ფრანგებმა "მისტრალები", რუსების ნაცვლად, მართლაც ქართველებს მოგვყიდეს...
13-10-2018
ფრანგებმა "მისტრალები", რუსების ნაცვლად, მართლაც ქართველებს მოგვყიდეს...
"საფრანგეთმა "მისტრალები" რუსეთს კი არა, საქართველოს მიჰყიდა. მკითხველი რომ არ დაიბნეს, განვმარტავთ: ლაპარაკია არა 199 მ სიგრძის საზღვაო "მისტრალებზე", არამედ 199 სმ სიგრძის საზენიტო "მისტრალებზე", რომელთა შესყიდვას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, ხელი პარიზში მოაწერა.

კონკრეტულად რომელი ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ყიდულობს ქართული მხარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს, თუმცა ფრანგულ მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე თავს უფლებას ვაძლევთ, ვივარაუდოთ, რომ საქმე სწორედ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, "მისტრალების", შეძენას
ეხება.

თუკი ჩვენი ვარაუდი გამართლდა და მომავალი წლის დასაწყისიდან ქართული ცის დაცვის გაძლიერება მართლაც ფრანგულმა "მისტრალებმა" დაიწყეს, მათთვის საბრძოლო გათვლების მომზადება ძნელი არ იქნება, რადგან კრწანისის სასწავლო ცენტრში ისედაც ამზადებენ "სტრელას", "იგლასა" და "გრომის" ოპერატორებს, "მისტრალი" კი მათგან სირთულით მაინცდამაინც არ გამოირჩევა.

"მისტრალის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო
კომპლექსების მაღალი გამავლობის ავტომობილზე დამონტაჟება მნიშვნელოვნად გაზრდის მის მობილურობას".

ამონარიდი 2015 წლის 17 აგვისტოს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიიდან "ფრანგებმა "მისტრალები" რუსებს კი არა, ქართველებს მიჰყიდეს?!"

როგორც ხედავთ, ჩვენი სამი წლის წინანდელი ვარაუდი გამართლდა, თანაც ნაყიდი "მისტრალები" სწორედ მაღალი გამავლობის მანქანების ძარებზეა დამონტაჟებული.

ახალი შენაძენის საზეიმო დემონსტრირება თავდაცვის სამინისტრომ 1-ლ ოქტომბერს გამართა და ალექსეევკის ბაზაზე, მანამდე ნაყიდ ფრანგულ მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებთან ერთად Mistral ATLAS-ის ტიპის მობილური საზენიტო დანადგარებიც წარმოადგინა.
რა შეუძლია ფრანგულ "მისტრალს" და რით სჯობნის ანალოგიური კლასის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებითაც დღემდე იყო შეიარაღებული ქართული არმია?

ჩვენ საზენიტო "მისტრალის" ახლოს გაცნობის საშუალება ჯერ კიდევ 2001 წელს მოგვეცა, როდესაც საფრანგეთში, ლე ბურჟეს 44-ე ავიაკოსმოსურ გამოფენაზე თბილისის საავიაციო ქარხანაში მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი "სკორპიონი" ჩავიტანეთ.

ფრანგული "მისტრალი" იმავე კლასის საზენიტო იარაღია, როგორიც საბჭოთა/რუსული "იგლა" თუ ამერიკული "სტინგერი" და განკუთვნილია 6 კმ-ის რადიუსსა და 3 კმ სიმაღლემდე მფრენი მოწინააღმდეგის თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების დასაზიანებლად. სწორედ ამიტომ ის ახლო მოქმედების საზენიტო საშუალებათა ჩამონათვალში ხვდება და მხოლოდ კონკრეტული საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია.

საჰაერო სივრცის საიმედოდ ჩასაკეტად კი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაა საჭირო, როდესაც რადიოლოკატორების მიერ დროულად აღმოჩენილ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს ასიოდე კმ-იდან ჯერ შორი მოქმედების საზენიტო სისტემები (მაგალითად, ფრანგული "ასტერი" ან ამერიკული "პეტრიოტი") შეებრძოლებიან, შემდეგ კი ესტაფეტას საშუალო მანძილის (20-50 კმ) საზენიტო კომპლექსები ("ბუკი", "მიკა") ჩაიბარებენ და თავდაცვის ბოლო ზღუდედ "მისტრალები" და "სტინგერები" დადგებიან.

