ძებნილი პირველი რანგის კაპიტნის სკანდალური ბრალდებები - კვირის პალიტრა

ძებნილი პირველი რანგის კაპიტნის სკანდალური ბრალდებები

თითქმის 20 წელია, არც ერთ ქართველ სამხედროს არ აუხდია ფარდა იმდენი საიდუმლოსთვის, რასაც ამ დღეებში ინტერნეტის საშუალებით საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ვიქტორ ჭელიძე აკეთებს.

ინტერნეტის სხვადასხვა საიტზე ბოლო ორი კვირაა, გამუდმებით ჩნდება აუდიოჩანაწერები, რომლებსაც ერთგვარი ინტერვიუს სახე აქვს - ბელგიაში მყოფ ვიქტორ ჭელიძეს აშშ-დან ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი გოჩა ვეტრიაკოვი ესაუბრება.

ვიქტორ ჭელიძე ამ აუდიოინტერვიუებში არ ერიდება თამამ საუბარს ძალზე ცნობილ მოვლენებზე და ასევე არანაკლებ ცნობილ პიროვნებებზე. ბევრისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს პირველი რანგის კაპიტნის ლექსიკა და ზოგიერთი გამონათქვამი (განსაკუთრებით მათთვის, ვისზეცაა საუბარი), მაგრამ ჩანს, რომ ვიქტორ ჭელიძე საუბრობს მხოლოდ იმ თემებზე, რომლებთანაც უშუალოდ ჰქონია შეხება, ანუ თავად გაუკეთებია, ან დაუნახავს, ანდა მოუსმენია. ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მონაყოლი სიმართლესთან საკმაოდ ახლოსაა.

ვიქტორ ჭელიძე 1991 წლიდან მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში (ჩოლოყაშვილის ბატალიონში), თელავის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონსა და სამხედრო-საზღვაო ძალებში (2005 წლამდე) და ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში (ცხინვალის, აფხაზეთის ომებში, გალის მოვლენები) აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი უშუალოდ იმყოფებოდა მოვლენების შუაგულში (ხშირად თავად ქმნიდა ამ მოვლენების გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს) და ამიტომაც ძალზე საინტერესოა მისი ინტერპრეტაციით გადმოცემული ამბები.

ვიქტორ ჭელიძე აუდიოინტერვიუებში ჰყვება 1998 წლის სამხედრო აჯანყებაზე, რომელიც პოლკოვნიკმა ელიავამ სენაკის ბრიგადიდან წამოიწყო. როგორც ჭელიძე ამტკიცებს,ამ აჯანყების ერთ-ერთი თაოსანი და დამფინანსებელი ასლან აბაშიძე ყოფილა, რომელსაც ჯერ კიდევ 1998 წელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს თავის შემცვლელად ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი მოჰყავდა.

ამ სამხედრო აჯანყებაში ნავარაუდები იყო სხვა სამხედრო ნაწილების ჩართვაც, მათ შორის ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალებისა, თუმცა თავად ვიქტორ ჭელიძე აღიარებს, რომ მან და სარდალმა ზურა ირემაძემ დროულად ჩააყენეს საქმის კურსში თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და პრეზიდენტი შევარდნაძე.

ვიქტორ ჭელიძე დეტალურად ჰყვება პანკისის ხეობიდან გელაევის დაჯგუფების კოდორის ხეობაში გადასროლის ამბებს, კახეთის რეგიონში კერძოდ სად და როგორ ამზადებენ დივერსიული აქტების განმხორციელებლებს.

პანკისიდან გელაევის ხალხი ზუგდიდამდე პოლიციამ ჩამოიყვანა, მაგრამ ზუგდიდში დაყარა და ირემაძესა და მე დაგვევალა მათი კოდორის ხეობაში აყვანა. შვიდი სატვირთო ავტომობილით წავიყვანეთ, რუსი სამშვიდობოების პოსტზე ფული გადავიხადეთ და გავიარეთ.

ამ მანქანებმა რამდენიმე რეისი გააკეთეს. ერთი მანქანა ხეობაში გადაგვივარდა, მაგრამ არავინ დაღუპულა, მძღოლმაც და სხვებმაც გადმოხტომა მოასწრეს. მერე ეს მანქანები ემზარ კვიციანს ვაჩუქეთ. გელაევის ხალხს სინამდვილეში მიზნად ჰქონდა აფხაზეთიდან სოჭში გადასვლა - იქ რაღაც სერიოზულს აპირებდნენ.

