაცას გულმოდგინედ ამოევსო სპეციალური წებოთი, რომელმაც მართალია, ორი თვე გაძლო კოსმოსში, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვერ გაუძლო წნევის უზარმაზარ ზეწოლას და გაიხსნა.

ვის შეეძლო გაეხვრიტა კოსმოსური ხომალდი და შემდეგ გულმოდგინედ დაეფარა დანაშაულის კვალი?

პირველი ეჭვი იმ რუსულ საამქროზე მიიტანეს, სადაც ააწყვეს "სოიუზი" კოსმოსში გაშვების წინ, თუმცა რუსმა ჩინოვნიკებმა მეორე, შეიძლება ფანტასტიკური, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი ვერსიაც გააჟღერეს - "სოიუზის" კოსმოსური მოდული უკვე ორბიტაზე რომელიღაც კოსმონავტმა შეგნებულად გახვრიტა! რუსული "სოიუზის" კორპუსის შიგნით ბურღით გაკეთებული ხვრელი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახლა მყოფი ექვსი კოსმონავტიდან ორი რუსი, სამი ამერიკელი და ერთიც გერმანელია და არ არის გამორიცხული, რომ ამ ვერსიის გამჟღერებელ რუს მაღალჩინოსან ჩინოვნიკებს ყურადღების გადატანა სწორედ ეკიპაჟის ამერიკელ ან გერმანელ წევრებზე სურდათ იმ მოტივით, თითქოს ვიღაცას მოჰბეზრდა რამდენიმეთვიანი "ტრიალი" დედამიწის გარშემო და ამ "კოსმოსური დივერსიით" სახლში დროზე ადრე დაბრუნება სურდა.

მაგრამ, როგორც მალე გაირკვა, "კოსმოსური დივერსიის" მიზეზი დედამიწური და პროზაული აღმოჩნდა - "სოიუზის" მოდულის აწყობისას ერთმა რუსმა, სავარაუდოდ, ნაბახუსევმა ან სულაც მთვრალმა ხელოსანმა მრავალმილიონიანი კოსმოსური ობიექტის კორპუსი შეცდომით გახვრიტა, თანაც რამდენიმე მცდელობით (ბურღის კორპუსზე მოქმედების კვალი იმაზე მიუთითებს, რომ ამის გამკეთებელს ხელები უკანკალებდა, რაც, თავის მხრივ, ამტკიცებს მისი არაფხიზელ მდგომარეობაში შესაძლო ყოფნის ფაქტს).

დაშვებული შეცდომით შეშინებულმა ხელოსანმა გაბურღული ადგილები ისე ოსტატურად ამოავსო სპეციალური წებოთი, რომ ძალზე მკაცრმა კონტროლმაც კი ვერ აღმოაჩინა - გამოდის, მან თავისი "პატარა" შეცდომის დამალვის მიზნით თითქმის სასიკვდილოდ გაწირა არა მარტო ექვსი კოსმონავტი, არამედ მთელი საერთაშორისო პილოტირებული კოსმოსური პროგრამა.

ამით რუსულ კოსმოსურ მრეწველობას მძიმე დარტყმა მიადგა, რაც, სავარაუდოდ, იმოქმედებს კოსმოსური სტარტების მსოფლიო ბაზარზე და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გაშვების მსურველი ქვეყნები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, ვის ანდონ მათი კოსმოსში გაყვანა - "როსკოსმოსს" თუ ილონ მასკის თანამედროვე რაკეტა-მატარებლებს.

მცხეთის ბირთვული რეაქტორი და კოსმოსი

მცხეთის მცირე ბირთვულ რეაქტორზე, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებდა 1960-1990-იან წლებში, არაერთი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა. სინამდვილეში, მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გახლდათ კოსმოსური ხელოვნური ობიექტების დეტალების გამოცდა იმ მაღალ რადიაციულ ფონზე, რაც მათ ღია კოსმოსში ელოდათ. ამისთვის მცხეთის ბირთვული რეაქტორის "გულში" სპეციალურ მანიპულატორს - "მექანიკურ ხელს" შეჰქონდა მომავალი თანამგზავრის ილუმინატორი, კორპუსის დეტალი, ანტენა ან სხვა ხელსაწყო, რომლებიც რამდენიმე წუთში ან საათში იმავე დონის რადიაციულ დასხივებას იღებდნენ, რაც ღია კოსმოსში თვეობით ან წლობით ყოფნისას უნდა მიეღოთ. ამით ადგენდნენ ამ დეტალებისა და ხელსაწყოების მდგრადობას კოსმოსური რადიაციისადმი, რაც ძალზე საჭირო და აუცილებელ კვლევის საგანს წარმოადგენდა.

სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორი, თავის დროზე, ჟურნალისტური ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით მცხეთის უკვე დაკონსერვებული ბირთვული რეაქტორის "გულში" ჩავიდა ერთ-ორი წუთით და იქ რადიაციის დონე გაზომა, რაც საკმაოდ სახიფათო გადაწყვეტილება იყო...

ირაკლი ალადაშვილი