საბედნიეროდ, წავიდა ის დრო, როდესაც პანკისის მორიგი რუსული დაბომბვითა და ჟურნალისტების დაჟინებული კითხვებით გაბეზრებულმა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბრაზით წამოიძახა: "რით ჩამოვაგდო, რაგატკებით?!"

დღეს ქართული არმიის შეიარაღებაშია ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "იგლა", აგვისტოს ომის წინ პოლონეთში ნაყიდი "გრომ-2" და ა.წ.-ის დასაწყისში ამერიკული მხარის გადმოცემული "სტინგერები" (შეიძლება სადმე, საწყობებში, კიდევ ინახებოდეს საბჭოთა დროიდან შემორჩენილი "სტრელა-2მ"-ები, მაგრამ მათი საბრძოლო მზადყოფნა ძალზე საეჭვოა).

ამ არსენალს ახლა ფრანგული "მისტრალებიც" დაემატა, რითაც, ასე ვთქვათ, "აჯაფსანდალი" შეიქმნა, რადგან მათ სხვადასხვანაირი ტექნიკური მომსახურება სჭირდება, თუმცა მათი საბრძოლო გამოყენების პრინციპი უცვლელია - "გაისროლე-დაივიწყე".

ჩვენ ვიყიდეთ "მისტრალ-2"-ის მოდიფიკაცია "ატლასი". ეს არის მანქანის ძარაზე დამონტაჟებული შეწყვილებული გასაშვები დანადგარი, რომელთა შორის მეზენიტე-მსროლელი ზის.

"მისტრალ-ატლასის" უპირატესობა მისი მაღალი მობილურობა და თითქმის ერთდროულად ორი საზენიტო რაკეტის გაშვების შესაძლებლობაა, რაც ორმაგად ზრდის საჰაერო სამიზნის დაზიანების შესაძლებლობას.

"მისტრალის" საზენიტო რაკეტა, მართალია, რუსულ "იგლაზე" მძიმეა, მაგრამ სამაგიეროდ, მისი საბრძოლო ქობინი 3კგ-ს იწონის, "იგლასი" კი მხოლოდ 1,3 კგ-ს; ამასთან, "მისტრალის" საბრძოლო ქობინის აფეთქებისას გაიტყორცნება 1 500 გამზადებული ვოლფრამის ბურთულა, რაც საფრენი აპარატის ფიუზელაჟს ცხაურად აქცევს, მაგალითად, თუკი "იგლასა" და "გრომის" ("იგლას" პოლონური კლონი, რომელიც აგვისტოს ომამდე ვიყიდეთ) რაკეტების თვითმფრინავების ძრავებში მოხვედრის მიუხედავად სამმა რუსულმა Су-25 მოიერიშემ მაინც მოახერხა აეროდრომებზე დაბრუნება (მოგვიანებით ისინი მაინც ჩამოწერეს), "მისტრალის" აფეთქება მათ ამ შანსს არ დაუტოვებდა...
gaga
24 ოქტომბერი 2018 21:58
კორუფციონერებმა სათამაშოები იყიდეს
333
17 ოქტომბერი 2018 09:37
უკვე აღარ მეშინია,ბუზის ჭაჭანებაც არ იქნება DDDD
777
14 ოქტომბერი 2018 16:53
სამწუხაროა, მარა ამ სისტემითაც ჩვენი საჰაერო სივრცეს ისევ დაიცველია. ებრაული "Iron Dome" ბევრად უკეთესია და ეფექტურობა საომარ ვითარებაში გამოცდილი. მარა ეტყობა ყიდვა არ შეგვიძლია. პატრიოტებზე და მაგ კლასის სისტემებზე საუბარი არცაა, მილიარდები ღირს.... ისე, დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს იქნებ როგორმე ვასწავლოთ თვითმფრინავებზე დამიზნება. მარა ღრუბლებსაც ვერ უმიზნებენ წესიერად და თვითმფრინავს ... ეჰ......

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?