ეს ამბები რომ მორჩა, გელაევის ხალხი ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდა. 2002 წელს ჩვენებმაც და ამერიკელებმაც თითქოს გრანდიოზული ოპერაცია ჩაატარეს და მსოფლიოს აჩვენეს - პანკისის ხეობაში არავინაა,  არადა ამ დროს ჩემს საზღვაო ქვეითთა ბატალიონთან ერთად ფოთიდან ბარისახოში წავედი. თვეზე მეტხანს ვყარაულობდი გელაევის 1800-კაციან დაჯგუფებას, რომელიც უცხო თვალის გასარიდებლად პანკისიდან გამოვიდა და ბარისახოსთან იდგა. გელაევთან ერთად მიწევდა კარავში ყოფნა, სანამ არ გავიდნენ საქართველოდან, - იხსენებს კაპიტანი ვიქტორ ჭელიძე.

პირველი რანგის კაპიტნის "წერტილოვანი" ბრალდებებიდან ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ წაყენებული მთავარი ბრალდება. ოქრუაშვილმა სწორედ ისეთი საკადრო პოლიტიკა გაატარა თავდაცვის სამინისტროში და მთლიანად შეიარაღებულ ძალებში, როგორიც რუსეთს აძლევდა ხელსო, - ამბობს ვიქტორ ჭელიძე და ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი რამდენჯერმე შეხვდა ძებნილ იგორ გიორგაძეს.

ერთ სტატიაში ძნელია ყველა იმ აუდიოჩანაწერის შინაარსის გადმოცემა, რაც ინტერნეტით გავრცელდა (მათი გავრცელება გრძელდება), მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას თუ აინტერესებს ბევრი დეტალის ბოლომდე გამოძიება, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ძებნილი პირველი რანგის კაპიტნის ამ აღსარება-ბრალდებებს.

თავად ვიქტორ ჭელიძე აბსოლუტურად უდანაშაულოდ თვლის თავს და ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს - მოუსმინონ, თუნდაც იმიტომ, რომ 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს, სწორედ მან ჩაშალა პრეზიდენტ სააკაშვილზე თავდასხმა და სამხედრო კატარღების ფოთიდან ბათუმში, ასლან აბაშიძესთან, გადასვლის ოპერაცია...

2004 წლის მაისის დასაწყისი იყო. აბაშიძის იარაღიანი ხალხი ჩოლოქთან იდგა. მე მაშინ ფოთში ვიყავი. გენერალმა დუმბაძემ დამირეკა, - შევხვდეთო. გადავედი ჩოლოქზე და იქ ველაპარაკე დუმბაძესაც და გოგიტიძესაც. მილიონ დოლარს იძლეოდნენ ნაღდი ფულით, რომ ხელი შემეწყო ღამით ფოთიდან ბათუმისკენ სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღების გაპარვისთვის.

ბათუმში ალბათ თავად ასლან აბაშიძე დახვდებოდა ამ კატარღებს და ტელევიზიით აჩვენებდა, თუ როგორ გამოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილის ახალ ხელისუფლებას მეზღვაურები. ვუთხარი, მოვიფიქრებ-მეთქი. ფოთში დაბრუნებულმა კი ყველაფერი უშიშროებას შევატყობინე და შევთავაზე, ამ კატარღებში ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული სპეცრაზმელები ჩაგვემალა და აჭარის ხელისუფლება ტყვედ აგვეყვანა, - იგონებს ვიქტორ ჭელიძე.

ამ სტატიის ავტორი საბრძოლო სწავლებების დროს არაერთხელ შეხვედრია ვიქტორ ჭელიძეს და მის სამხედრო პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. რაც შეეხება მის აუდიოჩანაწერებს, იქ ძალიან ბევრი კონკრეტული ბრალდება აქვს წაყენებული ძალზე ცნობილ პირებს (მათ შორის დღევანდელ დიდმოხელეებს) და ამიტომაც წაყრუება და პასუხის გაუცემლობა მათი აღიარების ტოლფასი იქნება...

P.S. ინტერნეტიდან (youtube.com-ზე) ერთმანეთის მიყოლებით სწრაფი ტემპით ქრება ძებნილი პირველი რანგის კაპიტნის. ვიქტორ ჭელიძის აუდიოჩანაწერები, სავარაუდოდ, სახელმწიფო მანქანა გააქტიურდა, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოისმინოს ეს ჩანაწერები.