რუსეთი სომხეთის მხარეზე იომებს... და პირიქით - კვირის პალიტრა

რუსეთი სომხეთის მხარეზე იომებს... და პირიქით

ჩვენი რეგიონიდან დასავლეთის სერიოზული სტრატეგიული ინტერესების ეტაპობრივი გაძევება მხოლოდ დროის საქმეა

საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოსკოვიდან ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩაფრენილმა რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი და განსაზღვრა სამხრეთ კავკასიის მომავალი უახლოესი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.

რუსეთმა, გვინდა თუ არა ამის აღიარება, საბოლოოდ გაიმარჯვა სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი რეგიონიდან დასავლეთის სერიოზული სტრატეგიული ინტერესების ეტაპობრივი გაძევება მხოლოდ დროის საქმეა.

რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის 2044 წლამდე ფუნქციონირების გაგრძელებას, თუმცა ეს მთავარი არ არის.

რუსული სამხედრო ბაზის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 25 წლით ფუნქციონირების შესახებ მოსკოვ-ერევანმა ხელშეკრულება ჯერ კიდევ 1995 წლის მარტში დადო.

ამ ძველი ხელშეკრულების მე-3 პუნქტით - გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა ვალდებული იყო, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გარდა დაეცვა სომხეთის უსაფრთხოება ყოფილი საბჭოთა კავშირის გარეთა საზღვრის გასწვრივ. ეს ნიშნავს, რომ გიუმრიში დისლოცირებული რუსი სამხედროები ვალდებულებას იღებდნენ სომხეთის ტერიტორია დაეცვათ NATO-ს წევრი თურქეთისგან და ასევე ირანისგან.

გასულ კვირას დადებული ახალი ხელშეკრულებიდან ეს პუნქტი ამოღებულია და მე-5 პროტოკოლის თანახმად, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა მზად იქნება ნებისმიერი საფრთხის მოსაგერიებლად, რაც სომხეთს შეიძლება დაემუქროს როგორც თურქეთიდან და ირანიდან, ისე პოსტსაბჭოური მეზობელი რესპუბლიკებიდან - საქართველოდან და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიდან.

ამით ყველაფერს წერტილი დაესვა. ოფიციალურმა ბაქომ შეიძლება დაივიწყოს ძალით წართმეული მთიანი ყარაბაღისა და სხვა აზერბაიჯანული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შესაძლებლობა, რადგან რუსეთი სომხეთს დაუფარავად დაუდგება გვერდით.

რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ერევანში განაცხადა, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთი ვალდებულებას იღებს, დაეხმაროს მის წევრ ნებისმიერ ქვეყანას. სომხეთი კი ამ ხელშეკრულების წევრია. ОДКБ-ს თითოეულ წევრზე თავდასხმა აღქმული იქნება, როგორც აგრესია მისი ყველა წევრი ქვეყნის მიმართ და ამუშავდება კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი.

არ გეცნობათ ეს ფრაზა? აკი, საქართველო ბოლო ორი ათეული წელია, აქტიურად ცდილობდა (სიტყვით მაინც) NATO-ში გაწევრებას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ამოქმედებულიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 პარაგრაფი, რომელიც ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმას აღიქვამდა, როგორც თავდასხმას მთლიანად NATO-ზე და საპასუხო ქმედებების დაწყებას გულისხმობდა.

ჩვენ ისევ სიტყვების და შეპირებების დონეზე დავრჩით, სამაგიეროდ, ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა უსაფრთხოებისთვის რეალურად აამუშავა მსგავსი მექანიზმი, თუმცა NATO-ს საპირისპირო ბანაკიდან - ОДКБ-დან.

ამით გაირკვა, არა მარტო აზერბაიჯანის შემდგომი ქმედების სურათი (უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც), არამედ კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია საქართველოს გარშემო.

როგორ გგონიათ, თუკი გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა ვალდებულია დაიცვას სომხეთის ინტერესები ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის მიმართ, თავად სომხეთი, როგორც ОДКБ-ს წევრი, ვალდებული არ იქნება, რუსეთის სამხედრო დანაყოფებს შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ კავკასიაში?

ანუ ხვალ, ღმერთმა ნუ ქნას და რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლება დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთი არ გამოიყენებს სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის შესაძლებლობებს?

ან არ აუშვებს ერევანთან მდებარე "ერევან-იუჟნის" სამხედრო აეროდრომიდან იქ განთავსებულ 18 რუსულ Миг-29 ტიპის გამანადგურებელს ქართულ ცაში შემოსაჭრელად, ან არ დაიწყებენ რუსული С-300В და სომხური С-300ПС ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები სამხრეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლსა და საზენიტო რაკეტების დამიზნებას? და ისევ არ მიადგება რუსული ჯავშანკოლონა სომხეთ-საქართველოს საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს სადახლოსთან, როგორც ეს უკვე მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს?

გვინდა თუ არა ამის დაჯერება, როგორც ჟLღ<-ს წევრი, სომხეთი უკვე ახალი ორმხრივი ხელშეკრულებითაც ვალდებული ხდება, იომოს რუსეთის მხარდამხარ, რაც ძალზე სამწუხაროა, მაგრამ მოითხოვს საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობის გადახედვასა და ახალი ურთიერთხელშეკრულების გაფორმებას.

რაღა დასამალია და, საქართველო დიდი ხანია ცდილობს ერთგვარი ბალანსი შეინარჩუნოს მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აქ წმინდა ქართული ინტერესებიცაა, რადგან ერთ-ერთი მხარისთვის ღიად მხარდაჭერას შეიძლება მოჰყვეს სომეხი ეროვნების მოსახლეობის გარედან მართული შეიარაღებული გამოსვლები ახალქალაქის რაიონში ან აზერბაიჯანელი მოსახლეობისა - შიდა ქართლში.

თუმცა თავისი ბოლო ხელშეკრულებით იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, ოფიციალურმა ერევანმა ძალზე გამომწვევი ნაბიჯი გადადგა, დაარღვია არსებული ბალანსი, რაც ალბათ ხელს შეუწყობს ოფიციალური თბილისისა და ბაქოს კიდევ უფრო დაახლოებას, მით უმეტეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ეს რეალობაა...