25 წლის წინ დაცემული სოხუმი... - კვირის პალიტრა

25 წლის წინ დაცემული სოხუმი...

ძნელია დაჯერება, რომ სოხუმის დაცემიდან მეოთხედი საუკუნე გავიდა. თითქოს გუშინ იყო სოხუმის დაბომბვა, უკან დახევა, კოდორის ხეობაზე ფეხით გადმოსვლა...

აფხაზეთის ომი წავაგეთ, წავაგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა და ათასნაირი საძმოთი შეკოწიწებულმა ქართულმა ჯარმა 13 თვეზე მეტხანს გაუძლო ძლიერი მოწინააღმდეგის შემოტევას - აფხაზი სეპარატისტების უკან ხომ ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები და რუსი სამხედროები იდგნენ. მიუხედავად ამისა, მოვიგერიეთ სოხუმზე შეტევები იანვარში, მარტში, ივლისში, ტამიშის დესანტს გზის გადაკეტვისა და სოხუმის ალყაში მოქცევის საშუალება არ მივეცით.

პატარ-პატარა გამარჯვებები აფხაზეთის ომში გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ომი წავაგეთ, რაც ისედაც მოსალოდნელი გახლდათ, რადგან ამ ომში 1992 წლის 14 აგვისტოს ისევე შეგვიტყუეს, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს.

მაგრამ ქვეყანას ღირსეული და პროფესიონალი ხელისუფლება იმიტომ უნდა ჰყავდეს, რომ თავი არავის შეატყუებინოს ისეთ ომებში, სადაც გამარჯვების შანსი თითქმის არ არის.

აფხაზეთის ომში ჩამოუყალიბებელი ქვეყნის ჯერ არარსებულმა არმიამ ერთ წელზე მეტი გაუძლო პოზიციურ ბრძოლებს, როდესაც თითქოს უკვე შემდგარი სახელმწიფოს რეგულარულმა არმიამ, რომლის დიდ ნაწილს ერაყიც ჰქონდა გავლილი, აგვისტოს ომის სამ-ოთხ დღეში რეალურად ბრძოლა შეწყვიტა.

რატომ მოხდა ასე? მთავარი მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთის ომში რუსეთი სეპარატისტი აფხაზების უკან იდგა და ყველანაირად ცდილობდა, ოფიციალურად არ დაეფიქსირებინა თავი ომში მონაწილე მხარედ, აგვისტოს ომში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოზე ორი მხრიდან მიიტანეს იერიში.

რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტია ყველა იმ კონფლიქტში, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე გრძელდება, იქნება ეს მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, უკრაინის დონბასი, ყირიმი და, რა თქმა უნდა, საქართველოს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

რუსეთი ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელსაც იძულებული არიან, ანგარიში გაუწიონ აშშ-მა და ნატომ, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესისა.

თუმცა იმედი ბოლოს კვდება - აფხაზეთის ომში ვერც ვინატრებდით დღევანდელი ქართული არმიის საბრძოლო აღჭურვილობასა თუ აღკაზმულობას, ასეთ ყაზარმებსა და საკვებს, მაგრამ აფხაზეთის ომში ერთი რამ, თუ არ ვცდები, მეტი იყო - საბრძოლო სულისკვეთება - სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირველი გაწვევის ჯარისკაცები აფხაზეთის ომში სანგრებსა და თანამებრძოლებს არ ტოვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარში სამსახურის ვადა გაუვიდათ.