რუსეთის გმირმა რუსეთის გამყიდველი მოწამლა?! - კვირის პალიტრა

რუსეთის გმირმა რუსეთის გამყიდველი მოწამლა?!

საერთაშორისო სკანდალი, რომელმაც რუსული ГРУ-ს სისუსტეები გამოავლინა

საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა Bellingcat-მა ასე ნაქები რუსეთის სამხედრო დაზვერვა ГРУ საქვეყნოდ სასაცილო გახადა. ბრიტანეთში ექსპოლკოვნიკ სკრიპალის და მისი ქალიშვილის "ნოვიჩოკით" მომწამვლელთაგან ერთ-ერთის ვინაობა გაირკვა.

რუსლან ბოშიროვის მიღმა იმალება ГРУ-ს პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა, რომელიც 2014 წელს, არც მეტი და არც ნაკლები, თვით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა უმაღლესი ორდენით - "რუსეთის გმირი"!

რუსეთის გმირისთვის რუსეთის მოღალატის ლიკვიდაციის დავალება მართლაც გაუგონარი ამბავია, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ГРУ-ს ექსპოლკოვნიკ სკრიპალის სასწრაფო ლიკვიდაცია კრემლში გადაწყვიტეს!

როგორც ირკვევა, სკრიპალი სულაც არ ყოფილა მამა აბრამის ბატკანი. რუსეთის ციხიდან გაშვებისა (ის აშშ-ში დაჭერილ რუს აგენტებზე გაცვალეს) და დიდ ბრიტანეთში გადასახლების შემდეგ ის ნატოს წევრი არანაკლებ ოთხი ქვეყნის კონტრდაზვერვას ეხმარებოდა რუსი აგენტების გამოვლენაში, რაც, რა თქმა უნდა, ГРУ-ს შტაბბინაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ და მომწიფდა შესაბამისი გადაწყვეტილებაც, რომელიც ისე არაპროფესიონალურად განახორციელეს, რომ გამომძიებლებს ГРУ-ს კვალის პოვნა მაინცდამაინც არ გასჭირვებიათ.

უკვე საქვეყნოდ ცნობილი ცრუ პეტროვი და ბოშიროვი, რომლებიც სატელევიზიო ინტერვიუებშიც კი იფიცებიან, რომ სოლსბერში ტურისტებად ჩავიდნენ, გამოაშკარავებული არიან, როგორც ГРУ-ს კადრის ოფიცრები.

ამის დასადგენად Bellingcat-ს ცრუ ბოშიროვის ფოტოების შედარებამ მოუწია და აღმოაჩინა, რომ მისი ნამდვილი გვარი და სახელი ანატოლი ჩეპიგაა. ის ГРУ-ს პოლკოვნიკია, რომელიც ჩეჩნეთში იბრძოდა; შეიძლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყოს, მაგრამ 2014 წლის ბოლოს რუსეთის გმირის წოდება, ალბათ, უკრაინის წინააღმდეგ ფარულ აგრესიულ მოქმედებებში თავის გამოჩენის გამო მიიღო.

Bellingcat-მა ისიც დაადგინა, რომ ცრუ პეტროვისა და ბოშირევის საზღვარგარეთის პასპორტები ერთსა და იმავე დროს, ერთიმეორის მიყოლებით არის გაცემული, რაც მზვერავების ლეგენდისთვის ჰარაკირის ტოლფასია და სპეცოპერაციის დამგეგმავთა უხეშ შეცდომას ააშკარავებს... ისევე, როგორც მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში (რომელიც, სხვათა შორის, ასევე Bellingcat-მა გახსნა), სკრიპალების მოწამვლაშიც რუსული ГРУ-ს კვალი ნათელია, მაგრამ ჩანს, კრემლი მომავალშიც ყველაფერს უარყოფს - ამისთვის მას ომს ვერავინ გამოუცხადებს, საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს კი კრემლში უკვე მიეჩვივნენ...

P.S. ვინ იცის, რამდენი ასეთი სპეცოპერაცია ჩაუტარებიათ რუსულ ГРУ-ს, ФСБ-სა (უშიშროების ფედერალური სამსახური) თუ СВР-ს (საგარეო დაზვერვის სამსახური) დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ჩვენივე ტერიტორიაზე, რამდენი ცნობილი თუ არცთუ ცნობილი პიროვნების ლიკვიდაცია მომხდარა ისე, რომ დღესაც უბედური შემთხვევა გვგონია?

Bellingcat-მა დაამტკიცა, რომ შეუცდომელი სპეცსამსახურები არ არსებობენ და რუსული ГРУ-ს ყოვლისშემძლეობაც მითია, რადგან ამ ხმას ისინი თვითონ ავრცელებენ.

სურვილისა და მონდომების შემთხვევაში შეიძლება ჩვენთან მომხდარი იმ რამდენიმე რეზონანსული ფაქტის ობიექტურად გამოძიებაც, რომლებმაც ნაწილობრივ შეცვალა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გეზი, სამწუხაროდ, არა - საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.