"მეგობრული ცეცხლით" ჩამოყრილი პუტინის "არწივები" - კვირის პალიტრა

"მეგობრული ცეცხლით" ჩამოყრილი პუტინის "არწივები"

2008 წელს ცხინვალის თავზე ოსმა სეპარატისტებმა რუსული მოიერიშე ჩამოაგდეს და კატაპულტირებული პილოტი პარაშუტით დაშვებისას ჰაერშივე დახვრიტეს, 2018 წელს კი სირიელმა მეზენიტეებმა რუსული მზვერავი თვითმფრინავი 15 რუს ოფიცერთან ერთად ჰაერში ააფეთქეს...

რუს გენერლებს ზოგჯერ არ უმართლებთ "მოკავშირეებთან", ანუ მათთან, ვისაც იარაღს მალულად ან დაუფარავად აწვდიან, რადგან ეს იარაღი მალევე რუს სამხედროებს "უბრუნდებათ" უკან, თანაც სასიკვდილო შედეგით.

Aასე იყო 25 წლის წინ, აფხაზეთის ომის დროს, როდესაც რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ შამილ ბასაევის რაზმისთვის ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად გადაცემული შეიარაღებით ჩეჩნები იმავე რუს სამხედროებს ხოცავდნენ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ გროზნოს ქუჩებში.

ასე განმეორდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, როდესაც ოსმა სეპარატისტებმა რუსი სამხედროების მიერ ქართული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოსაგდებად მალულად გადაცემული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ცხინვალის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდეს, ხოლო კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული რუსი სამხედრო პილოტი ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების ჯერებით ჰაერშივე დაცხრილეს - ქართველი ეგონათ...

ასევე განმეორდა გასულ კვირას - 17 სექტემბრის საღამოს სირიელმა მეზენიტეებმა რუსეთის მიერ გადაცემული და მოდერნიზებული მძლავრი C-200 ტიპის საზენიტო რაკეტით ჰმეიმიმის აეროდრომზე დაშვებისას რუსული რადიოელექტრონული დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი Ил-20М ისრაელის F-16-ების ნაცვლად ჩამოაგდეს.

რუსეთისთვის ტრაგიკული ეს შემთხვევები ერთგვარ კანონზომიერებად იქცა, რაც, რა თქმა უნდა, "მსოფლიო ჟანდარმის", კრემლის პოლიტიკის გამოძახილია.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კი ცხინვალსა და ლატაკიასთან რუსი პილოტები თითქმის ერთი და იმავე გარემოებამ იმსხვერპლა - მეზენიტეების შეცდომამ, რაც შიშით იყო გამოწვეული.

2008 წლის 8 აგვისტოს დილას კოპიტნარის აეროდრომიდან აფრენილი ხუთი ქართული მოიერიშე თვითმფრინავი ცხინვალისა და ჯავის რაიონებში შეტევაზე გადავიდა და უდანაკარგოდ დაბრუნდა ბაზირების აეროდრომზე. შემდგომ ისინი გადამალეს, რომ მოწინააღმდეგის საპასუხო დაბომბვაში არ მოყოლილიყვნენ და ომის ბოლომდე აღარ უფრენიათ.

მიუხედავად ამისა, რუსები და ოსები 12 აგვისტოს ჩათვლით დღეში რამდენჯერმე ავრცელებდნენ ინფორმაციას ქართული მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ - როგორც გაირკვა, შიშს დიდი თვალები ჰქონია! იმის გამო, რომ ქართული და რუსული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები იდენტური იყო (რადგან ყველა მათგანი თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაშია აწყობილი), ოს სეპარატისტებსა და რუს სამხედროებს, რომლებიც 8 აგვისტოს დილას ერთხელ უკვე მოყვნენ ქართული "მიმინოების" დაბომბვაში, ყოველთვის ისინი ელანდებოდათ. ამიტომაც დაუფიქრებლად უხსნიდნენ ცეცხლს ჰაერში გამოჩენილ ნებისმიერ თვითმფრინავს - მათ "ანგარიშზე", "მეგობრული ცეცხლით" ჩამოგდებული ორი-სამი რუსული თვითმფრინავი შეიძლება იყოს.

