ჯარი არ გაგივლია? მინისტრი ვერ გახდები... - კვირის პალიტრა

ჯარი არ გაგივლია? მინისტრი ვერ გახდები...

მთავრობა პარლამენტში ახალი კანონპროექტით შედის, რომელმაც ჯარგამოუვლელის გამინისტრება უნდა შეზღუდოს...

ბოლო პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, როდესაც კატასტროფულად იმატა ფიქციური "მღვდელმსახურების" რიცხვმა, ხელისუფლება ოდნავ გააქტიურდა და ახალი ინიციატივებით გამოდის.

ის წვევამდელებს, ჯარის გარდა, ალტერნატივად მეხანძრე-მაშველებად სამსახურს, რეზერვისტობასა და სხვა პრივილეგიებსაც სთავაზობს, თუმცა მთავრობაში იმ პირთა მომავალი კარიერის შეზღუდვაზეც ლაპარაკობენ, რომლებსაც არასაპატიო მიზეზებით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი და არც კონტრაქტით უმსახურიათ ჯარში.

მთავრობამ მოამზადა და პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, საჯარო სამსახურში დასაქმებაზე შეზღუდვები დაუწესდებათ.

რაღაც ამგვარი აქამდეც მოქმედებდა, ოღონდ ის ეხებოდა იმ პირებს, რომლებსაც საჯარო სამსახურის დაწყება ძალოვანი სტრუქტურების სამოქალაქო სექტორში სურდათ. რამდენად ასრულებდნენ ამ შეზღუდვას, სხვა საქმეა.

საქართველოს კანონი "სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 18-დან 27 წლამდე ყველა ჯანმრთელ მოქალაქე მამაკაცს ჯარის გავლას ავალდებულებს.

თუმცა ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ალტერნატიულია - სტუდენტს სწავლის პერიოდში გადაუვადდება გაწვევა; გადაიხდი 2 ათას ლარს და ასევე გადაგივადდება (თუმცა 27 წლის შესრულებამდე მაინც გაგიწვევენ); არ გსურს ავტომატის ხელში დაჭერა, პაციფისტი ხარ? არ არის პრობლემა - იმსახურე ალტერნატიულ სამსახურში მედძმად; და, რა თქმა უნდა, "გირჩის" ბოლო "შედევრი" - გახდი ფიქციური "მღვდელმსახური" და ვერავინ შეგეხება...

ამ სტატიის ავტორისთვის, რომელიც ბოლო 26 წელია სამხედრო სფეროში საქმიანობს (მათ შორის ათი წელი კადრის ოფიცრის რანგში იმსახურა), არაერთ ახლობელ-შორეულს მიუმართავს თხოვნით, შვილის ჯარში გაწვევა ამა თუ იმ მიზეზით ერთი წლით იქნებ გადამივადონო. თუ კანონს არ ეწინააღმდეგებოდა და მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო კონკრეტული წვევამდელისთვის ნახევარი წლით გაწვევის გადავადება, რეკომენდაცია გამიწევია (თუმცა ჩემი რეკომენდაციები ხშირად არც გაუთვალისწინებიათ).

უფრო საინტერესო მომენტები კი მაშინ ყოფილა, როდესაც იმათი მამები, რომლებიც 27 წლამდე შვილებს ჯარს უმალავდნენ, დიდი თხოვნით მოსულან - იქნებ დაგვეხმაროთ, ბიჭს 27 წელი უსრულდება, ჯარი არა აქვს გავლილი, არადა, პოლიციაში კარგი ადგილი გამოჩნდა, მაგრამ ჯარმოუხდელობის გამო არ იღებენ და იქნებ სასწრაფოდ ჯარში გამაწვევინოო.

თუკი საჯარო სამსახურის ყველა იმ მამაკაც მოხელეს, რომლებსაც წარმატებული კარიერა სურთ, ეცოდინება, რომ ერთწლიანი ჯარისკაცობის გარეშე მისი ოცნება ვერ ასრულდება, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაძვრენას ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდით აღარ ეცდება და ვიღაცის გაცემულ "მღვდელმსახურობის" დამადასტურებელ ფარატინა ქაღალდსაც აღარ დახარბდება.

სავალდებულო სამსახურისა და რეზერვის შეკრებების გავლა ვინმეს ახირება არ არის, ამის სასიცოცხლო აუცილებლობა საქართველოს მძიმე ისტორიამ დაგვანახა - ჩვენს სამშობლოს ჩვენვე უნდა მივხედოთ და არ ვიყოთ ვიღაცების დახმარების იმედად, რადგან უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

პ.ს. მთავრობის ეს კანონპროექტი საფუძვლიან განხილვასა და დახვეწას მოითხოვს, რადგან წარმოიშობა ბევრი კითხვა, მაგალითად, რა ქნას დედისერთამ, რომელიც გათავისუფლებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. მას ისიც ეყოფა, რომ დედმამიშვილი არ ჰყავს, ვერც მინისტრობაზე ან მინისტრის მოადგილეობაზე ვერ უნდა იოცნებოს?

ირაკლი ალადაშვილი