საბრძოლო ვაზნების უკანონოდ რეალიზაციისას თავდაცვის სამინისტროს 3 თანამშრომელი დააკავეს - კვირის პალიტრა

საბრძოლო ვაზნების უკანონოდ რეალიზაციისას თავდაცვის სამინისტროს 3 თანამშრომელი დააკავეს

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სამი პირი დააკავა, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი, გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტატო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ-სთან, რომლებიც მოქალაქე ს.ბ.-ს დახმარებით, შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საბრძოლო მასალის კონკრეტულად, საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას ახდენდნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში ემუქრებათ 9-დან - 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

მისივე თქმით, დაკავებები აგვისტოში განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო