სკრიპალების მოწამვლის გადაფარვას რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით ცდილობს... - კვირის პალიტრა

სკრიპალების მოწამვლის გადაფარვას რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით ცდილობს...

ლუგარის ლაბორატორია საქართველოსთვის ბიოლოგიური თავდაცვის საიმედო ზღუდეა...

საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს და რუს ჟურნალისტებს თბილისში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საფრთხის თაობაზე აცნობებს... მის სიტყვებზე დაყრდნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს, აშშ-ს მოსთხოვოს ახსნა, რა ხდება თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში "ბიოლოგიური იარაღის" შექმნასთან დაკავშირებით...

სინამდვილე კი უფრო მარტივია... სამწუხაროა, რომ ყოფილი უშიშროების მინისტრი დაემსგავსა ონიშჩენკოს, რომელიც "როსსელხოზნადზორის" დირექტორობისას მანამდე გვდებდა ბრალად თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში "ბიოლოგიური იარაღის" შექმნას, სანამ თავი საკუთარ ხელმძღვანელობასაც არ მოაბეზრა და არ მოხსნეს.

ონიშჩენკოს ბრალდებები საეჭვოდ ემთხვეოდა კრიზისულ სიტუაციებს, როცა რუსეთის ხელისუფლებას სურდა, ინფორმაციულად გადაეფარა მისთვის არასასიამოვნო ესა თუ ის ფაქტი და ყურადღება ამერიკელებისა და ქართველების "ვერაგულ ბიოლოგიურ შეტევებზე" გადაეტანა.

იგორ გიორგაძის პრესკონფერენციაც ამ სქემის გაგრძელებაა, მაგრამ ონიშჩენკოსგან განსხვავებით, მისი აქტიურობა, ალბათ, გამოწვეული იყო ბრიტანეთში საბჭოთა-რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება "ნოვიჩოკით" ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტის საერთაშორისო რეზონანსის გადაფარვის ცდით. იმდენი მამხილებელი მასალა დაგროვდა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები თითქმის აღარ ეჭვობენ - პოლკოვნიკი სკრიპალი და მისი ქალიშვილი შურისძიების მიზნით ГРУ-მ მოწამლა, რადგან ეს ორგანიზაცია გამყიდველებს არაფერს პატიობს!

სკრიპალების საქმეში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ მსოფლიოში ძლიერი ანტირუსული საინფორმაციო ტალღის აგორების ფონზე, ალბათ, მათ თავიანთ ძველ კოლეგას, იგორ გიორგაძეს სთხოვეს, ხელახლა წამოეჭრა უკვე მივიწყებული თემა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში "ქართველებზე ბიოლოგიური ცდებისა" და "ბიოლოგიური იარაღის" წარმოების საშიშრობის თაობაზე - თუკი ბრიტანელები "ნოვიჩოკით" სკრიპალების მოწამვლას გვაბრალებენ, ნახეთ, ამერიკელები ქართველებს თბილისში აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორიიდან წამლავენ, რის შესახებაც საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი აცხადებსო!

რუსეთი კიდევ არაერთხელ ეცდება ლუგარის ლაბორატორიის თემის ნეგატიურ კონტექსტში აგორებას, საზოგადობა კი შეიძლება დაინტერესდეს, მართლაც საშიშია თუ არა ლუგარის ლაბორატორიის თბილისის აეროპორტთან ფუნქციონირება?

როგორც ყოფილმა ქიმიკოსმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მიეცა საშუალება, დაეთვალიერებინა ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია (რომლის ოფიციალური სახელწოდებაა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი"), შემიძლია გაბედულად განვაცხადო: დღეს ეს ცენტრი რომ არ გვქონოდა, სახელმწიფოს ბოლო თეთრი უნდა გაეღო მის შესაქმნელად! Dდა აი, რატომ: როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად უსაფრთხო იყო თბილისის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ასათიანის ქუჩაზე შესაბამისი დაცვის გარეშე შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის, ტულარემიას, ბოტულიზმის, წითელას თუ ათასი სხვა ჭირის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ვირუსებისა და ბაქტერიების ეტალონური ნიმუშების შენახვა, რომელთა "გაქცევა" ლაბორატორიიდან საქვეყნო მასშტაბის ტრაგედიად გვექცეოდა?! დღეს ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მე-3 დონეს აკმაყოფილებს და ქართველ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად, ადგილზევე განსაზღვრონ, ამა თუ იმ შემთხვევაში რა კონკრეტულ დაავადებასთან გვაქვს საქმე და ხომ არ გვემუქრება რაიმე ეპიდემია.

ირაკლი ალადაშვილი