გასულ კვირას ლატაკიასთან თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა - ისრაელი სირიის სამხედრო ობიექტებს თითქმის ყოველკვირეულად ბომბავს და სირიელი მეზენიტეები გამწარებით ნადირობენ ებრაელ პილოტებზე.

17 სექტემბრის საღამოს ისრაელმა კარგად გათვლილ სამხედრო ეშმაკობას მიმართა - ოთხმა ებრაულმა FFფ-16-მა ლატაკიაზე საჰაერო იერიში ხმელთაშუა ზღვის მხრიდან, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიიტანა და თანაც იმ დროს, როდესაც ჰმეიმიმის აეროდრომზე რამდენიმესაათიანი სადაზვერვო ფრენის შემდეგ რუსული BИл-20М ეშვებოდა.

36 მ სიგრძის ოთხძრავიანი Ил-20М-ის რადიოლოკაციურმა ანარეკლმა სირიელი მეზენიტეების მონიტორზე, რა თქმა უნდა, გადაფარა ებრაული F-16 გამანადგურებლების ანალოგიური ნიშანი, გაშვებული საზენიტო რაკეტა C-200 რუსულ მზვერავს მოხვდა და მის ბორტზე მყოფი 15 რუსი სამხედრო იმსხვერპლა.

დროში ასე ზუსტად იმის დამთხვევა, რომ საჰაერო იერიში ისრაელის გამანადგურებლებს სწორედ რუსული მზვერავის აეროდრომზე დაშვებისას მიეტანათ, ებრაელმა გენერლებმა, სავარაუდოდ, იმ იმედით დაგეგმეს, რომ დარწმუნებული იყვნენ, სირიელი მეზენიტეები არაფრის დიდებით არ გახსნიდნენ ცეცხლს, სანამ ჰაერში რუსული თვითმფრინავი იქნებოდა, მაგრამ ნაწილობრივ შეცდნენ, სირიელების "მეგობრულმა ცეცხლმა" არც ბაშარ ასადის რეჟიმის გადამრჩენი რუსი სამხედროები დაინდო.

საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ეს "ზურგში დანის ჩაცემა", ფაქტობრივად "ჩაყლაპა" და ყველაფერი "ტრაგიკულ დამთხვევებს" დააბრალა - როგორც ჩანს, არც მოსკოვს და არც თელ-ავივს არ სურთ ერთმანეთთან დაპირისპირება, სირიაში ხომ ჯერ ვითარება არ არის გარკვეული...

რუსი მზვერავისა და მისი ჩამომგდების კავშირი საქართველოსთან

რადიოელექტრონული დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი Ил-20 სამგზავრო Ил-18-ის ბაზაზე შეიქმნა. საბჭოთა პერიოდში ერთი Ил-20 თითქმის ყოველთვის იდგა თბილისის აეროპორტის მარჯვენა კუთხეში, ალექსეევკის ბაზაზე, და მხოლოდ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის სპეციალურ სადაზვერვო დავალებებს ასრულებდა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის თავზე. აგვისტოს ომის დროს ეს თვითმფრინავი ზვერავდა ქართული საჰაერო თავდაცვის ლოკატორების ადგილმდებარეობას. მოდერნიზებული Ил-20М-ებით რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს დაზვერვას შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ.

11 მ სიგრძისა და 7 ტ მასის C-200 ტიპის საზენიტო რაკეტების დივიზიონი საბჭოთა კავშირის დროს რუსთავთან, იაღლუჯის მთაზე იყო განთავსებული, საიდანაც 200 კმ რადიუსში შეეძლო საჰაერო სამიზნის ჩამოგდება.